Facebook Twitter

ბს-846-820(კ-10) 7 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მოსარჩელე ი/მ “ო. მ. ო-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბერის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 17 ივნისს ი/მ “ო. მ. ო-იმ” სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – თელავის საგადასახადო ინსპექციის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ.

მოსარჩელემ თელავის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 3 დეკემბრის დოკუმენტური რევიზიის აქტის; თელავის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 10 დეკემბრის ¹33 საგადასახადო მოთხოვნის; თელავის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 10 დეკემბრის ¹02/4087 ბრძანების; საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ თელავის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 24 დეკემბრის ¹049-349 შეტყობინების; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 12 მარტის ¹563 ბრძანების; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების; მოვალის ქონების დაყადაღების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინპექციის) 2009 წლის 24 ივნისის ¹04/1340 ბრძანებისა და 2009 წლის 26 ივნისის აქტის ბათილად ცნობა და ასევე ი/მ “ო. მ. ო-ისათვის” უკანონოდ დარიცხული თანხის – 1 158 126 ლარის ჩამოწერა მოითხოვა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი/მ “ო. მ. ო-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი - თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 10 დეკემბრის ¹33 საგადასახადო მოთხოვნა; თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 10 დეკემბრის ¹02/4087 ბრძანება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 12 მარტის ¹563 ბრძანება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება ი/მ “ო. მ. ო-ის” 2009 წლის 2 აპრილის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და თელავის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინპექციას) საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ი/მ “ო. მ. ო-ის” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე - 2008 წლის 3 დეკემბრის დოკუმენტური რევიზიის აქტის; საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 24 დეკემბრის ¹049-349 შეტყობინების; ქონების დაყადაღების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინპექციის) 2009 წლის 24 ივნისის ¹04/1340 ბრძანების და მოვალის ქონების დაყადაღების შესახებ 2009 წლის 26 ივნისის აქტის ბათილად ცნობის ნაწილში.

თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. აპელანტებმა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გასაჩივრებულ ნაწილში თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი/მ “ო. მ. ო-ის” სარჩელი თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 10 დეკემბრის ¹33 საგადასახადო მოთხოვნის, თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 10 დეკემბრის ¹02/4087 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 12 მარტის ¹563 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ “ო. მ. ო-იმ”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობა და თელავის რეგიონალური ცენტრისათვის (საგადასახადო ინსპექცია) საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი/მ “ო. მ. ო-ის” საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ “ო. მ. ო-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან ი/მ “ო. მ. ო-ის” სახელმწიფო ბაჟის _ 6000 ლარის გადახდა დაეკისრა, კასატორის წარმომადგენლის თ. მ-ელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი _ 4000 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ივლისის განჩინებით კასატორს სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი თანხის _ 2000 ლარის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თ. მ-ელს უნდა დაუბრუნდეს ი/მ “ო. მ. ო-ის” საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 2200 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი/მ “ო. მ. ო-ის” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. თ. მ-ელს დაუბრუნდეს მის მიერ ი/მ “ო. მ. ო-ის” საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 2200 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.