ბს-910-884(კ-10) 16 ნოემბერი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ა. ჩ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სოციალური მომსახურების სააგენტოს
გურიის საკოორდინაციო ცენტრი
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ჩ-ძემ სარჩელი აღძრა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის საკოორდინაციო ცენტრის მიმართ და მოითხოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის საკოორდინაციო ცენტრის ოზურგეთის საკონტროლო ჯგუფის ¹3 შეწყვეტის ოქმის ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით:
საქმის გარემოებები:
მოსარჩელის მითითებით, რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ღებულობდა საარსებო შემწეობის 42 ლარს. 2007 წლის 25 სექტემბერს ოზურგეთის საკონტროლო ჯგუფმა შეადგინა შეწყვეტის ოქმი ¹3, რის საფუძველზეც გაუქმდა მისი რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და შეუწყვიტეს შემწეობის - 42 ლარის მიღება, რამაც არსებითი ზიანი მიაყენა მის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით, მან განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს 2007 წლის 25 სექტემბრის ¹3 შეწყვეტის ოქმის თაობაზე, საიდანაც 2009 წლის 15 ივნისის წერილით ეცნობა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების სიაში რეგისტრაცია გაუქმებულია მისი მხრიდან არასწორი და ყალბი ინფორმაციის მიწოდების გამო, კერძოდ, თითქოს მის მიერ არასწორად იქნა მითითებული ოჯახის შემოსავალი და გასავალი. მოსარჩელემ 2009 წლის 17 სექტემბერს კვლავ მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის საკოორდინაციო ცენტრს, რომ წარმოედგინა კონკრეტული ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მაგრამ პასუხი არ მიუღია.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
მოსარჩელემ ,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-5 პუნქტის საფუძველზე მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 2-12).
მოპასუხემ - სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის საკოორდინაციო ცენტრმა სარჩელი არ ცნო შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის ¹51 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის” მე-12 და მე-13 მუხლების საფუძველზე, ოჯახის მიერ დეკლარირებული მონაცემები არ შეესაბამებოდა ოჯახის რეალურ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ადგილი ჰქონდა არასწორი ინფორმაციის მიწოდებას. ამასთან, მოსარჩელის მიერ დაირღვა ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა და წესი (იხ. ს.ფ. 17-24).
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ჩ-ძის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის ¹51 დადგენილებით დამტკიცებული საოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-13 მუხლის მე-2 ნაწლის შესაბამისად, ,,მაძიებელი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიწოდებული არასწორი ინფორმაციის დადგენის შემთხვევაში მაძიებელი ოჯახის განაცხადი მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად ძალას კარგავს ავტომატურად. სიყალბის აღმოჩენის შემთხვევაში მაძიებელი ოჯახი კარგავს უფლებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია”, სასამართლოს განმარტებით, წარმოდგენილი მასალების შესაბამისად დასტურდება, რომ მოსარჩელემ მიუთითა, ოჯახის შემოსავალი, რომელიც განსხვავებულია ხარჯებისგან.
გარდა აღნიშნულისა, დადასტურებულია, რომ ა. ჩ-ძეს ჰყავს ძლიერი თანადგომის ქსელი შვილისა და სიძის სახით, რომლებსაც აქვთ კერძო ბიზნესი.
ამასთან, სასამართლოს მითითებით, ა. ჩ-ძეს დახმარება არ მიუღია 2007 წლის ივლისიდან და აღნიშნული მისი მხრიდან 2 წლის განმავლობაში არ გამხდარა სადავოდ (იხ. ს.ფ. 81-82).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ჩ-ძემ და მოითხოვა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:
არამართებულია რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ა. ჩ-ძემ მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს მიაწოდა არასწორი ინფორმაცია ოჯახის ხარჯების შესახებ. კითხვას, რომელიც ეხებოდა ოჯახის მიერ გასული წლის გნმავლობაში გაწეული ხარჯების შესახებ ა. ჩ-ძემ უპასუხა, რომ გასულ წელს მიიღო შემოსავალი 1570 ლარის ოდენობით. აპელანტის განმარტებით, 2006 წლის ივნისიდან 2007 წლის ივლისამდე ა. ჩ-ძემ და მისმა მეუღლემ – ნ. ჩ-ძემ პენსიის სახით მიიღეს შემოსავალი 1300 ლარის ოდენობით, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების სიაში რეგისტრაციის შემდეგ 2007 წლის 1 იანვრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით მიღებული აქვს დახმარების სახით 252 ლარი, საერთო ჯამში პენსიისა და დახმარების სახით მან მიიღო შემოსავალი 1552 ლარი, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ 18 ლარს, მას არ მისცეს საშუალება წარედგინა მტკიცებულება და დაესაბუთებინა საკუთარი ხარჯები.
