ბს-950-924(კ-10) 22 დეკემბერი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა სილაგაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. ქ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ქ-შვილმა 20.12.99წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ვაკის რაიონის გამგეობის მიმართ, რომლითაც ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის სახელმწიფო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 24.11.82წ. გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 25.04.2000წ. საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ვ. ქ-შვილი. საქმე არაერთგზის განხილულ იქნა პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 20.04.04წ. გადაწყვეტილებით ე. ქ-შვილის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ორჯონიკიძის რაიაღმასკომის 24.11.82წ. ¹31.50.2003 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ქ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.08წ. საოქმო განჩინებით ე. ქ-შვილის წარმომადგენლის შუამდგომლობა ნ. შ-შვილის მესამე პირად ჩაბმის თაობაზე დაკმაყოფილდა და ნ. შ-შვილი სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.10წ. გადაწყვეტილებით ვ. ქ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 20.04.04წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ე. ქ-შვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.10წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ქ-შვილმა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ე. ქადაგიშვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.10წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.