ბს-985-958(კ-უს-10) 13 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ი. დ-ძის საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 22 აპრილს, ი. დ-ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირები: თ. წ-ური, გ. მ-შვილი და მოითხოვა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 04 დეკემბრის ¹012007190484-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
2008 წლის 22 სექტემბერს, ი. დ-ძემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა: 1. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 04 დეკემბრის ¹012007190484-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 2. თ. წ-ურსა და გ. მ-შვილს შორის 2008 წლის 18 აპრილს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; 3. ¹10/175 მიწის ნაკვეთზე გ. მ-შვილის რეგისტრაციის თაობაზე თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 დეკემბრის განჩინებით დაზუსტებული სარჩელის მე-2 და მე-3 მოთხოვნა განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ამავე სასამართლოს 2009 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილებით ი. დ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
2009 წლის 14 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. დ-ძემ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ივნისის განჩინებით ი. დ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ი. დ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ი. დ-ძის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ი. დ-ძის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდის ქვითარი და განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
აღნიშნული განჩინება კასატორს და მის წარმომადგენელს გაეგზავნა 2010 წლის 9 სექტემბერს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის დასტურებიდან ირკვევა, რომ ი. დ-ძესა და მის წარმომადგენელს – მ. ს-ძეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 სექტემბრის განჩინების ასლი ჩაჰბარდათ 2010 წლის 10 სექტემბერს, მაგრამ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორმა და მისმა წარმომადგენელმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 სექტემბრის ხარვეზის განჩინების ასლი ჩაიბარეს 2010 წლის 10 სექტემბერს, შესაბამისად, კასატორს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდა 2010 წლის 20 სექტემბრის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ კასატორის მიერ ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ი. დ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. დ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.