Facebook Twitter

ბს-829-802(2კ-10) 22 სექტემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2009 წლის 7 ოქტომბერს ი. ჯ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ თანხის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 3 მაისის ¹352 დადგენილების მე-14 პუნქტის შესაბამისად, მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებელი თანხის გაანგარიშებასა და აღნიშნული თანხის ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის დაკისრებას.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ი. ჯ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას ი. ჯ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 5560 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

აპელანტი – ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა სააპელაციო საჩივრით ითხოვდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

მეორე აპელანტი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სააპელაციო საჩივრით ითხოვდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განჩინებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

კასატორები საკასაციო საჩივრებით ითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ხოლო 20 ივლისის განჩინებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას უარი ეთქვათ საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.