საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-901-875(კ-10) 13 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს ,,...” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და თბილისის რეგიონული ცენტრის მიმართ.
2006 წლის 6 იანვარს შპს “...” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2005 წლის 5 დეკემბრის ¹2925 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2005 წლის 30 დეკემბრის ¹05-09/2094/19018 გადაწყვეტილების, აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 14 ნოემბრის ¹901 ბრძანებისა და აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 11 ოქტომბრის ¹28/9917 ,,საგადასახადო მოთხოვნის” დღგ-ს ძირითადი თანხის 46 592 ლარის და მასზე დარიცხული ჯარიმა/საურავის თანხების დარიცხვის ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ შპს “...”, შპს “...”, ი/მ ,,ნ. ბ-შვილი”, სს “...”, შპს “...”, კომპანია “...” წარმომადგენლობა საქართველოში, შპს “...”, შპს “...”, სს “...”, სს “...” და შპს “...”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “...” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად დღგ-ს ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 11 ოქტომბრის ¹28/9917 ,,საგადასახადო მოთხოვნა”; მოპასუხეს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე და 96-ე, აგრეთვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლების შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2005 წლის 5 დეკემბრის ¹2925 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2005 წლის 30 დეკემბრის ¹05-09/2094/19018 გადაწყვეტილებისა და აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 14 ნოემბრის ¹901 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება; შპს “...” სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 11 ოქტომბრის ¹28/9917 ,,საგადასახადო მოთხოვნის” დღგ-ს გადასახადზე დარიცხული ჯარიმა/საურავების ბათილად ცნობის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ამოირიცხნენ მოპასუხეთა სიიდან და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეში ჩაებნენ მესამე პირებად.
2009 წლის 3 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 11 ოქტომბრის ¹28/9917 ,,საგადასახადო მოთხოვნის” დღგ-ს ძირითადი თანხის 46 592 ლარისა და საურავის თანხების დარიცხვის ბათილად ცნობის ნაწილში შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 7 ოქტომბრის შემოწმების აქტისა და აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 11 ოქტომბრის ¹28/9917 ,,საგადასახადო მოთხოვნის”, დღგ-ს ძირითად თანხაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 138-ე მუხლის შესაბამისად დარიცხული 300%-იანი ჯარიმის _ 118 368 ლარის ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “...” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის გადამხელთა საგადასახადო შემოწმების სამმართველოს 2005 წლის 7 ოქტომბრის შემოწმების აქტი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 11 ოქტომბრის ¹28/9917 ,,საგადასახადო მოთხოვნა”, დღგ-ს ძირითად თანხაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 138-ე მუხლის შესაბამისად დარიცხული 300%-იანი ჯარიმის _ 118 368 ლარის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ). აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს “...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 9 ივლისის განჩინებით მიიჩნია, რომ შპს “...” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინებით შპს “...” დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინების შემცველი გზავნილი შპს “...” დირექტორის მოადგილეს ზ. ქ-ძეს ჩაბარდა 2010 წლის 14 ივლისს. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2010 წლის 24 ივლისს, ხოლო ვინაიდან, აღნიშნული დღე წარმოადგენდა უქმე დღეს (შაბათს), მხარეს ხარვეზის შევსების უფლება მომდევნო სამუშაო დღის ანუ 2010 წლის 26 ივლისის (ორშაბათი) 24 საათამდე ჰქონდა. შპს “...” მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2010 წლის 9 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება შპს “...” საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 401-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს შპს “...” საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.