Facebook Twitter

ბს-838-832(კ-11) 20 მაისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, აღნიშნული კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.10 წ. გადაწყვეტილებასა და 07.12.10 წ. განჩინებაზე ა. გ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.10წ. საოქმო განჩინებით ა. გ-ის წარმომადგენლის განცხადება-შუამდგომლობა მიჩნეულ იქნა დავის საგნის გაზრდად, რაც სასკ-ის 1.2 მუხლისა და სსკ-ის 381-ე მუხლის შესაბამისად, მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ იგი შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად. ამავე პალატის 07.12.10 წ. გადაწყვეტილებით აპელანტ ა. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ახმეტის რაიონული სასამართლოს 22.08.08 წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქნეთა სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მიყენებული მატერიალური ზიანის - 1777,50 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი ა. გ-ს ფოსტის მეშვეობით 25.03.11 წ. ჩაჰბარდა. საკასაციო საჩივარი მხარემ ფოსტის განყოფილებას 27.04.11 წ. ჩააბარა. სსკ-ის 397.1 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულია, რომ გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ის გარემოება, რომ ა. გ-ს, 07.12.10 წ. სხდომის ოქმი (საოქმო განჩინება), თავისი მოთხოვნის საფუძველზე, ფოსტის მეშვეობით 19.04.11 წ. ჩაჰბარდა, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლაზე ვერ იმოქმედებს, ვინაიდან საოქმო განჩინება დამოუკიდებლად არ საჩივრდება, იგი უნდა გასაჩივრებულიყო საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსკ 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.

განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.10 წ. გადაწყვეტილება და 07.12.10 წ. განჩინება ა. გ-ის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა გასაჩივრების 1 თვიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე,399-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. გ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.