ბს-939-913(კ-10) 22 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. ბ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას სასარჩელო განცხადებით მიმართა რ. ბ-შვილმა მოპასუხეების: საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის, ყვარლის რაიონის გამგეობის, კახეთის სააღსრულებო ბიუროს, კახეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციისა და სახაზინო საწარმო ,,...” სამართლამემკვიდრის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მატერიალური და მორალური ზიანის 5000 ლარის ანაზღაურება, დარღვეული უფლებების აღდგენა და მოპასუხეთა მხრიდან ,,...” ბალანსზე რიცხული ქონების დაბრუნება.
რ. ბ-შვილის სასარჩელო განცხადება განსჯადობით გადაეგზავნა თელავის რაიონულ სასამართლოს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 მარტის განჩინებით რ. ბ-შვილის სასარჩელო განცხადება მოპასუხეების: საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის, ყვარლის რაონის გამგეობის, სახაზინო საწარმო ,,...” სამართალმემკვიდრის შპს ,,...” მიმართ გამოიყო ცალკე წარმოებად; სასარჩელო განცხადება საქართველოს გენერელური პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის მიმართ ქმედების განხორციელების თაობაზე გადაეგზავნა ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ხოლო სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხე სახაზინო საწარმო ,,...” სამართლამემკვიდრის მიმართ, მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე უარი ეთქვა წარმოებაში მიღებაზე არაგანსჯად სასამართლოში შეტანის მოტივით.
თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება რ. ბ-შვილის სარჩელზე მოპასუხე თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, 2002 წლის 27 ივლისის შემოწმების აქტის ბათილად ცნობისა და მორალური ზიანის 5000 ლარის ანაზღაურების თაობაზე.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. ბ-შვილმა, რომლითაც მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 მარტის განჩინებით რ. ბ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის განჩინება და საქმე დასაშვებობის სტადიიდან, განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თელავის რაიონული სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე თელავის საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა 2002 წლის 22 ივნისის შემოწმების აქტის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დაუშვებლად ცნობა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხე თელავის საგადასახადო ინსპექციის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; მოსარჩელე რ. ბ-შვილის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება მოპასუხე თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. ბ-შვილმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ბ-შვილის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის განჩინებით რ. ბ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინება და საქმე სარჩელის არსებითად განხილვის სტადიიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ბ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის 2002 წლის 22 ივნისის შემოწმების აქტი აღიარებულ იქნა არარა აქტად; ხოლო ზიანის - 5000 ლარის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ბ-შვილმა და მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით რ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ბ-შვილმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, რ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ რ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს რ. ბ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ბ-შვილს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.