Facebook Twitter

ბს-88-87(კ-10) 19 მარტი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მ. კ-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 4 აგვისტოს მ. კ-ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და მ. გ-იანის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 15 ივლისის ¹01/11/3832/1956/კ გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 4 მარტის ¹011/01-13461 გადაწყვეტილება მ. კ-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 16 აპრილის ¹882008100529-03 გადაწყვეტილება მ. გ-იანის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით მ. კ-ძის სარჩელი მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და მ. გ-იანის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით მ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მ. კ-ძის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 იანვრის განჩინებით მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდის ქვითარი და განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

აღნიშნული განჩინება კასატორსა და მის წარმომადგენელს ჩაბარდათ 2010 წლის 30 იანვარს (ს.ფ. 101-102).

2010 წლის 5 თებერვალს მ. კ-ძის წარმომადგენელმა – პ. კ-ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება იმ მოტივით, რომ კასატორი ფინანსური პრობლემების გამო ვადაში ვერ ახერხებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 თებერვლის განჩინებით მ. კ-ძის წარმომადგენლის – პ. კ-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორ მ. კ-ძეს გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღით, რათა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდის ქვითარი.

აღნიშნული განჩინება კასატორსა და მის წარმომადგენელს გაეგზავნათ 2010 წლის 8 თებერვალს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის დასტურიდან ირკვევა, რომ მ. კ-ძემ და მისმა წარმომადგენელმა – პ. კ-ძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 თებერვლის განჩინების ასლი ჩაიბარეს 2010 წლის 11 თებერვალს, მაგრამ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორმა და მისმა წარმომადგენელმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 თებერვლის ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი ჩაიბარეს 2010 წლის 11 თებერვალს, შესაბამისად, კასატორს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდა 2010 წლის 16 თებერვლის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ კასატორის მიერ ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.