Facebook Twitter

ბს-915-889(კ-10) 12 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ე. გ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2009 წლის 10 ნოემბერს ე. გ-ძემ სარჩელი აღძრა ხონის რაიონულ სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხონის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ხონის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი ფართის გ. გ-ავას სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება (იხ. ს.ფ. 3-12).

ხონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 124-127).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-ძემ და მოითხოვა ხონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება გ. გ-ავას სახელზე საკუთრების უფლებით ხონის რაიონის სოფ. ... მდებარე 84 კვ.მ ფართის თანასაკუთრებად აღრიცხვის შესახებ (იხ. ს.ფ. 130-139).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განჩინებით ე. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ხონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 207-213).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-ძემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებითსარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 220-227).

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 15 ივლისის განჩინებით ე. გ-ძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 231-232).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა გ. გ-ავამ და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა შემდეგი მოტივით:

მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს, რომ 1992 წლის 20 ოქტომბრის პრივატიზაციის ხელშეკრულებით ხონის რაიონის სოფ. ... ... ფაბრიკის წარმომადგენელმა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის დადგენილების თანახმად, 1992 წლის 20 ოქტომბერს გ. გ-ავას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა ... ... ფაბრიკის კუთვნილი 84 კვ.მ საცხოვრებელი ბინა. ხელშეკრულება იმავე დღეს დამოწმებული იქნა სანოტარო ბიუროში და რეგისტრაციაში გატარდა ტექინვენტარიზაციის ბიუროში. რაიონულმა და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა მართებულად არ გაიზიარეს მოსარჩელის პოზიცია, რომ მოპასუხე გ. გ-ავას ეკუთვნის ... ფაბრიკის სახლის პირველ სართულზე მდებარე ბინა და არა მეორე სართულზე მდებარე ბინა საერთო ფართით – 84 კვ.მ. საჯარო რეესტრის სამსახურიდან გამოთხოვილი დოკუმენტით დადგინდა, რომ პირველ სართულზე მდებარე საცხოვრებელი ოთხოთახიანი ბინა საერთო ფართით – 84,33 კვ.მ რეგისტრირებულია გ. გ-ავას მამის _ ჯ. გ-ავას სახელზე, ხოლო იმავე სახლის მეორე სართულზე მდებარე სადავო ბინა საერთო ფართით – 84 კვ.მ გ. გ-ავას სახელზე.

მოწინააღმდეგე მხარემ არ გაიზიარა კასატორის მოსაზრება, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა “საჯარო რეესტრის შესახებ” კანონი. მითითებული კანონის 3.6 მუხლისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 592-ე მუხლის შესაბამისად, გ. გ-ავას საჯარო რეესტრში წარდგენილი ჰქონდა ყველა დოკუმენტი, რის გამოც რეესტრის სამსახური ვალდებული იყო მოეხდინა უძრავ ქონებაზე რეგისტრაცია (იხ. ს.ფ.).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ ე. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ე. გ-ძის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ე. გ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ე. გ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ ე. გ-ძეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 30%-ის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რადგან კასატორი წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 15 ივლისის განჩინებით. ამასთან, სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის სრული ოდენობის 70% ექვემდებარება დაბრუნებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორ ე. გ-ძის მიერ საკასაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს სსსკ-ის 39.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, 90 ლარს (300-ის 30%), რაც უნდა გადახდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. გ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს _ ე. გ-ძეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 30% _ 90 ლარის გადახდა შემდეგ ანგარიშზე: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900 (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი _ 300773150, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ 220101222);

1. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.