Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-896-870(კ-10) 13 სექტემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს ,,...” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მარტის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და თბილისის რეგიონული ცენტრის მიმართ.

2009 წლის 29 ივნისს შპს “...” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2009 წლის 28 იანვრის ¹70 საბაჟო შეტყობინების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 1 აპრილის ¹833 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “...” სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მარტის განჩინებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 9 ივლისის განჩინებით მიიჩნია, რომ შპს “...” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარზე სრულად არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინებით შპს “...” დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის (დავის საგნის ღირებულების 5%-ის) დარჩენილი თანხის _ 7 700 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინების შემცველი გზავნილი შპს “...” ჩაბარდა 2010 წლის 14 ივლისს. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2010 წლის 24 ივლისს. ვინაიდან, აღნიშნული დღე წარმოადგენდა უქმე დღეს (შაბათს), მხარეს ხარვეზის შევსების უფლება მომდევნო სამუშაო დღის ანუ 2010 წლის 26 ივლისის (ორშაბათი) 24 საათამდე ჰქონდა. შპს “...” მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2010 წლის 9 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება შპს “...” საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან საკასაციო საჩივარზე შპს “...” გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს შპს “...” საკასაციო საჩივარი;

2. შპს “...” დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.