Facebook Twitter

ბს-863-837(კ-10) 29 სექტემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თავდაცვის სამინისტრომ 24.12.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის მ. ლ-შვილის მიმართ, რომლითაც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 19692 ლარის ოდენობით ჯარიმის, ზიანის სახით 9425.44 ლარის, პირგასამტეხლოს სახით 5907.60 ლარის, სანივთე ქონების დავალიანების სახით 74.51 აშშ დოლარის ოდენობით თანხის დაკისრება მოითხოვა.

ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს 22.01.2010წ. გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ. ლ-შვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 19692 ლარის, პირგასამტეხლო 5907.60 ლარის, სანივთე ქონება 74.51 აშშ დოლარის ოდენობით; მოსარჩელეს უარი ეთქვა მ. ლ-შვილზე ზიანის საკომპენსაციო თანხის, ხელფასის სახით გაცემული 9425.44 ლარის დაკისრებაზე.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 22.01.2010წ. გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაცვის სამინისტრომ. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის გაკმაყოფილების ნაწილში მ. ლ-შვილს არ გაუსაჩივრებია და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.2010წ. გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 22.01.2010წ. გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების სახით 1189 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ლ-შვილს დაეკისრა ზიანის ანაზღაურების სახით კვების ულუფის საკომპენსაციო თანხის, 1189 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 22.01.2010წ. გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.2010წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.