Facebook Twitter

ბს-940-914(კ-10) 12 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მაისის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

რ. გ-შვილმა სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის – შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება (იხ. ტ. I ს.ფ. 1-9).

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით რ. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოს რ. გ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის – 1347,02 ლარის ანაზღაურება, ხოლო 2000 წლის დეკემბრის ულუფის კომპენსაციის – 59 ლარისა და წელთა ნამსახურობის დანამატის – 10,89 ლარის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი ხანდაზმულობის მოტივით (იხ. ტ. I ს.ფ. 38-41).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარმა სამმართველომ და მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილების 1998-1999-2000 წლების გარკვეული თვეების კვების (ულუფის) კომპენსაციის – 708 ლარისა და წელთანამსახურების დანამატის – 110,21 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. (იხ. ტ. I ს.ფ. 46-55).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მაისის განჩინებით შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში (იხ. ტ. II ს.ფ. 10-15).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარმა სამმართველომ და მოითხოვა 1998-1999-2000 წლების კვების კომპენსაციის – 708 ლარისა და წელთანამსახურობის დანამატის – 110,21 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 16 ივლისის განჩინებით შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება მხარეებს არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.