ბს-939-899(კ-09) 17 მარტი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – გ. ილინა
კასატორი – ქ. მ-შვილი; წარმომადგენელი – ლ. წ-ური
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. თბილისის მთავრობისა და მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდი; წარმომადგენელი – ს. ბ...ძე
მესამე პირი – ქ. თბილისის მთავრობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 მაისის განჩინება
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 21 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. მ-შვილმა მოპასუხე ქ. თბილისის საქალაქო საბინაო კომისიის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ არის 2002 წლის 22 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული, რომლის დროსაც მძიმედ დაზიანდა მისი საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. ¹6-ში და მიენიჭა მე-3 კატეგორიის დაზიანება, რის გამოც ,,2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის” გამგეობამ 2002 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი ¹20) მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის ..., მე-3 კორპუსის, ბინა ¹12-ში მდებარე ბინის შეძენისა და გადაცემის შესახებ. ბინის გადაცემის შემდეგ ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის ¹08.28.176 დადგენილების შესაბამისად, მიმართა ზემოაღნიშნულ ფონდს და მოითხოვა ამ ბინაზე ,,დესტინატერად” ცნობა და საკუთების უფლების გადმოცემა. 2004 წლის 6 ოქტომბერს “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის” გამგეობის სხდომაზე ¹40 ოქმით უარი ეთქვა აღნიშნულ მოთხოვნაზე იმ საფუძვლით, რომ მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი აღემატება დადგენილ ნორმებს. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე 2005 წლის 17 თებერვალს ,,2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის” გამგეობის მიერ სარჩელი აღიძრა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში ქ. მ-შვილის ბინიდან გამოსახლების მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 15 თებერვალს ქ. თბილისის კანონიერების დაცვის გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო ,,2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის” მიერ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე ბინების განაწილების კანონიერების შემოწმება, რომელიც დასრულდა 2007 წლის 30 მარტს. აღნიშნული საქმიანობის შემოწმების საფუძველზე შედგენილ იქნა ¹01-03/105 აქტი, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა, ფონდის გამგეობის მიერ 2003 წლის 17 დეკემბერს მიღებული ¹8 სხდომის ოქმით დადგენილი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე (ოჯახებზე) სულადობის მიხედვით ოთახების განაწილება სანიტარული ნორმების თანახმად, მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს.
მოსარჩელის მითითებით, 2002 წლის 4 ივლისის ¹11.03.201 დადგენილება, რომლის შესასრულებლადაც მიღებულ იქნა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო ფონდის გამგეობის 2003 წლის 17 დეკემბრის ¹8 ოქმი უკვე ძალადაკარგული იყო, ვინაიდან, ოქმის მიღების მომენტისთვის ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის ¹08.28.176 დადგენილებით უკევ დამტკიცებული იყო ,,2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო, დროებითი თავშესაფრის სახით შეძენილი ბინების, მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის წესი”, რომლის შესაბამისადაც, დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალა ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 4 ივლისის ¹11.03.2001 დადგენილებით დამტკიცებული, ,,2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მიწისძვის შედეგად დანგრეული ან დაგრევას დაქვემდებარებულ (საცხოვრებლად სახიფათო) სახლებში მცხოვრები მოსახლეობის დახმარების წესი”, ,,2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხადრი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალურ ფონდში” შესული თანხების მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყენების წესი”; ,,2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხადრი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის რაიონული კომისიის დებულება”, ,,2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილიში მიწისძვრის შედგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის რეგლამენტი”, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის განმარტებით, გაურკვეველია, თუ რა სამართლებრივი შეფასება უდევს საფუძვლად ¹8 ოქმის მიღებას.
