Facebook Twitter

ბს-874-836 (კ-09) 2 თებერვალი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, წარმომადგენელი _ გ. ც-ძე (2010 წლის 11 იანვრის ¹7/172 მინდობილობა)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ე. უ-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

სარჩელის საგანი _ ინდივდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, იძულებით გაცდენილი დროის ნამსახურებ წლებში ჩათვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ე. უ-ძემ 2006 წლის 31 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 აგვისტოს ¹1782 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზების დავალება მოითხოვა. მოსარჩელემ განმარტა, რომ 1991 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, 1996 წლიდან _ საქართველოს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ... მასწავლებლის თანამდებობაზე. 2004 წლის 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე იგი იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში, რა დროსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის ¹1/541 ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, ისე რომ აღნიშნულის შესახებ გაფრთხილებული არ ყოფილა, რითაც დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 111-ე მუხლის მოთხოვნა. ე. უ-ძის განცხადებით, მოპასუხე პირდებოდა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენას, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის ¹1/810 ბრძანებით დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან, რის გამოც მიმართა სასამართლოს ზემოხსენებული ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელის განმარტებით, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით, ე. უ-ძის სასარჩელო განცხადება ბრძანებების ბათილად ცნობისა და მოპასუხეზე სანივთე ქონების კომპენსაციის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხეს დაეკისრა 1038,48 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა ხანდაზმულობის გამო. ე. უ-ძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, თბილისის საოლქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების დროს მოპასუხის მხრიდან დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მოთხოვნები, 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის ¹1/810 ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება ხსენებული ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ. ამავე სასამართლოს 2005 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და სასარჩელო მოთხოვნა 2004 წლის 24 ივლისის ¹1/541 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური დროის ნამსახურობის წლებში ჩათვლის შესახებ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო შეწყდა საქმის წარმოება.

მოსარჩელის განმარტებით, თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება 2004 წლის 4 ოქტომბრის ¹1/810 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაჩივრებულ იქნა საკასაციო წესით, მაგრამ გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გაშვების გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გამოწერილ იქნა სააღსრულებო ფურცელი და შესაბამისად, წარდგენილ იქნა თბილისის სააღსრულებო ბიუროში იძულებით აღსრულების მიზნით. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ არ აღასრულა სასამართლო გადაწყვეტილება და ნაცვლად იმისა, რომ ბათილად ეცნო თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის ¹1/810 ბრძანება და შესაბამისად, კადრების განკარგულებაში მყოფი პირისათვის შეეთავაზებინა ოფიცრის ნებისმიერი თანამდებობა, ცვლილება შეიტანა მასში, ე. უ-ძე დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან 2004 წლის 25 ნოემბრიდან თითქმის 2 წლის უკანდახევით და ჩარიცხეს რეზერვში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. უ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. უ-ძე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ეროვნული აკადემიის ... მასწავლებლად. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 24 ივლისის ¹1/541 ბრძანებით დასტურდება, რომ ე. უ-ძე შტატების გაუქმებასთან დაკავშირებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და 2004 წლის 25 ივლისიდან გაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის ¹1/810 ბრძანებით კადრების განკარგულებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, ე. უ-ძე “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან და ჩაირიცხა რეზერვში.

