ბს-90-89(კ-10) 7 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ სსიპ “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი”
მესამე პირები _ საქართველოს პრეზიდენტი, “...”
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინება
სარჩელის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 7 ნოემბერს ჯ. ლ-ავამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 აგვისტოს ¹1035 განკარგულების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა ჯ. ლ-ავას მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის შთაბეჭდილებების ამსახველი მრავალტომეულის გამოცემისათვის საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის 30 000 ლარის გამოყოფა. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის ¹1370 განკარგულების საფუძველზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ნება დაერთო გამოყოფილი თანხა გადაერიცხა საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ოფიციალურ გამოცემათა სამსახურისათვის _ საქართველოს პრეზიდენტის ბიბლიოთეკისათვის, რომელსაც, თავის მხრივ, თანხა უნდა გადაერიცხა ... ფონდისათვის.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 25 დეკემბრის ¹18-01-12/1872/4841 წერილის შესაბამისად, მსოფლიო მოგზაურ ჯ. ლ-ავას შთაბეჭდილებების წიგნის გამოსაცემად ვალდებულება და დამოწმება განხორციელდა ბიუჯეტიდან 30 000 ლარის ოდენობით, რაც არ იყო დაფინანსებული, საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზაციაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო. საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის მიწერილ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 31 იანვრის ¹04-01-01-11/86 წერილის თანახმად კი, თანხის გამოყოფა უნდა განხორციელებულიყო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის “საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის 2007 წლის 23 იანვრის წერილის თანახმად, წიგნის გამოცემისათვის 30 000 ლარის გამოყოფა შეუძლებელი იყო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისათვის უკვე დამტკიცებული 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან. აღნიშნული ღონისძიება შეიძლება განხორციელებულიყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეზერვებიდან მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის დავალების თანახმად.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 აგვისტოს ¹1035 განკარგულების გამოცემის შემდეგ, მოსარჩელე წლების განმავლობაში მიმართავდა სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებს, თუმცა უშედეგოდ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის შთაბეჭდილებების ამსახველი მრავალტომეულის (პირველი ორი წიგნის) გამოცემისათვის 30 000 ლარის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 აპრილის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს პრეზიდენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 აპრილის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად “...” ჩაება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 აპრილის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შუამდგომლობა არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლის თაობაზე და მოცემულ საქმეში სათანადო მოსარჩელედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩაება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასარგებლოდ დაეკისრა 30 000 ლარი ჯ. ლ-ავას მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის შთაბეჭდილებების ამსახველი მრავალტომეულის (პირველი ორი წიგნის) გამოცემის მიზნით “...” გადასარიცხად.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 აგვისტოს ¹1035 და 2003 წლის 27 ოქტომბრის ¹1370 განკარგულებები კანონიერ ძალაში იყო, ისინი სადავოდ არავის გაუხდია, არ გაუუქმებია. შესაბამისად, მათი მოთხოვნები სავალდებულო იყო შესასრულებლად და აღნიშნულის დამაბრკოლებელი გარემოება ვერ იქნებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მითითება ამ განკარგულებების აღსრულების სიძნელეებზე.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ზემოხსენებული განკარგულებები თავისი შინაარსით წარმოადგენდა აღმჭურველ ადმინისტრაციულ აქტებს, რომელთა მიმართაც არსებობდა დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა. კანონმდებლის მიერ აღიარებული კანონიერი ნდობის პრინციპი კი კონსტიტუციური რანგის იყო და გამომდინარეობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში როგორც მმართველობის კანონიერების, ისე ადმინისტრაციული აქტის კანონიერი ნდობის პრინციპიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სარჩელზე უარის თქმის მოტივად აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის აღსრულების სიძნელეებზე მითითება.