ამასთან, ფონდის გამგეობის მიერ ოქმის მიღებისას დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები, ვინაიდან იგი როგორც დაინტერესებული პირი არ მოუწვევიათ და არ მიუციათ მისთვის აზრის გამოთქმის საშუალება, რის გამოც არ მომხდარა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევა, რასაც მოჰყვა მოსარჩელის უფლებების დარღვევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომოდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ძალაში შესვლის მომენტიდან “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო ფონდის” 2003 წლის 17 დეკემბრის ¹8 სხდომის ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობას, კერძოდ, მე-2 საკითხად განხილულ-ფონდის მიერ გაცემულ ბინებში სანიტარული ნორმების დაცვის შესახებ - მიღებული დადგენილების ბათილად ცნობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 აპრილის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. თბილისის მთავრობა. ამავე სასამართლოს 2008 წლის 31 ოქტომბრის საოქმო განჩინებით დაზუსტდა მოპასუხის ვინაობა და საქმეში მოპასუხედ ნაცვლად ქ. თბილისის საქალაქო საბინაო კომისიისა, მიეთითა 2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრების შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. მ-შვილის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ 2003 წლის 5 ივნისს ქ. თბილისის მთავრობის ¹08.28.176 დადგენილებით ძალადაკარგულად ჩაითვალა ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 4 ივლისის ¹11.03.201 დადგენილებით დამტკიცებული “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებულ (საცხოვრებლად სახიფათო) სახლებში მცხოვრები მოსახლეობის დახმარების წესი”, “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალურ ფონდში” შესული თანხების მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყენების წესი”, “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის რაიონული კომისიის დებულება” და “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის რეგლამენტი”, ანუ არა მთლიანად დადგენილება, არამედ ამ დადგენილებით დამტკიცებული მთელი რიგი დებულებები. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო ფონდის გამგეობის სადავო ¹8 ოქმი მიღებულ იქნა არა ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 4 ივლისის ¹11.03.201 დადგენილების საფუძველზე, არამედ მოწონებული იქნა და დაწესდა ზემოხსენებულ დადგენილებაში ნაგულისხმევი კარგად აპრობირებული ძველი სანიტარული ნორმები. სასამართლომ ასევე ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ 2003 წლის 5 ივნისს ქ. თბილისის მთავრობის ¹08.28.176 დადგენილებით დამტკიცებული, 2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ, დროებითი თავშესაფრის სახით შეძენილი ბინების, მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის წესით, არ იქნა დადგენილი ისეთი შინაარსის ნორმები, რომლებიც გამორიცხავდნენ ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 4 ივლისის ¹11.03.201 დადგენილებით დამტკიცებული 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებულ (საცხოვრებლად სახიფათო) სახლებში მცხოვრები მოსახლეობის დახმარების წესის მე-8 პუნქტის გამოყენების შესაძლებლობას, რომლის თანახმადაც, თავშესაფრის სახით გადასაცემი ბინის პარამეტრები განისაზღვრება დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებულ საცხოვრებელ სახლში მოსახლის მიერ დაკავებული ფართიდან გამომდინარე, მაგრამ არა უმეტეს თავშესაფრის მიღების უფლების მქონე მოსახლისათვის (ოჯახისათვის) სანიტარული ნორმებით კუთვნილი საცხოვრებელი ბინისა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. მ-შვილმა.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრების შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდი”, იმ პირობებში, როდესაც გაუქმებული იყო ქ. თბილისის მთავრობის ¹11.03.201 დადგენილება და მოქმედებდა ქ. თბილისის მთავრობის ¹08.28.176 დადგენილება, უფლებამოსილი არ იყო ფონდის 2003 წლის 17 დეკემბერს გამართულ გამგეობის სხდომაზე დღის წესრიგში II საკითხად განსახილველად შეეტანა საკითხი “ფონდის მიერ გაცემულ ბინებში სანიტარული ნორმების დაცვის შესახებ” და მიეღო გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად ფონდის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული სანიტარული ნორმების არეალი გავრცელდა ერთი წლით ადრე თავშესაფრით დაკმაყოფილებულ დაზარალებულებზეც, მათ შორის, ქ. მ...შვილზეც. აპელანტის მოსაზრებით, ფონდის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, კერძოდ, “ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს”. ფონდმა ამ ნორმის საპირისპიროდ იმ აქტს მიანიჭა უკუქცევითი ძალა, რომელიც მიღებულ იქნა სადაო ოქმის მიღებამდე ერთი წლით ადრე და რაც რეალურად აუარესებს და ამძიმებს ქ. მ...შვილისა და სხვათა მდგომარეობას.
