Facebook Twitter

ბს-934-908 (კ-10) 6 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 1 აპრილს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სარჩელთ მიმართა საქართველოს ... გურჯაანის რაიონულმა ორგანიზაციამ მოპასუხე გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა საქართველოს ... გურჯაანის რაიონული ორგანიზაციისათვის გასული წლების დარჩენილი კრედიტორული დავალიანების -6011 (ექვსი ათას თერთმეტი) ლარის გადახდის დაკისრებას.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს ... გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ... გურჯაანის რაიონულმა ორგანიზაციამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის განჩინებით საქართველოს ... გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეგზავნა თელავის რაიონულ სასამართლოს.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის განჩინების გაუქმებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.