Facebook Twitter

ბს-922-882 (კ-09) 17 მარტი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი _ გ. ილინა

კასატორები (მოსარჩელეები) _ ა. ბ-ვა, ვ. ბ-ური, ლ. ბ-ათი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ქ. თბილისის მერია

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.09.08წ. განჩინება

დავის საგანი _ მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

a. ბ-ვამ, ვ. ბ-ურმა და ლ. ბ-ათიმ 22.05.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მიმართ, რომლითაც საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ გაცემული ცნობების ცხრილის მიხედვით მოპასუხეებისათვის ა. ბ-ვას სასარგებლოდ – 10202.40 აშშ დოლარის, ვ. ბ-ურის სასასარგებლოდ – 6801,60 აშშ დოლარის და ლ. ბ-ათის სასარგებლოდ 22957 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება მოითხოვეს.

მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ა. ბ-ვა და ვ. ბ-უირი არიან 1991-1992 წლების თბილისის სამოქალაქო ომის დროს დაზარალებული ლ. ბ-ვას მემკვიდრეები, რომელიც ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...ს ქ. ¹3-ში, ომის შედეგად დაეწვა სახლი და მასში არსებული ნივთები, რამაც მიაყენა მატერიალური ზიანი, რომელიც სარჩელის შეტანის მომენტისათვის იყო 17004 აშშ დოლარი. ლ. ბ-ვას გარდაცვალების შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა მიიღეს სამემკვიდრეო მოწმობა. მესამე მოსარჩელე ლ. ბ-ათი არის ფ. ბ-ვას მემკვიდრე, რომელიც ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹15-ში და 1991-1992 წლების თბილისის სამოქალაქო ომის დროს განადგურდა მთლიანად მისი უძრავ-მოძრავი ქონება. ქონება შეფასებულ იქნა 22957 აშშ დოლარად, რომლის მოთხოვნის უფლებაც მემკვიდრეობით მიიღო ლ. ბ-ათმა. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა აიღო საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ თითოეული დაზარალებული ოჯახის მიმართ შედგენილი ცნობების და ქ. თბილისის მთავრობის 24.01.01წ. ¹01.15.12 დადგენილებით დამტკიცებული დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური (ქონებრივი) ზარალის კომპენსაციის ამსახველი ცხრილის მიხედვით:P ა. ბ-ვას – 10202.40 აშშ დოლარი, ვ. ბ-ურს – 6801,60 აშშ დოლარი და ლ. ბ-ათის – 22957 აშშ დოლარი ეკუთვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.09.07წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს ა. ბ-ვას, ვ. ბ-ურსა და ლ. ბ-ათს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ბ-ვამ, ვ. ბ-ურმა და ლ. ბ-ათიმ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.09.08წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.09.07წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორებმა ვერ შეძლეს ხსენებული დასკვნების გაბათილება, რის გამოც მათი საჩივარი მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ და არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.09.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. ბ-ვამ, ვ. ბ-ურმა და ლ. ბ-ათიმ, რომლებმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მათი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორებმა მიუთითეს, რომ დაზარალებულთა საკომპენსაციო თანხის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულებით საქართველოს იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროების დასკვნების საფუძველზე, რაც დღემდე არ გაუხდიათ სადავოდ მოპასუხეებს. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე განსაზღვრული ინდექსირებული თანხებით დღემდე მიმდინარეობს ასობით დაზარალებული თბილისელისათვის მიყენებული ზარალის კომპენსაციის გაცემა. შესაბამისად ამ საკითხზე საქალაქო სასამართლოს მოსაზრების გაზიარება და განჩინებისათვის მისი საფუძვლად დადება სრულიად უკანონო და საფუძველს მოკლებულია. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა სამი წელია იმ მომენტიდან, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ, ხოლო მოსარჩელეებმა სასამართლოს მიმართეს ვადის დარღვევით. აღნიშნული ნორმა არ ესადაგება მოცემულ შემთხვევას, ვინაიდან მართალია, მოსარჩელეებს ზიანი 1991-1992 წ.წ. თბილისის ცნობილი მოვლენების შედეგად მიადგათ და სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ 2004 წელს აღიძრა, მაგრამ სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა – საქართველოს პრეზიდენტმა 26.07.96წ. ¹180 განკარგულებით აღიარა და იკისრა მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის – 8 მილიონი აშშ დოლარის ანაზღაურების ვალდებულება, რასაც დღემდე არ უარყოფს, რადგან აღნიშნული განკარგულება დღესაც ძალაშია, მის საფუძველზე გრძელდება საკომპენსაციო თანხების ეტაპობრივი გაცემა და სავალდებულოა შესასრულებლად. სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებული პირი (მოვალე) უფლებამოსილი პირის (კრედიტორის) წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება და შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულების გამოცემიდან, ამ განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებების საბოლოო შესრულებამდე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითება კასატორთა მოსაზრებით სრულიად უსაფუძვლოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ-ვას, ვ. ბ-ურისა და ლ. ბ-ათის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

