Facebook Twitter

ბს-859-833 (კ-10) 27 ოქტომბერი, 2010 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი – მ. კ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე –ქ. თბილისის მერია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 და 2007 წლის 24 სექტემბრის ¹30.01.654 დადგენილებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 14 ნოემბერს მ. კ-ძემ, მ. მ-ძემ და ე. ჩ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მთავრობის მიმართ სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.

მოსარჩელეები სასარჩელო განცახდებით ითხოვდნენ ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 დადგენილების ნაწილობრივ, კერძოდ, ... დაწესებულებების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადების ნაწილში, ბათილად ცნობას მისი სამართლებრივი შედეგებით, ძალაში შესვლის დღიდან.

2007 წლის 28 დეკემბერს მ. კ-ძემ, მ. მ-ძემ, ე. ჩ-შვილმა კვლავ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის მთავრობის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654 დადგენილების ¹...-ე, ¹...-ე და ¹...-ე ... დირექტორების გათავისუფლების ნაწილში ბათილად ცნობა, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 იანვრის განჩინებით ზემოაღნიშნული სასარჩელო განცხადებები გაერთიანდა ერთ წარმოებად, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 იანვრის განჩინებით ზემოაღნიშნული სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 ივლისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეებმა გაზარდეს სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვეს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2008 წლის 31 ივლისიდან მთელი პერიოდის განმავლობაში. 2008 წლის 31 ივლისს გამართულ სასამართლოს სხდომაზე კი, მოსარჩელეება მოითხოვეს სარჩელის თავდაპირველი მოთხოვნის ფარგლებში დაკმაყოფილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით მ. კ-ძის, მ. მ-ძისა და ე. ჩ-შვილის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 დადგენილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ქ. თბილისის ¹..., ¹... და ¹... ... დირექტორების კონკურსის გამოცხადების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654 დადგენილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ქ.თბილისის ¹..., ¹... და ¹... ... დირექტორებთან - მ. კ-ძესთან, მ. მ-ძესთან და ე. ჩ-შვილთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ნაწილში; აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა და მ. კ-ძეს, მ. მ-ძეს, ე. ჩ-შვილს გაუგრძელდათ შრომითი ურთიერთობა არასამეწარმეო იურიდიული პირების ქ. თბილისის ¹..., ¹... და ¹... ..., ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 4 აგვისტოსს ¹16.139.572, ¹16.134.568 და ¹16.148.581 დადგენილებების საფუძველზე.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. კ-ძის, მ. მ-ძისა და ე. ჩ-შვილის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ძემ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების მ. კ-ძის სარჩელის არ დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება მ. კ-ძის სარჩელის არ დაკმაყოფილების ნაწილში და საქმე განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ მ. კ-ძის სარჩელი განეკუთვნება ადმინისტრაციულ და არა სამოქალაქო სამართალწარმოებით განსახილველ საქმეს და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე მითითებით, განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მთავრობა გასაჩივრებული დადგენილებების მიღებისას მოქმედებდა ,,ადგილობრივი თვითმმართვერლობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველო დედაქალაქის-თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 231 მუხლის ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტებით, თბილისის მერიის დებულების მე-14 მუხლის ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტებით, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის ,,კ1” ქვეპუნქტით და საქართველოს მთავრობის ¹126 დადგენილებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული დადგენილებების--სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დირექტორთა შესარჩევი კონკურსის დანიშვნისა და მათი განთავისუფლების თაობაზე კანონიერების შემოწმებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს მათი ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 “დ” მუხლით რეგლამენტირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათზე ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში ქ. თბილისის მთავრობის მიერ 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 დადგენილება ... დაწესებულებებში დირექტორების თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების თაობაზე, მათ შორის მოსარჩელის მიერ უკვე დაკავებულ თანამდებობებზე და ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654 დადგენილება კონკურსის შედეგად თბილისის მთავრობის 2007 წლის 4 აგვისტოს ¹16.148.581 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებით არასამეწარმეო იურიდიული პირების ქ. თბილისის ¹... ... დირექტორების თანამდებობაზე მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მის ნაცვლად გამარჯვებული პირის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებები, იმ ფორმით, რაც წარმოდგენილია საქმის მასალებში, მიღებულ იქნა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთი დარღვევას, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, შესაბამისად ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

მითითებული განჩინება სააკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ძემ.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6, მე-7 და 53-ე მუხლები და საქართველოს შრომის კოდექსის 36-ე მუხლი. კასატორი მიუთითებს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი ჰქონდა ზემოაღნიშნული ნორმების დარღვევას, ვინაიდან მ. კ-ძესთან შრომითი ხელშეკრულების მოშლა განხორციელდა მისი შვებულებაში ყოფნის პერიოდში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონს და წარმოადგენს მისი ბათილად ცნობის საფუძველს. Kკასატორი მიუთითებს, რომ თბილისის მერიამ ყოველგვარი არგუმენტის, დასაბუთების გარეშე და კანონის გვერდის ავლით განახორციელა დისკრეციული უფლებამოსილება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების გაცნობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია განსჯადობის წესების დარღვევით, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას არ გამოუკვლევია და არ შეუმოწმებია, განსახილველი დავა მიეკუთვნება თუ არა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განსახილველ საქმეს, რის შედეგადაც სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დარღვეულია დავის გადაწყვეტის საპროცესო წესი, რაც წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საკმარის საფუძველს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე.

საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაცვას, რათა გამოირიცხოს საქმის განსხვავებულ პრინციპებზე აგებული სამართალწარმოების წესით განხილვა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ საქმეებს იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.59 დადგენილება, რომლითაც არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის, კერძოდ, ¹... ... დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადდა კონკურსი და იმავე ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654 დადგენილება, რომლითაც მოსარჩელეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება და მის ადგილზე დაინიშნა სხვა პირი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული დადგენილებები არ წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და შესაბამისად, დავა თავისი შინაარსით არ ატარებს ადმინისტრაციულ სამართლებრივ ხასიათს.

განსახილველი სადავო სამართალურთიერთობის ერთ-ერთი მხარე, მოპასუხე _ ქ. თბილისის მთავრობა უდავოდ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, მაგრამ, როგორც არაერთხელ აღინიშნა ადმინისტრაციული პალატის მიერ, დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა დავას თავისთავად ვერ აქცევს ადმინისტრაციული სასამართლოს ქვემდებარედ. სამართალსუბიექტურობასთან ერთად სავალდებულოა, რომ დავა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული აქტი ემყარებოდეს ამ უკანასკნელს და თავისი შინაარსით პასუხობდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი. ამდენად, წინამდებარე შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ქ. თბილისის მთავრობის მიერ გამოცემული აქტები ემყარება და გამომდინარეობს თუ არა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. ერთ შემთხვევაში ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებით გამოცხადდა კონკურსი კერძო სამართლის იურიდიული პირის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად, ხოლო მეორე შემთხვევაში მოხდა მითითებული იურიდიული პირების არსებულ დირექტორებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და ახალი დირექტორების დანიშვნა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24.5 მუხლის შესაბამისად, იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობა, აგრეთვე მისი ფილიალი უნდა შეიქმნას ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველის კანონის შესაბამისად, ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, იურიდიული პირი, რომლის მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა, უნდა დარეგისტრირდეს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

უდავოა, რომ ბაგა-ბაღები ჩამოყალიბდა არასამეწარმეო იურიდიულ პირებად, რომლის დამფუძნებელსაც წინამდებარე შემთხვევაში წარმოადგენს ქ. თბილისის მთავრობა. ამდენად არსებულ პირობებში ქ. თბილისის მთავრობა საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს როგორც დამფუძნებელი, რომელსაც წესდებით მინიჭებული აქვს უფლება დანიშნოს არასამეწარმეო იურიდიული პირის დირექტორი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, სადავო აქტებში მითითება იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისის მთავრობა გასაჩივრებული დადგენილებების მიღებისას მოქმედებდა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,პ” ქვეპუნქტით, ,,საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 231 მუხლის ,,ზ” და ,,ვ” ქვეპუნქტებით, თბილისის მერიის დებულებით, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის ,,კ1” ქვეპუნქტით და საქართველოს მთავრობის ¹126 დადგენილებით, ვერ იმოქმედებს განსახილველი დავის საგნობრივ განსჯადობაზე, ვინაიდან ყველა ზემოაღნიშნულ ნორმაში საუბარია თვითმმართველი ერთეულისათვის მინიჭებულ უფლებაზე შექმნას ... და ... სააღმზრდელო დაწესებულებები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფორმით და დაამტკიცოს მათი წესდებები.

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავენ თვითმმართველი ერთეულის შესაძლებლობას შექმნან სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირები, მიიღონ არსებული ... დაწასებულებების ქონება, მოახდინონ მათი ლიკვიდაცია თუ რეორგანიზაცია. აღნიშნული, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ის აქტი, რომელიც მიღებული იქნება თვითმმართველი ორგანოს, როგორც დამფუძნებელის და მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს შორის წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად ან მათ შორის ურთიერთობის დასარეგულირებლად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს.

საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზების სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და საჯარო მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას აწესრიგებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი. მითითებული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს იმ სახელმწიფო დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომელში სამსახურიც ითვლება საჯარო სამსახურად. ამ ჩამონათვალში არაკომერციული იურიდიული პირები გათვალისწინებული არ არის. ამასთან მოსარჩელეთა თანამდებობა მითითებული არ არის საქართველოს პრეზიდენტის 21.07.01 წლის ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში. მოსარჩელეთა სამსახურებრივი უფლებამოსილება არ უტოლდება საჯარო მოსამსახურის უფლებამოსილებას და არ წესრიგდება ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით. ამდენად, კონკურსი, რომელიც გამოცხადდა ... დირექტორთა თანამდებობის დასაკავებლად, ვერ დაეყრდნობა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე _ 36-ე მუხლებს და არ შეიძლება მოექცეს მითითებული ნორმების რეგულაციებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დავა არ შეეხება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებას, რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მოახდინა სადავო დადგენილებების ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით განხილვა.

საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ზემოაღნიშნული განსჯადობის დაცვას და თვლის, რომ განსჯადობის აღრევა იწვევს საქმის განხილვას განსხვავებულ პრინციპებზე აგებული სამართალწარმოების წესით, რაც, თავის მხრივ, ასახვას ჰპოვებს მხარეთა უფლებებზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არაგანსჯადი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად და ექვემდებარება გაუქმებას. რის გამოც საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის, შემდგომი განხილვის მიზნით, განსჯადი სასამართლოსათვის დაქვემდებარებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.