Facebook Twitter

ბს-832-806(კ-10) 20 სექტემბერი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. მ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. მ-ძემ 2008 წლის 24 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება და სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების – 756,18 ლარის გადახდა; მოსარჩელის მოთხოვნა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის ოდენობით თანხისა და საადვოკატო მომსახურების სახით გაწეული თანხის ანაზღაურებაზე არ დაკმაყოფილდა;

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე გ. მ-ძის წარმომადგენელმა რ. პ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით, იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. მ-ძის სარჩელი 1998 წელს წარმოშობილი სახელფასო დავალიანებისა და კვარტალური ჯილდოს, ასევე ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. მ-ძის სარჩელი მოპასუხისადმი მის სასარგებლოდ 1998 წელს წარმოშობილი სახელფასო დავალიანების – 133,14 ლარისა და კვარტალური ჯილდოს – 66,09 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა; გ. მ-ძის სარჩელი მოპასუხისადმი მის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების გაცემის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-ძის წარმომადგენელმა რ. პ-ძემ.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით გ. მ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი 1998 წლის სახელფასო დავალიანების და კვარტალური ჯილდოს დაკისრების, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გ. მ-ძის სასარგებლოდ 1998 წლის სახელფასო დავალიანების – 133,14 ლარის და კვარტალური ჯილდოს – 66,09 ლარის დაკისრების, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გ. მ-ძისათვის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება ერთჯერადი დახმარების გაცემის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ერთჯერადი დახმარების გაცემის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემის ანაზღაურებაზე.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-ძის წარმომადგენელმა რ. პ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. მ-ძის წარმომადგენლის რ. პ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. მ-ძის წარმომადგენლის რ. პ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. მ-ძის წარმომადგენლის რ. პ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.