Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-871-845(კ-10) 8 ივლისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ ლ. ხ-ძის, მესამე პირის _ ღ. ლ-ძის მიმართ.

2009 წლის 14 სექტემბერს ლ. ხ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ღ. ლ-ძის მიმართ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 9 ივლისის ¹13 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სოფ. ... თემის მაჟორიტარი დეპუტატის ღ. ლ-ძის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 9 ივლისის დადგენილება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ... თემის მაჟორიტარი დეპუტატის ღ. ლ-ძის საკრებულოს სხდომაზე დაუსწრებლობის საპატიოდ ჩათვლის თაობაზე; ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ხ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომაც, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აპრილის განჩინებით ლ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო გაეცნო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინების ასლი ჩაბარდა 2010 წლის 14 მაისს (ს.ფ. 222), საკასაციო საჩივარი კი კასატორმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2010 წლის 16 ივნისს (ს.ფ. 223), ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად 2010 წლის 14 ივნისს, ოცდაოთხ საათზე ამოიწურა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, რის გამოც საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.