ბს-931-891 (კ-09) 12 იანვარი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (არ გამოცხადდა)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ დ. ნ-შვილი
მოპასუხე _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, წარმომადგენელი _ ლ. ჩ-ძე (2008 წლის 8 ივლისის ¹01-12/06/8459 რწმუნებულება)
მესამე პირი _ ლ. ც-ძე (არ გამოცხადდა)
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
დ. ნ-შვილმა 2008 წლის 22 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ, რომელმაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 22 აპრილის ¹420/კ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 ივლისის განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მესამე პირად ჩაბმულ იქნა ლ. ც-ძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ნ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2008 წლის 22 აპრილის ¹420/კ ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, არსებული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავდროულად მოპასუხეს დაეკისრა, მოსარჩელე დ. ნ-შვილისათვის განაცდური ხელფასის 2008 წლის 22 აპრილიდან ახალი აქტის გამოცემამდე ანაზღაურება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 4 დეკემბრის ¹1874/კ ბრძანების შესაბამისად, სსიპ ,,...” ... მოვალეობის შემსრულებელი _ დ. ნ-შვილი კონკურსის შედეგების გათვალისწინებით 4 წლის ვადით დაინიშნა, “...” ... თანამდებობაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 22 აპრილის ¹420/კ ბრძანების შესაბამისად, დ. ნ-შვილი სსიპ ,,...” ... თანამდებობიდან გათავისუფლდა ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 55.2 მუხლის, საქარველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 18 იანვრის ¹40 ბრძანებით დამტკიცებული “...” წესდების 7.3 მუხლისა და ,,საქართველოს შრომის კოდექსის” 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” პუნქტის საფუძველზე _ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ შრომითი ხელშეკრულების დარღვევად მიიჩნია სააღმზრდელო დაწესებულებაში გამოვლენილი ანტისანიტარია, აღსაზრდელთა საცხოვრებელი პირობებისა და ჰიგიენური ნორმების დარღვევის ფაქტები.
2008 წლის 8 თებერვალს, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,...”-თან გაფორმებული იქნა გრანტის ხელშეკრულება ¹001/2008, დაწესებულების მთავარი შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოთა ჩასატარებლად. აღნიშნული ხელშეკრულება დადებულ იქნა 6 თვის ხანგრძლივობით, ხოლო გრანტის რაოდენობად განისაზღვრა 45 728,18 ლარი. 2008 წლის 12 თებერვალს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვზე ზრუნვის სამმართველოს უფროსისადმი სსიპ ,,...” ... _ დ. ნ-შვილის მიმართვის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვზე ზრუნვის სამმართველოს შესათანხმებლად წარედგინა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,...”-ის მიერ შეთავაზებული პროექტი ,,ბავშვთა სახლის განახლების” განხორციელების მიზნით, რომლის თანახმად, პროექტის მიზანი იყო დაწესებულების მთავარი შენობისათვის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. გრანტის ხელშეკრულების შესრულების მიზნით სსიპ ,,...” დირექტორსა და შ.პ.ს. ,,...” შორის დადებულ იქნა ნარდობის ხელშეკრულება სარემონტო სამუშაოების ჩატარების თაობაზე.
სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შ.პ.ს. ,,...”-ს 2008 წლის 19 მაისის ცნობით, სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას მთავარ შენობაში მე-2 სართულზე აღსაზრდელებისათვის საცხოვრებლად განკუთვნილ ფართში სამუშაოების წარმოება მოხდა მაქსიმალურად სწრაფად, შესაბამისი ნორმების დაცვით და ბავშვებს არასათანადო პირობები არ შექმნიათ. ამასთან სართულზე სადაც აღსაზრდელები არ ცხოვრობდნენ, სამუშაოები მიმდინარეობდა ჩვეულებრივი გრაფიკით, რითაც ბავშვებს ასევე არ შექმნიათ არასათანადო პირობები. 2008 წლის 13 მარტს, როდესაც სსიპ ,,...” ეწვივნენ სტუმრები, რაც ტელევიზიით გაშუქდა. ამ დღეს მორიგე თანამშრომლები წერილობით ნოტარიალურად დამოწმებული 2008 წლის 27 ივნისის აქტით ადასტურებდნენ იმ გარემოებას, რომ 2008 წლის 13 მარტს, შენობის რემონტის დაწყებამდე და შემდეგ პერიოდში ბავშვებს მათთვის საცხოვრებლად განკუთვნილ სართულზე შექმნილი ჰქონდათ შესაფერისი საცხოვრებელი პირობები, გააჩნდათ საჭირო ნივთები, ჰიგიენური საშუალებები და ჩასაცმელი, სათანადოდ მოვლილები, უზრუნველყოფილნი იყვნენ კარგი კვებით და შენობაში არანაირ ანტისანიტარიას არ ჰქონია ადგილი.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მართალია, სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მისი გამოცემის საფუძვლად არ იყო მითითებული განთავისუფლების ფაქტობრივი საფუძველი, მაგრამ საქმეზე მოპასუხის ახსნა-განმარტებისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დგინდებოდა, რომ დ. ნ-შვილის გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძველი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვზე ზრუნვის სამმართველოს უფროსის მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმად, სსიპ ,,...” მოინახულეს საქართველოში სტუმრად მყოფმა ამერიკელმა მომღერალმა და ფონდ ,,...” პრეზიდენტმა სხვადასხვა ტელევიზიების კორესპონდენტებთან ერთად. აღნიშნული სტუმრობა გაშუქებულ იქნა ტელევიზიების მიერ, რა დროსაც დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა სტუმრების მიერ შეფასდა უარყოფითად. ადმინისტრაციული წარმოებისას დ. ნ-შვილის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, საინფორმაციო გადაცემაში გაშუქდა საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართული, რომელიც იმ ეტაპზე სარემონტო სამუშაოების გამო არ გამოიყენებოდა საცხოვრებლად და იქ ინახებოდა უვარგისი ტანსაცმელი. მიუხედავად იმისა, რომ დირექტორმა სტუმრებსა და კორესპონდენტებს განუმარტა, რომ მიმდინარე რემონტის გამო დაწესებულებაში არსებობდა დროებითი სიძნელეები, აღნიშნულ კომენტარზე საინფორმაციო გადაცემაში ყურადღება არ გამახვილებულა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის “ა” და ,,დ” ქვეპუნქტების შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ სადავო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2008 წლის 22 აპრილის ¹420/კ ბრძანება მოსარჩელის უფლებებს უშუალოდ შეეხებოდა და წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლისა და 601-ე მუხლების გათვალისწინებით სახეზე იყო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის ბათილობის წინაპირობები.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქმის მასალებით უდავოდ დასტურდებოდა, რომ მოპასუხე _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სადავო ბრძანების გამოცემისას დაეყრდნო მხოლოდ ტელევიზიების მიერ საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქებულ ინფორმაციასა და უცხო პირთა სუბიექტურ შეფასებას, არ გამოუკვლევია დაწესებულებაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ჩატარებისას ირღვეოდა თუ არა ბავშვთა ზრუნვის წესი და ჰიგიენური ნორმები, იყო თუ არა ანტისანიტარია. სარემონტო სამუშაოების ჩატარება უდავოდ გამომდინარეობდა თავად აღსაზრდელების ინტერესებიდან, რის თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინფორმირებული იყო. საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით და საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქებული ინფორმაცია იყო ურთიერთსაწინააღმდეგო. სასამართლომ მიუთითა, რომ რემონტის პარალელურად ბავშვთა ინტერესების სრული გათვალისწინება, ოჯახურ გარემოშიც შეუძლებელი იყო. ამასთან განსახილველი საკითხის შეფასება მოითხოვდა სათანადო წესით სიღრმისეულ კვლევას თუ რამდენად სწორად იქნა შერჩეული ღონისძიებები აღსაზრდელების ინტერესების დაცვით და ხომ არ ჰქონდა ადგილი ჰიგიენური ნორმების დარღვევას.