Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-85-84(2კ-11) 29 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. შ-იას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-85-84(2კ-10) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. შ-იას საკასაციო საჩივრებით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 იანვრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, ხოლო ამავე სასამართლოს 2011 წლის 10 თებერვლის განჩინებით გ. შ-იას საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე და 296.1 ,,ე” და ..დ” ქვეპუნქტების მოთხოვნებს, ვინაიდან გ. შ-ია საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2010 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების ჯარიმის დაკისრების ნაწილში გაუქმებას და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით თავდაცვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას სრულად, საქმის მასალებით თანახმად, კი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ. შ-იას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით – 23976,84 ლარის გადახდა, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა ზიანის – 2740,22 ლარისა და პირგასამტეხლოს – 7 193,06 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 78-86; ტ.I). მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 91-101; ტ.I). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. შ-იას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით – 7193,31 ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობაზე მხოლოდ ზიანისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების ნაწილში და შესაბამისად, ჯარიმის - 23976,84 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საკასაციო წესით გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ გ. შ-იასათვის პირგასამტეხლოს - 7 193,06 ლარის დაკისრების ნაწილში.

შესაბამისად, აღნიშნული ხარვეზის შესავსებად და დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად, კასატორს განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღე (იხ. ტ.2; ს.ფ. 84-87).

ხარვეზის შევსების მიზნით, კასატორს _ გ. შ-იას საკასაციო სასამართლოსთვის არ მოუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ გ. შ-იას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორს _ გ. შ-იას საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 10 თებერვლის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 10 თებერვლის განჩინების ასლი კასატორ – გ. შ-იას გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, 2011 წლის 18 თებერვალს (იხ. ტ.2; ს.ფ. 88).

სსსკ-ის 74.1 მუხლის შესაბამისად, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში, სასამართლო დოკუმენტი ბარდება ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, რომელიც ვალდებულია დოკუმენტი დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. ამასთან, დოკუმენტის ჩაბარება მითითებული პირისათვის ითვლება ადრესატისათვის ჩაბარებად.

საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 10 თებერვლის განჩინების ასლი გ. შ-იას მეუღლეს, ს-იას, ჩაჰბარდა - 2011 წლის 24 თებერვალს (იხ. ტ.2; ს.ფ. 91), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადა ამოიწურა – 2011 წლის 7 მარტს, თანახმად, სსსკ-ის 61.2 მუხლისა, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის, კასატორს ხარვეზის შევსების მიზნით, საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. შ-იას საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე და 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. შ-იას საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.