საქალაქო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რადგან საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სარჩელის აღძვრამდე უშუალოდ არ მიმართა მათ ქმედების განხორციელების მოთხოვნით, სარჩელი დაუშვებელი იყო.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ლ-ავა, როგორც “...” დამფუძნებელი და პრეზიდენტი, წარმოადგენდა ფონდს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში, ხოლო “...” მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად იყო ჩაბმული.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობდა მოსარჩელის უფლებებითა და მოვალეობებით აღჭურვილი “...”, ამ ფონდის ერთადერთ წარმომადგენელს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში _ ჯ. ლ-ავას არაერთხელ მიუმართავს, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის, ისე სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 აგვისტოს ¹1035 და 2003 წლის 27 ოქტომბრის ¹1370 განკარგულებების აღსრულების მოთხოვნით. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ იმ ფორმალური მოტივით, რომ უშუალოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს არ მიუმართავს მოპასუხისადმი კონკრეტული ქმედების განხორციელების მოთხოვნით, მოცემული სარჩელის დაუშვებლად ცნობა არამართებული იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 აგვისტოს ¹1035 განკარგულებით ჯ. ლ-ავას მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის შთაბეჭდილებების ამსახველი მრავალტომეულის (პირველი ორი წიგნის) გამოცემისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა “საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის გამოეყო 30 000 ლარი. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის ¹1370 განკარგულებით კი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ნება დაერთო 2003 წლის 19 აგვისტოს ¹1035 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი 30 000 ლარი გადაერიცხა საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ოფიციალურ გამოცემათა სამსახურისათვის _ საქართველოს პრეზიდენტის ბიბლიოთეკისათვის ... ფონდში გადასარიცხად. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული განკარგულებები ძალაში იყო, ისინი სადავოდ არავის გაუხდია, არ გაუუქმებია და შესაბამისად, მათი მოთხოვნები სავალდებულო იყო შესასრულებლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის არ მიუმართავს ქმედების განხორციელების მოთხოვნით. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადასტურებულია, რომ სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს არ გამოუყენებია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიაჩნია, რომ სასარჩელო განცხადება არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით დადგენილ სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნებს.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუშვებელია, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს, როგორც საქმეში წარმოდგენილი 2005 წლის 31 იანვრის ¹04-01-01-11/86 წერილიდან ირკვეოდა, აღნიშნული თანხის გამოყოფა უნდა განხორციელებულიყო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, ვინაიდან, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, დარღვეულია სამართლის ნორმები და გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის გამოტანილი, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით დადგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 აგვისტოს ¹1035 განკარგულებით ჯ. ლ-ავას მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის შთაბეჭდილებების ამსახველი მრავალტომეულის (პირველი ორი წიგნის) გამოცემისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა “საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის გამოეყო 30 000 ლარი. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის ¹1370 განკარგულებით კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ნება დაერთო საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 აგვისტოს ¹1035 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი 30 000 ლარი გადაერიცხა საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ოფიციალურ გამოცემათა სამსახურისათვის _ საქართველოს პრეზიდენტის ბიბლიოთეკისათვის ... ფონდში გადასარიცხად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ისე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოცემულ საქმეში ჯ. ლ-ავა წარმოადგენდა არასათანადო მოსარჩელეს, რომ არ გამორიცხა და არ დაასაბუთა, ხომ არ იყო ჯ. ლ-ავას მიერ სასამართლოში აღძრული სარჩელი საკუთარი უფლებისა და კანონით გათვალისწინებული ინტერესის დასაცავად მიმართული საშუალება. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 აგვისტოს ¹1035 განკარგულებაში პირდაპირ იყო მითითებული, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თანხა მიზნობრივად გამოეყო მსოფლიო მოგზაურის ჯ. ლ-ავას საჭიროებისათვის. სასამართლოებმა არ იმსჯელეს ვინ წარმოადგენდა მოცემულ მოთხოვნაზე სასარჩელო უფლებამოსილების მქონე პირს, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 აგვისტოს ¹1035 და 2003 წლის 27 ოქტომბრის ¹1370 განკარგულებების შეუსრულებლობით ვისი კანონიერი უფლება და ინტერესი შეილახა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვის ჰქონდა აღნიშნული სარჩელის აღძვრის უფლება. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, როგორც ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოება განახორციელა თავად ჯ. ლ-ავას მიმართვის საფუძველზე და მას იმ საფუძვლით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა ყოფილიყო სათანადო მხარე არ უთქვამს უარი მისი განცხადების მიღებასა და პასუხის გაცემაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს მესამე პირის სასარგებლოდ რაიმე, გარდა იმ შემთხვევისა თუ იგი სასარჩელო მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებით დაუშვებელია მოპასუხისათვის მესამე პირის სასარგებლოდ რაიმე ვალდებულების დაკისრება. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად “...” მონაწილეობა საქმეში ვერ იქნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარჩელის დასაშვებად ცნობის საკმარისი საფუძველი და აღნიშნული ვერ ჩაითვლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასარჩელო უფლების სამართლებრივ საფუძვლად.