ასევე არამართებულია იმაზე მითითება, რომ ა. ჩ-ძის ოჯახს ჰყავს ძლიერი თანადგომის ქსელი შვილისა და სიძის სახით, რომელთაც აქვთ კერძო ბიზნესი. აპელანტის მითითებით, გაუგებარია შვილის ყოლა, რომელიც გათხოვილია და აქვს თავისი ოჯახი, როგორ აუმჯობესებს მის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ამასთან, მოპასუხეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება იმისა, რაც დაადასტურებდა ზემოაღნიშნულ ფაქტს.
ხოლო რაც შეეხება ხანდაზმულობას, აპელანტის განმარტებით, ა. ჩ-ძისათვის არ განუმარტავთ გასაჩივრების უფლება.
აპელანტის მითითებით, რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილი, მე-13 მუხლი, 72-ე მუხლი, 92-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 98-ე მუხლი, ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი (იხ. ს.ფ. 84-94).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განჩინებით ა. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი დასკვნები და მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 აპრილის სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი ა. ჩ-ძის 2005 წლის 18 ნოემბრის ოჯახის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ იგი შედიოდა სოციალურად დაუცველი ოჯახის სიაში;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 აპრილის სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი ა. ჩ-ძის 2007 წლის 20 თებერვლის ოჯახის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ა. ჩ-ძის ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა არის საშუალოზე მაღალი შეძლების; საქმეში წარმოდგენილი 2007 წლის 18 ივლისის სოციალური აგენტის, ზ. კ-ძის მიერ შედგენილი აქტიდან ირკვევა, რომ ა. ჩ-ძეს ჰყავს ძლიერი თანადგომის ქსელი შვილისა და სიძის სახით, რომლებსაც აქვთ კერძო ბიზნესი. მისი ქალიშვილი არის მაღაზიის მფლობელი. იგი ასევე ფლობს წილს ქალაქის ცენტრში მდებარე სილამაზის სალონში (ს.ფ. 27).
სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის ¹51 დადგენილებით ,,დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზის ფორმირების წესის” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაძიებელი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიწოდებული არასწორი ინფორმაციის დადგენის შემთხვევაში მაძიებელი ოჯახის განაცხადი მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად ძალას კარგავს ავტომატურად. სიყალბის აღმოჩენის შემთხვევაში მაძიებელი ოჯახი კარგავს უფლებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში განმეორებით მოითხვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ა. ჩ-ძის ოჯახს შემწეობა არ მიუღია 2007 წლის ივლისიდან, რაც მხარემაც დაადასტურა სააპელაციო სასამართლოში (იხ. ს.ფ. 145-149).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ჩ-ძემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 აპრილის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება, იმავე მოტივებით, რაზეც მიუთითებდა სარჩელში და სააპელაციო საჩივარში (იხ. ს.ფ 156-164).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა სოციალური მომსახურების სააგენტომ და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. )
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ა. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად (პროცესუალური კასაცია) (იხ. ს.ფ 180-183).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაირღვა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393.2, 394 “ე” მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული და გადაწყვეტილია საპროცესო ნორმებით დადგენილი მოთხოვნების უგულებელყოფით, სასამართლო აქტი არ შეიცავს დასაბუთებულ მსჯელობას სააპელაციო საჩივრის მოტივებზე, არ არის გაქარწყლებული აპელანტების მოსაზრებები, ისე არის მიჩნეული დაუსაბუთებლად და კანონშეუსაბამოდ.
სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო სასამართლოს სრულიად დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ 2007 წლის 20 თებერვლის ოჯახის დეკლარაციიდან ირკვევა - ა. ჩ-ძის ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა არის საშუალოზე მაღალი შეძლების და ასევე ის ფაქტი რომ როგორც 2007 წლის 18 ივლისის სოციალური აგენტის მიერ შედგენილი აქტიდან ირკვევა ა. ჩ-ძეს ჰყავს ძლიერი თანადგომის ქსელი შვილისა და სიძის სახით, რომელთაც აქვთ კერძო ბიზნესი და აღნიშნულის გათვალისწინებით კანონიერად მიიჩნია სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის საკორდინაციო ცენტრის ოზურგეთის საკონტროლო ჯგუფის 2007 წლის 18 ივლისს შედგენილი ოქმი, რომლითაც გაუქმდა ა. ჩ-ძის რეგისტრაცია სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ერთიან ბაზაში და შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება, რასაც საფუძვლად დაედო საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის ¹51 დადგენილებით ,,დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზის ფორმირების წესის” მე-12 და მე-13 მუხლები.
