Facebook Twitter

ბს-862-836(კ-10) 27 სექტემბერი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 21 სექტემბერს, მოსარჩელემ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის: ზ. ჩ-შვილის მიმართ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო და მოითხოვა: მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებოდა: 1) ჯარიმის სახით თანხის გადახდა 17328,96 ლარის ოდენობით; 2) ზიანის საკომპესანციო თანხის გადახდა 962,72 ლარის ოდენობით; 3) პირგასამტეხლოს 5198,69 ლარის გადახდა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ზ. ჩ-შვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით 19692 ლარის, პირგასამტეხლოს სახით 5907 ლარისა და 60 თეთრის გადახდა.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, 2010 წლის 09 მარტს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ჩ-შვილმა და მოითხოვა: გაუქმებულიყო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 15.12.2009 წლის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, მიღბულ ყოფილიყო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაუკმაყოფილებელი დარჩებოდა თავდაცვის სამინისტორს სარჩელი.

2010 წლის 18 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა, გაუქმებულიყო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილებულიყო სრულად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 აპრილის განჩინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ. ჩ-შვილის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, 2010 წლის 17 ივნისს, საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა: გაუქმებულიყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განჩინება. მიღებულ ყოფილიყო ახალი გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.