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2008 წლის 22 აპრილის ¹420/კ ბრძანების ბათილად ცნობით, გაუქმებულ იქნა ადმინისტრაციული ორგანოს _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაცემული სადავო აქტის სამართლებრივი შედეგი _ დ. ნ-შვილის სამუშაოდან დათხოვნა, რის გამოც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის საფუძველზე, ახალი აქტის გამოცემამდე არსებულ პერიოდში მოსარჩელეს ეკუთვნოდა განაცდური ხელფასი. ვინაიდან დ. ნ-შვილის მიერ 2008 წლის 22 აპრილიდან ხელფასის მიუღებლობა მოპასუხის უკანონო აქტის გამოცემით იყო განპირობებული, შესაბამისად, მოსარჩელე გათავისუფლების დღიდან ახალი აქტის გამოცემამდე არსებულ პერიოდში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაგან ხელფასის მიღების უფლების მქონე სუბიექტს წარმოადგენდა, მიუხედავად იმ გარემოებისა, ახალი აქტით იგი წინანდელ სამუშაოზე აღდგებოდა, თუ კვლავ მიღებული იქნებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმის შესახებ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 მარტის სასამართლო სხდომაზე დ. ნ-შვილის შუამდგომლობის საფუძველზე საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ნ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2008 წლის 22 აპრილის ¹420/კ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში დარჩა უცვლელად; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად დაევალა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3 მუხლის “გ” პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს, მაგრამ ამავდროულად დამატებით განმარტა, რომ ვინაიდან სსიპ ,,...” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცა, შესაბამისად პალატამ მიიჩნია, რომ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ნაწილში უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორმა აღნიშნა, რომ არ ეთანხმება სასამართლოს მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნირების მინისტრის 2008 წლის 22 აპრილის 420/კ ბრძანების ბათილად ცნობას, მხოლოდ იმის გამო, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო გამოუკვლეველი და შეუსწავლელი გარემოებები, ფაქტები და მტკიცებულებები. ასევე არ იზიარებს სასამართლოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტროს დამატებით უნდა გამოეკვლია არსებული მდგომარეობა მაშინ, როდესაც საკითხი ეხებოდა მოზარდთა ჯანმრთელობასა და განვითარებას. აღსაზრდელებისათვის ისეთი პირობების შექმნას, რომელიც ეწინააღმდეგება ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა მიმართ სახელმწიფო პროლიტიკის ინტერესებს, რაც დირექტორის უმოქმედებასა თუ დაუდევარ ქმედებაზე მიანიშნებდა.
კასატორის განმარტებით, უდავოა, რომ სარემონტო სამუშაოები აღსაზრდელთა საკეთილდღეოდ მიმდინარეობდა, მაგრამ ეს უნდა განხორციელებულიყო უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით. დირექტორის მცდელობა, სამომავლოდ შეექმნა აღსაზრდელებისათვის იდეალური გარემო, მისივე ძალისხმევით უნდა განხორციელებულიყო მოზარდებისათვის მისაღები პირობების დაცვით. დაწესებულებაში სტუმრად მყოფი პიროვნებები ვერ იქნებოდნენ სუბიექტურები, რაც არ შეიძლება ითქვას სააღმზრდელო დაწესებულების თანამშრომლებზე, რომელთა პოზიცია გაიზიარა სასამართლომ. საზოგადოებრივი განსჯის საგნად ქცეული გარემოება დირექტორის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევად იქნა მიჩნეული, ვინაიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 18 იანვრის ¹40 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის “...” წესდების თანახმად, ... არის დაწესებულების საქმიანობის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირი; ხოლო აღნიშნული დაწესებულების მიზანია ბავშვისათვი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექნა, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ განვითარებას. მინისტრის სადავო ბრძანების გამოცემამდე დ. ნ-შვილს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომლითაც მოსარჩელემ აღიარა, რომ შექმნილი დროებითი სიძნელეების მიზეზი იყო მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. ამდენად, ბრძანების გამოცემის