აპელანტის განმარტებით, ფონდის ¹8 ოქმის დადგენილებით ნაწილს საფუძვლად არ უდევს არც ერთი მოქმედი ნორმატიული დოკუმენტი და მთავრობის მოქმედი დადგენილება. ასევე ფონდის გამგეობის მიერ ოქმის მიღებისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები, ვინაიდან იგი როგორც დაინტერესებული პირი არ მოუწვევიათ და არ მიუციათ მისთვის აზრის გამოთქმის საშუალება, რის გამოც არ მომხდარა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევა. ამასთან, “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო ფონდის” გამგეობის 2003 წლის 03 დეკემბრის ¹20 ოქმით განისაზღვრა დაზარალებულ ქ. მ-შვილისათვის .. 3 კორპუსი, I სად. IV სართ, ბინა ¹12 ოროთახიანი ბინის შეძენა. აღნიშნული ოქმი წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან იგი ქ. მ-შვილს ანიჭებს გარკვეულ უფლებებსა და სარგებელს. ასევე ამ ოქმის მიმართ მას გააჩნია კანონიერი ნდობა, რადგან იგი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცახდების დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 მაისის განჩინებით ქ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითა, რომ “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის” გამგეობის 2004 წლის 6 ოქტომბრის ¹40 ოქმით ქ. მ...შვილს (ერთ სულს) უარი ეთქვა ... მე-3 კორპ, ოროთახიანი ¹12 ბინის დესტინატერობაზე და შეეთავაზა გამოთავისუფლებული ერთოთახიანი ბინა. შეთავაზებულ ერთოთახიან ბინაში გადასვლის თანხმობის შემთხვევაში, იგი ცნობილი იქნებოდა ამ ბინის დესტინატერად. პალატის განმარტებით, კონკრეტულ შემთხევევში დავის საგანი არა აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერება, მაგრამ საყურადღებოა, რომ კომისიის გადაწყვეტილება ქ. მ-შვილის მიერ გასაჩივრებული იქნა სასამართლოში. ამასთან, გადაწყვეტილების მიხედვით, ქ. მ-შვილს დისტინატერობაზე უარი ეთქვა იმ მიზეზით, რომ მისთვის, დროებით, თავშესაფრის სახით ბინის გამოყოფაზე არ არსებობდა ოფიციალური დოკუმენტი.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საყურდღებოა, რომ ქ.თბილისის მთავრობის ¹08.28.176 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 2002 წლის 4 ივლისის ¹11.03.201 დადგენილებით დამტკიცებული “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დანგრეული ან დანგრევას დაქვემდებარებული (საცხოვრებლად სახიფათო) სახლებში მცხოვრები მოსახლეობის დახმარების წესი” და ამავე დადგენილებით დამტკიცებული სხვა დებულებები. ამდენად, დროებით გადაცემული ბინების მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა საკუთრებაში გადაცემის საკითხი უნდა გადაწყდეს ¹08.28.176 დადგენილებით დამტკიცებული “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ, დროებითი თავშესაფრის სახით შეძენილი ბინების, მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის წესის” შესაბამისად. ამასთან, სადაო ცვლილები მიღებული არ ყოფილა მითითებული ძალადაკარგული აქტის საფუძველზე. კომისიამ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სახელმძღვანელოდ გამოიყენა მხოლოდ ამავე აქტით განსაზღვრული სანიტარული ნორმები, რაც თავის მხრივ არ მოდის წინააღმდეგობაში ქ.თბილისის მთავრობის ¹08.28.176 დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნებთან.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, იმის თაობზე, რომ კომისიის აქტი, რომლითაც ცვლილება შევიდა საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის წესში, ეწინააღმდეგება “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47.2 მუხლს. ვინაიდან, გადაწყვეტილება არ ეხება უკვე საკუთრებაში გადაცემულ ბინებს, ანუ დასრულებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. გადაწყვეტილებით განისაზღვრა ბინების საკუთრებაში გადაცემის წესი და შესაბამისად იგი ვრცელდება მხოლოდ ამავე ცვლილებების შემდეგ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. მ-შვილმა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 მაისის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემობებზე რაც მიუთითებდა სასარჩელო და სააპელაციო საჩივრებში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: კასატორი _ ქ. მ-შვილი წარმოადგენს 2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ პირს, რა დროსაც მძიმედ დაზიანდა მისი საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. ¹6-ში და მიენიჭა მე-3 კატეგორიის დაზიანების ხარისხი, რის გამოც 2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის გამგეობამ 2002 წლის 03 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი ¹20) მიიღო გადაწყვეტილება კასატორისათვის ..., მე-3 კორპუსში მდებარე ¹12 ბინის შეძენისა და გადაცემის შესახებ.
