ბს-867-841(კ-10) 27 სექტემბერი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 06 ივლისს, მოსარჩელემ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის: ვ. თ-ძის მიმართ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო და მოითხოვა: მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებოდა: 1) ჯარიმის სახით თანხის გადახდა 16092 ლარის ოდენობით; 2) ზიანის საკომპენსაციო თანხის გადახდა 5614,97 ლარის ოდენობით. 3) პირგასამტეხლოს 16092 ლარის 0.2%-ის ოდენობის გადახდა ყოველდღიურად 2006 წლის 12 აგვისტოდან პირველ პუნქტში მითითებული თანხის გადახდამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ვ. თ-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის 5614,97 ლარის გადახდა. პირგასამტეხლოს სახით ვალდებულების შესრულების დადგომიდან სარჩელის შემოტანამდე ყოველ გადაცილებულ დღეზე 0,2%-ის გადახდა 12016,62 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხეზე ჯარიმის სახით 16092 ლარისა და ამ თანხის ყოველდღიური ვადა გადაცილებისათვის 0,2%-ის დაკისრებაზე უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, 2010 წლის 08 აპრილს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა: გაუქმებულიყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის ნაწლიში და მთლიანად დაკმაყოფილებულიყო თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება ჯარიმის სახით 16092 ლარის დაკისრებაზე და მასზე საურავის დარიცხვაზე უარის თქმის ნაწილში. ასევე, პირგასამტეხლოს 12016,62 ლარის დაკისრების ნაწილში ზიანის სახით დაკისრებული 5614,97 ლარის დროულად გადაუხდელობისათვის და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ვ. თ-ძეს დაეკისრა ჯარიმის 16092 ლარის გადახდა და პირგასამტეხლო მისი დროული გადაუხდელობისათვის 16092 ლარის 30% - 4827,6 ლარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, 2010 წლის 15 ივლისს, საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.