დაუსაბუთებელია მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გაცდენის თაობაზე. სააპელაციო პალატის მიერ გაზიარებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ დაზარალებულებს 1998 წლის 1 იანვრიდან წარმოეშვათ მოთხოვნის უფლება და სარჩელი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ იქნა სასამართლოში წარდგენილი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “თბილისში 1991-1992წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 26.07.1996წ. ¹180 განკარგულებით აღიარებული იქნა ქ. თბილისში 1991-1992წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის – 8 მილიონი აშშ დოლარის ანაზღაურების ვალდებულება. ხსენებული განკარგულება დღემდე ძალაშია და სავალდებულოა შესასრულებლად, მის საფუძველზე გრძელდება საკომპენსაციო თანხების ეტაპობრივი გაცემა. 26.12.1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 83.2 მუხლის, ასევე 26.06.1997წ. სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებული პირი (მოვალე) უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება.

წინააღმდეგობრივია სასამართლოს მოსაზრება ინდექსაციასთან დაკავშირებით. სასამართლო, ერთის მხრივ, მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 26.07.1996წ. ¹180 განკარგულებაზე, რომლითაც დადგენილია მიყენებული ზიანის ოდენობა, 8 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, ამავე დროს აღნიშნავს, რომ ამავე განკარგულებით დადგენილი არ ყოფილა რუსული მანეთის ინდექსაციის წესი. ვინაიდან “თბილისში 1991-1992წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 26.07.1996წ. ¹180 განკარგულებით ეროვნულ ვალუტაში დადგინდა დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, რასაც, ამავე განკარგულების თანახმად, საფუძვლად დაედო იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროთა შესაბამისი დასკვნები, შესაბამისად დაუსაბუთებელია ზიანის ოდენობის განსაზღვრის დაკავშირება რუსული მანეთის ლარში ინდექსაციასთან.

1991-1992წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბელიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ გაცემული ცნობები, რომლებშიც მითითებულია მიყენებული ზიანის მოცულობა, სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია დავის საგნის ოდენობის განსაზღვრისათვის. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ასკ-ის მე-4 მუხლის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილი იყო თავისი ინიციატივით მიეღო გადაწყვეტილება დამატებითი მტკიცებულებებისა და ინფორმაციის წარმოსადგენად, მტკიცებულებათა ბუნდოვანება არ წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენაზე უარის თქმის საფუძველს.

1991-1992წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბელიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისია შექმნილია “თბილისში 1991-1992წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 26.07.1996წ. ¹180 განკარგულებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 12.09.96წ. ¹14.04.901 დადგენილებით, განსახილველ საქმეში დაცულია კომისიის მიერ გაცემული ცნობები საკომპენსაციო თანხის ოდენობების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა კომისიის საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. ამასთანავე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის მიზნით საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ბ-ვას, ვ. ბ-ურისა და ლ. ბ-ათის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა. ბ-ვას, ვ. ბ-ურის და ლ. ბ-ათის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.09.08წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.