დღისათვის სამინისტროსა და მთელი საზოგადოებისათვის ცნობილი ფაქტი დადასტურებულ იქნა თავად ხელმძღვანელის მიერ, რაც საკმარისი აღმოჩნდა ... გათავისუფლებისათვის. კასატორს მიაჩნია, რომ დ. ნ-შვილი ვალდებული იყო სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე, აღსაზრდელებისათვის შეექმნა სათანადო პირობები ანუ ისეთი გარემო, რაც შეუიარაღებელი თვალით აღქმულ რეალობას საზოგადოებისათვის მწვავეს და მიუღებელს არ გახდიდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ არ არსებობს ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. კასატორი არ ეთანხმება სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებას იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ განაცდური არის სწორედ ის დრო, როდესაც დასაქმებული ითვლება უკანონოდ გათავისუფლებულად. სასამართლომ დაადგინა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ბრძანება გამოსცა ფაქტობრივი გარემოებების არასრულყოფილი შესწავლისა და შეფასების შედეგად, ე.ი. პროცედურული დარღვევებით. ამ საფუძვლით აქტი ბათილად იქნა ცნობილი, მაგრამ სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე, რაც ნიშნავს იმას, რომ დათხოვნის კანონიერების საკითხი არსებითად არ გადაწყვეტილა. ასეთ პირობებში მოპასუხისათვის განაცდურის დაკისრება არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან. კეძროდ, საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, განაცდური გაიცემა სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლებისას. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ გაუთვალისწინებია, რომ განაცდურის ცნებაში კანონით მოიაზრება დამსაქმებლის ბრალით მიუღებული სახელფასო ანაზღაურება, რაც მუშაკს ეკუთვნის უკანონოდ გათავისუფლებიდან სამუშაოზე აღდგენამდე დროის განმავლობაში, ე.ი. განაცდურის დაკისრებისათვის აუცილებელია, არსებობდეს ორი პირობა მუშაკის უკანონოდ გათავისუფლება და სამუშაოზე აღდგენა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ უკანონოდ ცნო დ. ნ-შვილის სამუშაოდან გათავისუფლება პროცედურული დარღვევის გამო და საკითხი ხელახალი შესწავლისათვის დაუბრუნა ადმინისტრაციულ ორგანოს, შესაბამისად, არსებითად არ განხილულა და არ გადაწყვეტილა სამუშაოზე აღდგენის საკითხი. ამდენად, მოპასუხისათვის განაცდურის დაკისრება, მოკლებულია კანონიერ საფუძვლებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგენილ იქნა საქმის განხილვა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 4 დეკემბრის ¹1874 ბრძანებით “...” ... მოვალეობის შემსრულებელი _ დ. ნ-შვილი დაინიშნა ... თანამდებობაზე 4 წლის ვადით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 22 აპრილის ¹420/კ ბრძანებით დ. ნ-შვილი განთავისუფლდა სსიპ “...” ... თანამდებობიდან. ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ 2008 წლის მარტის თვეში “...” გამოვლენილ იქნა ანტისანიტარია, აღსაზრდელთა საცხოვრებელი პირობების ჰიგიენური ნორმების დარღვევის ფაქტები. გამოვლენილი დარღვევებისა და ... ახსნა-განმარტების საფუძველზე სამინისტრო მივიდა დასკვნამდე, რომ სარემონტო სამუშაოების მიზეზით აღსაზრდელთათვის არასათანადო და არაშესაფერისი პირობების შექმნა ყოვლად მიუღებელი იყო და ეწინააღმდეგებოდა ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ინტერესებს. ბრძანების მიღების სამართლებრივი საფუძველია “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 18 იანვრის ¹40 ბრძანებით დამტკიცებული “...” წესდების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტი.
დადგენილია, რომ “...” 2008 წლის 12 თებერვლის ¹20 წერილით ... _ დ. ნ-შვილმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვზე ზრუნვის სამმართველოს დასამტკიცებლად წარუდგინა დაწესებულების ბაზაზე ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების პროგრამა (ტ. I, 29). დაწესებულების ბაზაზე სარემონტო სამუშაოები წარმოებდა ¹001/2008 წლის გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს “...” დადებული ნარდობის ხელშეკრულების მიხედვით (ტ. I, ს.ფ. 30-47). მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ 2008 წლის 13 მარტს დაწესებულებაში მყოფი სტუმრების ვიზიტი გაშუქდა სხვადასხვა ტელეარხის საშუალებით და სტუმრების მხრიდან დაწესებულებაში არსებული ჰიგიენურ-სანიტარული მდგომარეობა შეფასდა უარყოფითად.
სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ იგი გამოცემული იყო კანონით დადგენილი წესების დარღვევით, ისეთი არგუმენტებისა თუ გარემოებების საფუძველზე, რომლებიც ადმინისტრაციული წარმოების დროს გამოკვლეული და შეფასებული არ ყოფილა, ამასთან სადავო აქტი არ შეიცავდა არანაირ დასაბუთებას. სააპელაციო პალატა, ერთი მხრივ, დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სახეზე იყო სადავო აქტის ბათილობის საფუძვლები და საჭირო იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის დამატებით გამოკვლევა-შეფასება, მაგრამ არ მიუთითებია იმაზე, თუ რატომ იყო შეუძლებელი, თავად მიეღო გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადასაჭრელად საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე. საქმეში წარმოდგენილია დ. ნ-შვილის ახსნა-განმარტებითი ბარათი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვზე ზრუნვის სამმართველოს უფროსისადმი, რომლითაც დგინდება, რომ 2008 წლის 13 მარტს, დაწესებულებაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოების პირველი ეტაპი. სტუმრების ჩამოსვლამდე დირექტორის გადაწყვეტილებით შეწყვეტილ იქნა სარემონტო სამუშაოები და შენობის ირგვლივ მდებარე ტერიტორიიდან გატანილ იქნა 2 სატვირტო ავტომანქანა სამშენებლო ნარჩენი. გარდა საცხოვრებელი ოთახებისა, სტუმრებმა და იმ მყოფმა კორესპონდენტებმა დაათვალიერეს შენობის მესამე სართული, რომელიც იმ დროისათვის გამოიყენებოდა მხოლოდ სათავსოდ. აღნიშნული დ. ნ-შვილმა განუმარტა როგორც სტუმრებს, ისე კორესპონდენტებს, ასევე განმარტა, რომ რემონტის მიმდინარეობის გამო შექმნილი იყო დროებითი სიძნელეები, რაც საინფორმაციო გადაცემაში არ გაშუქებულა (ტ, I, ს.ფ. 103-105). მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2008 წლის 19 მაისის ¹825 წერილით დასტურდება, რომ დაწესებულებაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო რთული იყო სანიტარული ნორმების დაცვა და შესაფერისი სააღმზრდელო გარემოს შენარჩუნება (ტ. I, ს.ფ. 106-107). ამდენად, საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებამდე როგორც დ. ნ-შვილისაგან, ისე მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრისაგან მიიღო ახსნა-განმარტებები ტელევიზიის საშუალებით გაშუქებული ინფორმაციის დასაზუსტებლად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 22 აპრილის ¹420/კ ბრძანებაში ასახულ იქნა მოტივაცია, თუ რა გარემოებამ განაპირობა ... თანამდებობიდან განთავისუფლება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსამსახურის თანამდებობიდან დათხოვნისას ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა წარმართოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე, 95-ე, 96-ე, 98-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ მოხდა საკითხის შესწავლა, გადაწყვეტილების მოტივაცია მიეთითა გამოცემულ ბრძანებაში. სააპელაციო პალატას გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას არ დაუსაბუთებია, თუ რა გარემოებები არ იქნა გამოკლვეული და შესწავლილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ასევე ადმინისტრაციული წარმოების რა წესი იქნა დარღვეული, რაც უდავოდ განაპირობებდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობას. ასევე არ უმსჯელია სადავო აქტში ასახული დასაბუთების შესაბამისობაზე ადმინისტრაციული წარმოებისას მოპოვებულ მტკიცებულებებთან მიმართებით.