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოები, ერთი მხრივ, სათანადო მოსარჩელედ მიიჩნევენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჯ. ლ-ავას ნაცვლად, ხოლო, მეორე მხრივ, მიუთითებენ: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს რომ არ მიუმართავს მოპასუხისათვის კონკრეტული ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ეს მხოლოდ ფორმალური მომენტია, ვინაიდან ჯ. ლ-ავას არაერთხელ მიუმართავს, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ისე სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოსათვის აღნიშნული მოთხოვნით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებით ან მოქმედებისაგან თავის შეკავებით მიყენებული ზიანი უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური). ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხის გადახდაზე უარი არ განუცხადებია უშუალოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის, ხოლო ის ფაქტი, რომ “...” წარმომადგენელმა, ჯ. ლ-ავამ არაერთხელ მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 აგვისტოს ¹1035 და 2003 წლის 27 ოქტომბრის ¹1370 განკარგულებების აღსრულების მოთხოვნით ვერ ჩაითვლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარჩელის დასაშვებად ცნობის სამართლებრივ საფუძვლად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დაცული უნდა ყოფილიყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს უარი ქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ანუ მოსარჩელეს ქმედების განხორციელების თაობაზე უარი უნდა ჰქონოდა მიღებული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსაგან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა სრულყოფილად არ იმსჯელეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარჩელის დასაშვებობაზე და დასაბუთებულად ვერ გამორიცხეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მსჯელობა, იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარჩელი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებულ სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედებს როგორც შეჯიბრებითობის, ისე სასამართლოს მიერ საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის პრინციპი, რაც გულისხმობს აქტიურ სასამართლოს, რომელიც ყოველმხრივ იკვლევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად, უფრო მეტიც, საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე განხილულია ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. სასამართლოებმა არ გამოიკვლიეს და არ დაადგინეს, ხომ არ იქნა ჯ. ლ-ავას მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის შთაბეჭდილებების ამსახველი მრავალტომეულის (პირველი ორი წიგნის) გამოცემისათვის საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 აგვისტოს ¹1035 განკარგულებით გათვალისწინებული თანხა საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან უკვე გამოყოფილი, თუმცა იმის გამო, რომ ვერ მოხერხდა ხსენებული თანხის დროული განკარგვა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უკან წაიღო აღნიშნული თანხა, რაზეც უთითებდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი საქალაქო სასამართლოს სხდომაზე (ს.ფ. 63). ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ზემოაღნიშნული საკითხის გათვალისწინებით სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს მოცემული ფაქტობრივი გარემოება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც დავის საგანს წარმოადგენდა არა საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 აგვისტოს ¹1035 და 2003 წლის 27 ოქტომბრის ¹1370 განკარგულებების შეუსრულებლობის გამო ზიანის ანაზღაურება, არამედ ხსენებული აქტების აღსრულება, კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის შტაბეჭდილებების ამსახველი მრავალტომეულის (პირველი ორი წიგნის) გამოცემისათვის 30 000 ლარის გადახდა ჯ. ლ-ავას სასარგებლოდ, სასამართლოებმა არ იმსჯელეს, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა ხსენებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში სარჩელის დაკმაყოფილება ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის შემთხვევაში.
საკასაციო სასამართლო იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ მხარეზე და მხოლოდ იმ საფუძვლით შემოიფარგლა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 აგვისტოს ¹1035 და 2003 წლის 27 ოქტომბრის განკარგულებები კანონიერ ძალაში იყო და ისინი არავის გაუუქმებია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამორიცხა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არგუმენტი იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 აგვისტოს ¹1035 განკარგულების აღსრულება ვერ განხორციელდებოდა, რადგან აღნიშნული თანხები გათვალისწინებული იყო კონკრეტული წლის ბიუჯეტით. ამჟამად კი, თანხების გამოყოფა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ახალი აქტის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 აგვისტოს ¹1035 განკარგულებით ჯ. ლ-ავას მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის შთაბეჭდილებების ამსახველი მრავალტომეულის (პირველი ორი წიგნის) გამოსაცემად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის 30 000 ლარის გამოყოფა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა განეხორციელებინა “საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 აგვისტოს ¹1035 განკარგულება ითვალისწინებდა კონკრეტულ დათქმას, რომ ხსენებული თანხის გამოყოფა საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან უნდა მომხდარიყო “საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა, ხომ არ იყო საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 აგვისტოს ¹1035 განკარგულება დროით შემოსაზღვრული.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, არც პროცესუალური და არც მატერიალური თვალსაზრისით. ამასთან, სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად უნდა იმსჯელოს ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და საქმეზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის “გ” და “ე” ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, ამასთან, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და სრულყოფილად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რისთვისაც სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.