ბს-904-878(კ-10) 8 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ა. ა-ელის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 26 ივლისს ა. ა-ელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხე მხარეს დაკისრებოდა მოსარჩელის მიერ გამოსყიდული აქციების ღირებულების - 71070 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და 1996 წლიდან ამ თანხების გადაუხდელობის გამო საურავის სახით ყოველთვიურად გადაუხდელი თანხის 1%, ასევე ზიანის ანაზღაურების სახით 10000 აშშ დოლარის ექვივალენტის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ა-ელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაეკისრა თანხის 71070 აშშ დოლარის ანაზღაურება; მოსარჩელეს უარი ეთქვა თანხის 71070 აშშ-ის გადაუხდელობის გამო საურავის გადაუხდელი თანხის ყოველთვიური 1%-ის მოპასუხისათვის დაკისრებაზე; ასევე მოსარჩელეს უარი ეთქვა მატერიალური და მორალური ზიანის სახით თანხის 10000 ლარის დაკისრებაზე.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაეკისრებოდა თანხის 71070 აშშ დოლარის ანაზღაურება მოსარჩელე ა. ა-ელის სასარგებლოდ და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. ა-ელის სარჩელი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროზე მის მიერ გამოსყიდული აქციების ღირებულების 71070 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-ელმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ა. ა-ელის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივლისის განჩინებით ა. ა-ელის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (3553 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით). აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად ა. ა-ელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივლისის განჩინებით მიეცა 10 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. განჩინების ასლი კასატორს ჩაჰბარდა 2010 წლის 12 ივნისს.
2010 წლის 16 ივლისს ა. ა-ელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე იმ მოტივით, რომ იგი არის პენსიონერი, ტრამვირებული და წარმოადგინა 2006 წლის 10 აგვისტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივლისის განჩინებით ა. ა-ელის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და გაუგრძელდა საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად, რათა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის (3553 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით) გადახდის ქვითარი ან 2010 წელს გაცემული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი.
2010 წლის 9 აგვისტოს ა. ა-ელმა კვლავ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადავადება იმ მოტივით, რომ დროის უკმარისობის გამო ვერ ახერხებდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგიტრაციის ახალი მოწმობის წარმოდგენას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივლისის ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე განჩინების ასლი ჩაიბარა 2010 წლის 2 აგვისტოს, შესაბამისად, კასატორს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდა 2010 წლის 12 აგვისტოს ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ კასატორის მიერ ხარვეზის გამოსწორების ნაცვლად კვლავ წარმოდგენილ იქნა განცხადება, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ა. ა-ელის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ა-ელის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.