Facebook Twitter

ბს-942-916(კ-10) 11 ოქტომბერი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 10 მარტს, მოსარჩელე შპს “...” წარმომადგელმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის, შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 17 დეკემბრის ¹465 და ¹1425 საგადასახადო მოთხოვნების, შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 5 თებერვლის ¹224 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 06 მარტის ¹05-04/2013 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით შპს “...” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 17 დეკემბრის ¹465 და ¹1425 საგადასახადო მოთხოვნები, იმ ნაწილში, რომლითაც შპს “...” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად დაერიცხა: ა) საშემოსავლო გადასახადის სახით – 9744 ლარი, შესაბამისი ჯარიმებით და საურავებით; ბ) სოციალური გადასახადის სახით _ 16243 ლარი, შესაბამისი ჯარიმებით და საურავებით; გ) თანხა _ 2005 წლის მოგების გადასახადის სახით საქვეანგარიშოდ გატანილი თანხის _ 25288 ლარის – არადროული დაბრუნების გამო, შესაბამისი ჯარიმებით და საურავებით; დ) თანხა _ 2006 წლის მოგების გადასახადის სახით _ საქვეანგარიშოდ გატანილი თანხის _ 72262 ლარის _ არადროული დაბრუნების გამო, შესაბამისი ჯარიმებით და საურავებით; ე) თანხა 2006 წლის მოგების გადასახადის სახით _ წარმომადგენლობითი ხარჯების _ 13668 ლარის გამოსაქვით ხარჯებში არასწორად მიკუთვნების გამო, შესაბამისი ჯარიმებით და საურავებით; ვ) თანხა მოგების მიმდინარე გადასახადების სახით, ზემოთ მითითებული “გ”, “დ”, და “ე” პუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით დარიცხული მოგების გადასახადის შესაბამისად; ასევე, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 5 თებერვლის ¹224 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 6 მარტის ¹05-04/2013 გადაწყვეტილება, იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს “...” საჩივრები წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში მითითებული საფუძვლებით დარიცხული გადასახადის თანხების მიმართ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას დაევალა ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლა-შეფასების შედეგად, გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს “...” საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის თაობაზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...” და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.

ასევე, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის “გ” და “დ” ქვეპუნქტების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “...” სარჩელი 2005-2006 წლებში საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების არადროული დაუბრუნებლობის გამო დარიცხული მოგების გადასახადის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.