Facebook Twitter

ბს-949-923 (2კ-10) 06 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. შ-ძისა და სსიპ “ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის” საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 2 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ა. შ-ძემ მოპასუხე სსიპ “ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის” მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა სსიპ “ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის” საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გაცემული 2009 წლის 2 სექტემბრის ¹01-4133 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობასა და სსიპ “ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის” დავალდებულებას სრულყოფილად გაეცა განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.

საქმის სასამართლო განხილვისას მოსარჩელემ არაერთხელ დააზუსტა სარჩელის მოთხოვნები და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხეს დავალებოდა საჯარო ინფორმაციის სახით თანამშრომელთა სიისა და ასევე სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის თითოეული თანამშრომლის ხელფასის, პრემიისა და მივლინების თაობაზე ინფორმაციის გაცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. შ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე სსიპ “ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს” დაევალა საჯარო ინფორმაციის სახით მოსარჩელე ა. შ-ძისათვის მიეწოდებინა 2008 წელს სსიპ “ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში” დასაქმებულ თანამშრომელთა სია; მოსარჩელეს სარჩელის მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში ეთქვა უარი.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. შ-ძემ და სსიპ “ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტმა”.

აპელანტმა სსიპ “ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტმა” სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპლენტმა ა. შ-ძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებული გადაწყვეტილების ნაწილში ახალი გდაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის განჩინებით ა. შ-ძისა და სსიპ “ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის” სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. შ-ძემ და სსიპ “ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტმა”.

კასატორმა ა. შ-ძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

მეორე კასატორმა სსიპ “ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტმა” საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინებებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. შ-ძისა და სსიპ “ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის” საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ა. შ-ძისა და სსიპ “ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის” საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ა. შ-ძის და სსიპ “ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის” საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ა. შ-ძისა და სსიპ “ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის” საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარებს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ა. შ-ძისა და სსიპ “ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის” საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ “ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტსა” და ასევე, თ. კ-აიას უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% (210 ლარი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ “ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტსა” და ა. შ-ძეს უარი ეთქვათ საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვებაზე;

2. თ. კ-აიას დაუბრუნდეს ა. შ-ძის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი. ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;

3. სსიპ “ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს” დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი. ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.