კასატორი სასარჩელო განცხადების საფუძველზე სადავოდ ხდის ,,მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო ფონდის გამგეობის” 2003 წლის 17 დეკემბრის ¹8 სხდომის ოქმს იმ ნაწილში, რომლითაც განისაზღვრა საკუთრებაში გადასაცემი ბინების ნორმები, კერძოდ, ერთ ან ორ სულზე დადგინდა 1-ოთახიანი ბინის, ორ ან სამ სულზე _ არა უმეტეს ორი ოთახის, ოთხ და მეტ სულზე სამი ოთახის, ხოლო ხუთ და მეტ სულზე ოთხ-ხუთ ოთახიანი ბინის გაცემის შესაძლებლობა. ამავე ოქმით განისაზღვრა, რომ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე ცხოვრობენ ამ ნორმით გათვალისწინებულ, შედარებით მცირე ბინებში, უნარჩუნდებათ იგივე მდგომარეობა, ხოლო მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ მთავრობის დადგენილების დარღვევით გაცემულ ბინებში, რომელიც ზემო მოყვანილ ნორმებს აღემატება, მიეცემათ წინანდადება _ გაათავისუფლონ აღნიშნული ბინები. ამ პირებს შეეთავაზებათ სულადობის შესაფერისი ბინები სხვა მისამართზე და მათი მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, აღიძრება სარჩელი სასამართლოში ბინებიდან გამოსახლების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული ოქმის შინაარსისა და სააპელაციო სასამართლოს მოტივაციის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ქ. მ-შვილს არსებითად სწორად უთხრა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდი არ მიეკუთვნება ნორმატიული აქტის გამოცემის უფლების მქონე ორგანოს, ოქმი არ პასუხობს ნორმატიული აქტისათვისათვის წაყენებულ არც ერთ მოთხოვნებს, რის გამოც საკასაციო სასამართლო ცალსახად გამორიცხავს სადავო აქტის ნორმატიულ აქტად განხილვის შესაძლებლობას და საჭიროდ არ მიიჩნევს სასამართლო მსჯელობა წარიმართოს ამ მიმართულებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსზე დაყრდნობით განმარტავს შემდეგს: ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მოიაზრება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული ყველა ის დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. ამასთან, შესაბამისი შედეგი უნდა დადგეს არა სხვა რაიმე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით, არამედ უშუალოდ ამ აქტით _ სხვა აქტის გამოცემის გარეშე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ოქმი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, უდავოდ შეიცავს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის მახასიათებელ რიგ ელემენტებს, თუმცა აქვე საგულისხმოა ის გარემოება, რომ აღნიშნული აქტი არეგულირებს ფონდის შიდა-ორგანიზაციულ საკითხებს და დამოუკიდებლად კასატორთან მიმართებაში ვერ წარმოშობს რაიმე სახის სამართლებრივ შედეგს, არ ზღუდავს კასატორის კანონიერ უფლებას. ამავე მოსაზრებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას ზემოაღნიშნული სადავო აქტის საფუძველზე მისი სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესების თაობაზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო ადასტურებს კასატორის ინტერესის არსებობის ფაქტს ოქმის სადავო ნაწილთან მიმართებაში და თვლის, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს ქ. მ-შვილის სარჩელის დაუშვებლად ცნობის საფუძველი და ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად იმსჯელეს აქტის კანონიერებაზე არსებითად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ოქმის მიღების თარიღისათვის მოქმედებდა ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის ¹08.28.176 დადგენილება, რომლის მე-2 ნაწილით განისაზღვრა, რომ 2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის საქმიანობა, ფონდის სალიკვიდაციო პროცესის დასრულებამდე წარიმართებოდა ,,2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ, დროებითი თავშესაფარის სახით შეძენილი ბინების, მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სხლების მქონე მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის წესის” შესაბამისად.
ზემოაღნიშნული დადგენილება წარმოადგენს ნორმატიულ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ფონდისათვის და საკითხის გადაწყვეტისას ფონდი ვალდებულია, იხელმძღვანელოს მითითებული წესებით. საცხოვრებელი სახლის გადაცემის თაობაზე მის მიერ მიღებული დადებითი თუ უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა გამომდინარეობდეს და ეფუძნებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ზემოაღნიშნული წესების მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს ოქმის ბათილობაზე იმ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, რომ ქ. მ-შვილს ,,დესტინატერად” ცნობაზე უარი ეთქვა მის მიერ დაკავებული ფართის სადავო ოქმით დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის მოტივით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, ქ. მ-შვილისათვის ,,დესტინატერად” ცნობაზე უარის თქმის თაობაზე მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო ფონდის გამგეობის დადგენილება ცალსახად წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რომელიც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მხარის უფლებასა და ინტერესს. იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი იქნებოდა დავის საგანი, აქტის კანონიერების შემოწმების პროცესში სასამართლოს მსჯელობის და შეფასების საგანი გახდებოდა ,,დესტინატერად” ცნობაზე უარის თქმის საფუძველი, რომლის კანონშესაბამისობის საკითხიც გადაწყდებოდა მხოლოდ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.
ამავე კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
ვინაიდან განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს ქ. მ-შვილისათვის ,,დესტინატერად” ცნობაზე უარის თქმის თაობაზე მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო ფონდის გამგეობის დადგენილება, სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულის კანონიერებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. მჭედლიშვილს არსებითად სწორად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1 . ქ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 08 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.