აღნიშნული ბრძანებების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდური დროის ნამსახურობის წლებში ჩათვლის შესახებ სასარჩელო მოთხოვნით ე. უ-ძემ მიმართა სასამართლოს; თბილისის საოლქო სასამართლოში მოსარჩელემ სარჩელზე უარი თქვა ნაწილობრივ, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 24 ივლისის ¹1/541 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური დროის ნამსახურობის წლებში ჩათვლის ნაწილში, შესაბამისად, აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნაზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო შეწყდა წარმოება, ხოლო ამავე დღეს თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც ე. უ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩენილ ნაწილში დაკმაყოფილდა – გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის ¹1/810 ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება ხსენებული ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის _ ე. უ-ძის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ არ შეასრულა თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან არ ცნო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის ¹1/810 ბრძანება ბათილად და შესაბამისად, არ შესთავაზა მას სხვა თანამდებობა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 აგვისტოს ¹1782 ბრძანებით დასტურდება, რომ ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეტანილ იქნა ნაწილობრივი ცვლილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის ¹1/810 ბრძანებაში და გაუქმდა ხსენებული ბრძანების 44-ე პუნქტი ვიცე-პოლკოვნიკ ე. უ-ძის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, რაც გულისხმობს იმას, რომ სადავო ბრძანებით ცვლილება კი არ შევიდა 2004 წლის 04 ოქტომბრის ¹1/810 ბრძანებაში, არამედ ბათილად იქნა ცნობილი ხსენებული ბრძანების ის ნაწილი, რომელიც შეეხებოდა ე. უ-ძის სამსახურიდან დათხოვნას, მაგრამ ამავდროულად ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რადგან სპეციალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა მისთვის სხვა თანამდებობის შეთავაზების ალბათობას და სახეზე იყო ახალი კანონისმიერი ვალდებულება ე. უ-ძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების მე-9 თავის მე-6 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც სამხედრო მოსამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს, ხოლო ე. უ-ძის კადრების განკარგულებაში ყოფენის 4-თვიანი ვადა ამოიწურა 2004 წლის 24 ნოემბერს. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლერივი აქტის საფუძველში მითითებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის შუამდგომლობა, რომელიც ზემოთქმულ ნორმებზე დაყრდობით იქნა გამოცემული, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების მე-9 თავის მე-6 პუნქტის გამოყენების ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა იმ მიზეზის გამო, რომ ე. უ-ძემ ჯერ კიდევ 2005 წლის 27 ოქტომბერს უარი თქვა მის სარჩელზე 2004 წლის 24 ივლისის ¹1/541 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური დროის ნამსახურობის წლებში ჩათვლის ნაწილში; სასამართლო მიერ სარჩელზე ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, იგი დაეთანხმა თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 27 ოქტომბრის განჩინებას სარჩელზე წარმოების შეწყვეტის შესახებ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სანამ არ დამთავრდებოდა საბოლოოდ საქმის განხილვა ე. უ-ძის სარჩელზე, მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა მისი სამსახურში დარჩენა-განთავისუფლების საკითხზე, შესაბამისად, იმსჯელა მას შემდეგ, რაც საკასაციო სასამართლომ გამოიტანა 2006 წლის 30 იანვრის განჩინება.

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2006 წლის 1 აგვისტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე. უ-ძის 2004 წლის 25 ნოემბრიდან დათხოვნის თაობაზე არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის ნორმებს და უცვლელად უნდა დარჩენილიყო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. უ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის განჩინებით მისი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს. მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება კანონიერია და შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. უ-ძემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის განჩინების გაუქმება, ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 აგვისტოს ¹1782 ბრძანების ბათილად ცნობა და იძულებით გაცდენილი პერიოდის, კერძოდ, 2004 წლის 5 ოქტომბრიდან 2006 წლის 29 მარტამდე ნამსახურების წლებში ჩათვლა.

საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა ე. უ-ძის მოთხოვნის _ იძულებით გაცდენილი პერიოდის ნამსახურობის წლებში ჩათვლის შესახებ, რითაც დარღვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა. საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიცვალა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 8 ივნისის ¹1742 ბრძანებით ე. უ-ძე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, ჩაირიცხა კადრის სამხედრო სამსახურში და დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების ცალკეული ... ბატალიონის ... ოფიცრად.

საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს უნდა მიეთითებინა ის კონკრეტული მოტივები, რომლითაც დაასაბუთა თავისი განჩინება ე. უ-ძის მიერ სასარჩელო მოთხოვნის შემცირების შემდეგ. ასევე უნდა მიეთითებინა მატერიალური სამართლის ის ნორმები, რომელთაც ხელმძღვანელობდა, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ე. უ-ძის სარჩელი, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 8 ივნისის ¹1742 ბრძანების მე-2 პუნქტი დათხოვნის თარიღის ნაწილში (სიტყვები “2004 წლის 25 ნოემბრიდან”) და 2004 წლის 25 ნოემბრიდან 2006 წლის 29 მარტამდე პერიოდი ე. უ-ძეს ჩაეთვალა ნამსახურების წლებში.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 აგვისტოს ¹1782 ბრძანებით შეტანილ იქნა ნაწილობრივი ცვლილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის ¹1/810 ბრძანებაში, რომლის თანახმად, გაუქმდა აღნიშნული ბრძანების 44-ე პუნქტი, ვიცე-პოლკოვნიკი ე. უ-ძე საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში მყოფი ვიცე-პოლკოვნიკი ე. უ-ძე ჩაითვალა დათხოვნილად 2004 წლის 25 ნოემბრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიცვალა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 8 ივნისის ¹1742 ბრძანებით ე. უ-ძე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, ჩაირიცხა კადრის სამხედრო სამსახურში და დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების ცალკეული ... ბატალიონის ... ოფიცრად. შესაბამისად, ე. უ-ძემ შეამცირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა იძულებით გაცდენილი პერიოდის ნამსახურების წლებში ჩათვლა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. უ-ძე 2006 წლის 29 მარტიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹5 საპყრობილის ... თანამდებობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის ¹1/810 ბრძანება ე. უ-ძის დათხოვნის ნაწილში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არ მომხდარა გადაწყვეტილების აღსრულება, ვინაიდან 2006 წლის 1 აგვისტოს ¹1782 ბრძანებით მხოლოდ ცვლილება შევიდა 2004 წლის 4 ოქტომბრის ¹1/810 ბრძანებაში, რომლითაც გაუქმდა ბრძანების 44-ე პუნქტი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში მყოფი ვიცე-პოლკოვნიკი ე. უ-ძე 2004 წლის 25 ნოემბრიდან ჩაითვალა დათხოვნილად საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში.

სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 18 ივნისს სააპელაციო პალატის სხდომაზე ე. უ-ძის მიერ მიცემული განმარტებიდან და შეცვლილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, სამსახურში აღდგენა ავტომატურად ნიშნავდა იძულებით გაცდენილი პერიოდის ნამსახურობის წლებში ჩათვლას. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელის მოთხოვნას შეადგენდა 2006 წლის 1 აგვისტოს ¹1782 ბრძანებაში ცვლილების შეტანა იმგვარად, რომ იძულებით გაცდენილი პერიოდი _ 2004 წლის 25 ნოემბრიდან 2006 წლის 29 მარტამდე ჩაეთვალოს ნამსახურებ წლებში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით ნაწილობრივ გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ მოსარჩელემ ერთხელ უკვე განაცხადა უარი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 24 ივლისის ¹1/541 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდური დროის ნამსახურობის წლებში ჩათვლაზე, რაც აისახა 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია, რის გამოც სარჩელის მოთხოვნა თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 აგვისტოს ¹1782 ბრძანების ბათილობაზე და განაცდური დროის წლებში ჩათვლაზე უსაფუძვლო იყო. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 24 ივლისის ¹1/541 ბრძანება არ გაუქმებულა, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულების მე-9 თავის მე-6 პუნქტზე დაყრდნობით, კასატორი თვლის, რომ ე. უ-ძის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა აითვლებოდა 2004 წლის 25 ივლისიდან და დასრულდა 2004 წლის 25 ნოემბერს. აღნიშნული ნორმის მიხედვით ე. უ-ძე შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნას დაექვემდებარა 2004 წლის 25 ნოემბერს, რაც განხორციელდა თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 აგვისტოს ¹1782 ბრძანებით.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ე. უ-ძის ხელმეორედ შეიაღებულ ძალებში გაწვევისა და თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი, რაც არასწორად მიიჩნია “აღდგენად”. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელე არ აღდგენილა სამსახურში, არამედ მოხდა მისი ხელმეორედ გაწვევა და სხვა თანამდებობაზე დანიშვნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 სექტემბრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი და დადგინდა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის ¹1/810 ბრძანება ე. უ-ძის ნაწილში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 აგვისტოს ¹1782 ბრძანებით შევიდა ნაწილობრივი ცვლილება 2004 წლის 4 ოქტომბრის ¹1/810 ბრძანებაში, რომლითაც გაუქმდა ბრძანების 44-ე პუნქტი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში მყოფი ვიცე-პოლკოვნიკი ე. უ-ძე 2004 წლის 25 ნოემბრიდან ჩაითვალა დათხოვნილად საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში. 2006 წლის 29 მარტიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹5 საპყრობილის ... თანამდებობაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 8 ივნისის ¹1742 ბრძანებით ე. უ-ძე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, ჩაირიცხა კადრის სამხედრო სამსახურში და დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების ცალკეული ... ბატალიონის ... ოფიცრად.

საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის შემცირებას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეცვლილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ე. უ-ძემ სწორად განსაზღვრა დავის საგანი და მოითხოვა იძულებით გაცდენილი დროის 2004 წლის 25 ნოემბრიდან 2006 წლის 29 მარტამდე ნამსახურობის წლებში ჩათვლა, ვინაიდან 2006 წლის 29 მარტიდან იგი უკვე წარმოადგენდა სხვა უწყების თანამშრომელს, ხოლო შემდეგ განმეორებით გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს და თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის ¹1/810 ბრძანების ბათილად ცნობას საფუძვლად დაედო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის (იმ დროს მოქმედი რედაქციით) მოთხოვნის დარღვევა, კერძოდ, სამუშაოდან განთავისუფლებამდე არ მომხდარა ე. უ-ძისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზება. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 30 იანვარს და 2006 წლის 22 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 477). საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების მე-9 თავის მე-5 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან უსაფუძვლოდ და უკანონოდ დათხოვნილი ოფიცრები თავდაცვის მინისტრისა და შესაბამისი სამხედრო უწყების ხელმძღვანელის მიერ აღდგენილი უნდა იქნენ იმავე თანამდებობაზე და იმავე ნაწილში, რომელშიც გადიოდა სამსახურს დათხოვნამდე, ხოლო უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცრები _ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მიერ. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ იძულებით გაცდენილი დრო მათ ჩაეთვლებათ ნამსახურობის წლებში და მიეცემათ შესაბამისი ფულადი ანაზღაურება. დარღვეული უფლებების აღსადგენად შეიძლება მიმართონ სასამართლოსაც. ამდენად, სამხედრო სამსახურიდან ოფიცრის უკანონოდ დათხოვნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებისა და განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის შედეგი თავისთავად არის იძულებით გაცდენილი დროის ნამსახურობის წლებში ჩათვლა. მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის 1 აგვისტოს ¹1782 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის ¹1/810 ბრძანების 44-ე პუნქტი ე. უ-ძის ნაწილში და ბრძანების მიღების ერთ-ერთ საფუძვლად მიეთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე, გადაწყვეტილება არათუ არ აღსრულებულა, არამედ მოხდა მისი დათხოვნა შეიარაღებული ძალებიდან 2004 წლის 25 ნოემბრიდან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისათვის “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლში შეტანილი ცვლილება, აღარ ითვალისწინებდა სხვა თანამდებობის შეთავაზების ვალდებულებას, მაგრამ ეს ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა სასამართლოს გადაწყვეტილებით. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომ სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ასევე ასახულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლში, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. ამდენად, მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებისა ან სპეციალური ნორმატიული აქტით ურთიერთობის სხვაგვარად მოწესრიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებული იყო აღესრულებია დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, კადრების განკარგულებაში აღდგენის შემდეგ ე. უ-ძისათვის შეეთავაზებია სხვა თანამდებობა, სურვილის შემთხვევაში აღედგინა შეიარაღებული ძალების რიგებში, რაც თავისთავად უზრუნველყოფდა გაცდენილი დროის ნასახურობის წლებში ჩათვლას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან ე. უ-ძის კადრებში გადაყვანის 2004 წლის 24 ივლისის ¹1/541 ბრძანება არ გაუქმებულა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების მე-9 თავის მე-6 პუნქტის მიხედვით, შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნას იგი დაექვემდებარა 2004 წლის 25 ნოემბრიდან, რაც განხორციელდა 2006 წლის 1 აგვისტოს ¹1782 ბრძანებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ ნორმის გამოყენებით სამხედრო მოსამსახურის შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნა არამართებულია მაშინ, როდესაც სახეზეა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული ის გარემოება, რომ სამხედრო პირის შეიარაღებული ძალებიდან თავდაპირველი დათხოვნა იყო უკანონო. ამ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ითვალისწინებს დებულების მე-9 თავის მე-5 პუნქტის გამოყენებასა და იძულებით გაცდენილი დროის ნამსახურობის წლებში ჩათვლის აუცილებლობას.

საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მოსარჩელემ პირველი დავის განხილვისას უარი განაცხადა განაცდური დროის ნამსახურობის წლებში ჩათვლაზე, დღევანდელი სარჩელის მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 აგვისტოს ¹1782 ბრძანების ბათილობისა და განაცდური დროის ნამსახურობის წლებში ჩათვლაზე, უსაფუძვლოა. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 აგვისტოს ¹1782 ბრძანების მიღებამ და სამხედრო მოსამსახურის ორი წლის უკანდახევით შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნამ წარმოშვა თავდაპირველი დავისაგან განსხვავებული, მხარის დამოუკიდებელი ინტერესი მოითხოვოს იძულებით გაცდენილი დროის _ შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნიდან სხვა უწყებაში დასაქმებამდე პერიოდის ნამსახურებ წლებში ჩათვლა, ვინაიდან ეს დრო დასჭირდა მისი თავდაპირველი განთავისუფლების კანონსაწინააღმდეგო ხასიათის სასამართლო დავის გზით დადგენას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც გამოიწვია ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. შესაბამისად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება მიღებულია კანონის შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ-ის 410-ე, 257-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.