Facebook Twitter

ბს-89-88 (კ-11) 1 ივნისი, 2011 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი;

კასატორი – საქართველოს შსს კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველო, წარმომადგენელი ნ. ჩ-შვილი;

მოწინააღმდგე მხარე – ს. ა-შვილი;

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება;

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 29 ივლისს თელავის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ს. ა-შვილმა მოპასუხის–საქართველოს შსს კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს 2005 წლის 21 ივნისის ¹42 ა/შ ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.

მოსარჩელის განმარტებით, იგი მუშაობდა გურჯაანის შინაგან საქმეთა სამმართველოს ... განყოფილების ინსპექტორად. 2005 წლის 29 მაისს გურჯაანის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლისსამართლის საქმე გურჯაანის შს სამმართველოს ... ინსპექტორების და მათ შორის მის მიმართ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის და 333-ე მუხლის I ნაწილით. აღნიშნულის გამო, კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 12 მაისის ბრძანებით სამსახურებრივი შემოწმების დამთავრებამდე შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2005 წლის 31 მარტის სამსახურებრივი დასკვნის საფუძველზე ჩამოშორებულ იქნა სამსახურებრივ მოვალეობას.

2005 წლის 23 ივნისს დადგენილებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე წარმოებით შეწყდა დანაშაულებრივი ქმედების არ არსებობის გამო. მოსარჩელემ 2005 წლის 4 ივნისს სამმართველოს უფროსთან საკითხის გარკვევისას შემთხვევით შეიტყო, რომ იგი განთავისუფლებული იყო სამსახურიდან.

მოსარჩელის მითითებით მისი განთავისუფლებისას დაირღვა კანონის მთელი რიგი მოთხოვნები, კერძოდ: საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების შესაბამისად, დისციპლინური სასჯელის დადების წინ დამრღვევს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ან სიტყვიერი ახსნა-განმარტება, რაც მისი ხელმძღვანელობის მხრიდან არ მომხდარა, უფრო მეტიც იგი განთავისუფლებული იქნა ფარულად. იმ პერიოდში, როდესაც შეჩერებული ჰქონდა სამსახურებრივი უფლებამოსილება მისთვის არავის უცნობებია განთავისუფლების შესახებ. ასევე, დისციპლინური სასჯელის შესახებ მისთვის უნდა გამოეცხადებინათ მწყობრის წინ ან თათბირზე. სასჯელი უნდა ყოფილიყო დადებული 10 დღის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც უფროსისათვის ცნობილი გახდა გადაცდომის შესახებ.

თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. ა-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს 2005 წლის 21 ივნისის ¹42 ა/შ ბრძანება, ს. ა-შვილი აღდგენილ იქნა გურჯაანის შს სამმართველოს ... განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელფასი 2005 წლის 5 მაისიდან.

Pპირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით “სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში მოხელეს კანონით დადგენილ შემთხვევაში და წესით უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო. ვინაიდან ს. ა-შვილი სამსახურიდან ჩამოშორებული იყო 2005 წლის 5 მაისიდან, ამავე კანონის 91-ე მუხლის II ნაწილის თანახმად სამსახურიდან ჩამოშორებულ მოხელეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო დანამატთან ერთად. Pპირველი ინსტანციის სასამართლომ ამავე კანონის 112-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შსს კახეთის სამხარეო შს მთავარმა სამმართველომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს შსს კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ს. ა-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს 2005 წლის 21 ივნისის ¹42 პ/შ ბრძანება და შს მთავარ სამმართველოს დაევალა საქმის გარემოებათა ყოველმხრივ დ სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად გამოეცა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა ს. ა-შვილის განთავისუფლებისას დაშვებული პროცედურული ხასიათის დარღვევების: ბრძანების სათანადო ფორმით გამოუცხადებლობა, დისციპლინარული სასჯელის ერთი დღის დაგვიანებით დადება, მისთვის ახსნა განმარტების ჩამოურთმევლობა, გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლად მიჩნევის თაობაზე.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მათ არსებითი გავლენა არ მოახდინეს სს ორგანოებიდან მოსარჩელის დათხოვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ წარმოდგენენ აქტის ბათილად ცნობის საფუძლებს.

ამასთანავე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა აქტის ბათილად ცნობის თაობაზე საფუძვლიანია, თუმცა სხვა გარემოებების გათვალისწინებით.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს 2005 წლის 21 ივნისის ¹42 პშ ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით გამოცემულია საქმის ფაქტობრივ გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე. კერძოდ, გაურკვეველია, თუ კონკრეტულად რა დისციპლინარული გადაცდომისათვის იქნა გამოყენებული დისციპლინარული სასჯელი. ¹42 ბრძანებაში, რომელსაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევით, არ გააჩნია დასაბუთება, ბრძანების საფუძვლად მითითებულია 2005 წლის 10 ივნისის ოპერატიული თათბირის ¹@23 ოქმი. ამ უკანასკნელით კი მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად დასახელებულია ოპერატიული მუშაობის ჩაგდება და არა პროფესიონალიზმი არადამაკმაყოფილებელი ოპერატიული მუშაობა, რაც გამოიხატა იმასში, რომ მიმდინარე წელს არ ყოფილა გახსნილი დანაშაული, სამოქმედო ტერიტორიაზე გაუხსნელია მკვლელობისა და ძარცვის ფაქტები.

იმავდროულად, განთავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების “ლ” პუქნტი. ეს უკანასკნელი თანმდებობიდან განთავისუფლებისათავის ითვალისწინებს გადაცდომის ჩადენას, რომელიც შეუთავსებელია შინაგან საქმეთა ორგანოს თამაშრომლისათვის.

სააპელაციო პალატას გასაჩივრებული ბრძანების სამართლებრივი და ფაქტობრივ საფუძველს შორის ამგვარი განსხვავება მიაჩნია იმის დამადასტურებლად, რომ 2005 წლის 21 ივნისის ბრძანების გამოცემისას ყოველმხრივ და სრულყოფილად არ გამოკვლეულა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, არ მისცემიათ მათ ჯეროვანი სამართლებრივი შეფასება, რაც შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს არსებითად შეემოწმებინა ს. ა-შვილის დაკავებულ თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების მათლზომიერება.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქმის განხილვის ამ სტადიაზე არ არსებობდა ს. ა-შვილის სასარჩელო მოთხოვნების – იძულებითი განაცდურის ანაზღაურების და პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარმა სამმართველომ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შსს კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი.

2011 წლის 1 ივნისს სასამართლო სხდომაზე ს. ა-შვილმა შუამდგომლობით მიმართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადა სარჩელზე და მოითხოვა სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ს. ა-შვილის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მისი განცხადება სარჩელზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება ს. ა-შვილის სარჩელზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართლაწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე – ს. ა-შვილმა უარი განაცხადა რა სარჩელზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე მხარის ნების შეუზღუდავი გამოვლენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

საკასაციო სასამართლოს ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნია მხარეებისათვის იმაზე მითითება, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხევევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საკასაციო პალატა, ასევე, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სარჩელზე უარს აცხადებს ფიზიკური პირი, ს. ა-შვილი, რის გამოც, სასამართლო ვერ გამოიყენებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის დებულებებს და არ ამოწმებს სარჩელზე უარის თქმის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. ა-შვილის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ დავაზე შეწყდეს საქმის წარმოება, ამასთან უნდა გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 272-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ა-შვილის განცხადება სარჩელზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება;

3. ს. ა-შვილის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება;

4. მოსარჩელეს განემარტოს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.