იმ პირობებში, როცა სასამართლომ შეფასება არ მისცა, თუ რამდენად წარმოადგენდა შვილისა და სიძის ბიზნესი ა. ჩ-ძის ოჯახის ეკონომიური მდგომარეობის დონის განსაზღვრის წინაპირობას, მით უფრო მაშინ როცა საქმეში არ მოიპოვებოდა იმის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება, რომ ა. ჩ-ძის ქალიშვილსა და სიძეს მართლაც ჰქონდათ ქალაქის ცენტრში მაღაზია და ფლობდნენ სილამაზის სალონში წილს. ასევე არ შეაფასა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ნიგოეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული 2009 წლის 30 ნოემბრის ¹38 ცნობა (ს.ფ. 51), რომლითაც დასტურდება, რომ ა. ჩ-ძის ქალიშვილი არის ლანჩხუთის რ/ნ სოფ. ნიგოეთის თემის სოფ. ... მცხოვრები, ხოლო ა. ჩ-ძე კი ცხოვრობს ქ. ლანჩხუთში, ... ქ. ¹30-ში (ამჟამად ... ქ. ¹32-ში მეუღლესთან – ნ. ჩ-ძესთან ერთად (იხ. ს.ფ. 52) სასამართლომ ისე გადაწყვიტა დავა, რომ არ გამოუკვლევია საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, რის საფუძველზე მოხდა მოსარჩელისათვის სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმება და შემწეობის შეწყვეტა, არსებობდა თუ არა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის ¹51 დადგენილებით ,,დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზის ფორმირების წესის” შესაბამისად სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განჩინებაში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები არ ემყარება სათანადო ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებს და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.
საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.2 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლომ საქმის განხილვისას სარწმუნოდ უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, მოცემულ შემთხვევაში კი სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას საქმის ფაქტობრივი გარემოება დადგენილ იქნა არასრულყოფილად, შესაბამისად, სახეზეა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მითითებული ნორმით დადგენილი პირობების დარღვეულად მიჩნევის პროცესუალური საფუძვლები, კერძოდ, მოცემული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლო ისე დაეყრდნო იმ ფაქტს, რომ 2007 წლის 20 თებერვლის დეკლარაციის შესაბამისად, ა. ჩ-ძის ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა არის საშუალოზე მაღალი შეძლების, რომ სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის მასალები, დადგენილად მიჩნეული გარემოებები არ ჰპოვებს დადასტურებას შესაბამისი მტკიცებულებებით, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებები კი არაა ობიექტური შეფასება, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები სრულიად დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის ¹51 დადგენილებით ,,დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზის ფორმირების წესის” მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სააგენტო მოიძიებს და იღებს ინფორმაციას მაძიებელთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების შესახებ. ამავე მუხლის მე 2 ნაწილის თანახმად, კი ცვლილების შინაარსი შეიძლება ეხებოდეს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას.
სააპელაციო სასამართლომ ისე დააფუძნა განჩინება საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის ¹51 დადგენილებით ,,დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზის ფორმირების წესის” მე-13 მუხლს, რომ არ გამოუკვლევია მართლა ჰქონდა თუ არა მაძიებლის მიერ არსწორი ინფორმაციის მიწოდების ფაქტს ადგილი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმე საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით და ოფიციალობის პრინციპიდან გამომდინარე მოიპოვოს მტკიცებულებები და მათი შეფასების შემდეგ გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის შესახებ, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გამოარკვიოს მართლა ჰქონდა თუ არა მაძიებლის მიერ არასწორი ინფორმაციის მიწოდების ფაქტს ადგილი, რეალურად წარმოადგენდა თუ არა ა. ჩ-ძის შვილისა და სიძის ბიზნესი მისი ეკონომიკური მდგომარეობის დონის განმსაზღვრელ წინაპირობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. ამდენად, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.