საქმეში წარმოდგენილია დაწესებულების თანამშრომლების წერილობით ნოტარიალურად დამოწმებული 2008 წლის 27 ივნისის აქტი, რომლის თანახმად, 2008 წლის 13 მარტს, ასევე შენობის რემონტის დაწყებამდე და შემდეგ პერიოდში ბავშვებს მათთვის საცხოვრებლად განკუთვნილ სართულზე შექმნილი ჰქონდათ შესაფერისი საცხოვრებელი პირობები, გააჩნდათ საჭირო ნივთები, ჰიგიენური საშუალებები და ტანსაცმელი, იყვნენ სათანადოდ მოვლილები, უზრუნველყოფილნი იყვნენ კარგი კვებით და შენობაში არანაირი ანტისანიტარიას არ ჰქონია ადგილი. საქმეში წარმოდგენილი შპს “...” 2008 წლის 19 მაისს გაცემული ცნობით დგინდება, რომ სამუშაოთა მიმდინარეობისას მთავარ შენობაში მეორე სართულზე აღსაზრდელთათვის საცხოვრებლად განკუთვნილ ფართში სამუშაოების წარმოება მოხდა მაქსიმალურად სწრაფად, შესაბამისი ნორმების დაცვით, რაიმე უხერხულობა და არასათანადო პირობები მათ სამყოფ ოთახებში არ შექმნილა. პირველ და მესამე სართულებზე, სადაც აღსაზრდელები არ ცხოვრობენ, სამუშაოები მიმდინარეობდა ჩვეულებრივი გრაფიკით, რაიმე უხერხულობა და არასათანადო პირობები ბავშვებს არ შექმნიათ (ტ. I, ს.ფ. 48).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებით დგინდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სწორად იქნა თუ არა დადენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიეცა თუ არა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, არ დაუსაბუთებია, თუ რატომ იყო აუცილებელი მითითებული ნორმის გამოყენება და რატომ იყო სააპელაციო სასამართლოსთვის შეუძლებელი, თვითონ გამოეკვლია საქმის გარემოებები და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტით, საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება მიეღო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალები ორმხრივად ასახავენ 2008 წლის 13 მარტს სააღმზრდელო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას. საკასაციო პალატა ასევე თვლის, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილობის პირობებში საქმეში არსებული მტკიცებულებების სრული ანალიზითა და ურთიერთშეჯერებით სასამართლომ თავად განსაზღვროს იმ გარემოებათა და საკითხთა სავარაუდო წრე, რომელთა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმათა დაცვით შესწავლა განაპირობებდა აქტის კანონიერებას. სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია, საქმეში არსებული მასალების ანალიზით რატომ იყო შეუძლებელი სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტით, თავად მიეღო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამ სახის დასაბუთება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ ასახულა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით რეგლამენტირებული საპროცესო ნორმის გამოყენებისას სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არის მისთვის შეუძლებელი საქმის გარემოებების გამოკვლევა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტა საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებით, ასევე ის გარემოება, რომ კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიკვლიოს და სათანადოდ შეაფასოს საქმის გარემოებები, რომ აღნიშნულით იგი შესაძლებელია, შეიჭრას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაში. ამდენად, დაუშვებელია ზემოთ მოყვანილი დასაბუთების გარეშე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის ნორმის საპროცესო რეალიზება _ ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. საჭიროების შემთხვევაში სააპელაციო პალატამ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებზე დაყრდნობით, თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების შეგროვების მიზნით.
უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობა მოხდა მხოლოდ პროცედურული ნორმების დარღვევით და დათხოვნის კანონიერების საკითხი არსებითად არ გადაწყვეტილა. ასეთ პირობებში მოპასუხისათვის განაცდურის დაკისრება არ გამომდინარეობდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელფასის გაცემის შეწყვეტის საფუძველი იყო მუშაკის გათავისუფლება სამსახურიდან, ხოლო მოსარჩელის გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის გამო, ხელფასის გაუცემლობის საფუძველი აღარ იარსებებს, მიუხედავად იმისა, ბრძანების ბათილობა გამოწვეული იქნება მხოლოდ პროცედურული ნორმებისა თუ არსებითი დარღვევების გამო. ამდენად, თუ საქმის ხელახალი განხილვისას სახეზე იქნება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილობის საფუძველი, ამასთან დადგინდება, რომ მოხელის სამუშაოდან დათხოვნის ბრძანების არაკანონიერება გამოწვეულია მხოლოდ პროცედურული ნორმების დარღვევით, იძულებითი განაცდური, როგორც იძულებითი მოცდენისას დამსაქმებლის ბრალით მიუღებელი შრომის ანაზღაურება, პირს უნდა მიეცეს ახალი აქტის გამოცემამდე პერიოდში, ახალი აქტით მოსალოდნელი შედეგის მიუხედავად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, ვინაიდან ხსენებული გადაწყვეტილების დასაბუთება დაშვებულ ნაწილში იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თუ სააპელაციო სასამართლო მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას საჭიროდ მიიჩნევს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, მან უნდა დაასაბუთოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საპროცესო ნორმის გამოყენების აუცილებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევა-შეფასების შედეგად, თვითონ გადაწყვიტოს სადავო საკითხი და საქმეზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.