ბს-986-944 (კ-09) 27 აპრილი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი
კასატორი (მოპასუხე) _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ გ. ბ-ძე
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, პრივატიზების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2002 წლის 9 ივლისს, ბორჯომის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. ბ-ძემ მოპასუხის _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს მიმართ, რომლითაც ბორჯომის რაიონის სოფელ ... მდებარე საინკუბატორო სადგურის ქონების 35.7 პროცენტის მესაკუთრედ ცნობა და მის სახელზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს მიერ საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა მოითხოვა.
მოსარჩელემ განმარტა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოსთან შექმნილი საკონკურსო კომისიის 1997 წლის 24 ოქტომბრის ¹7 ოქმის საფუძველზე 1998 წლის 2 მარტს მასსა და ქონების მართვის ბორჯომის სამმართველოსთან გაფორმდა იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება, მეფრინველეობის საინკუბატორო სადგურის თაობაზე, რომლის საწყისი ფასი შეადგენდა 21546 ლარს. ხელშეკრულება დაიდო 5 წლის ვადით 2003 წლის 17 თებერვლამდე, რა პერიოდშიც მას უნდა გამოესყიდა ქონება. 1998 წლის 23 იანვარს გ. ბ-ძემ ბეს სახით ქონების მართვის ანგარიშზე შეიტანა 2363 ლარი და 40 თეთრი, ხოლო 1999 წლის 12 მაისს ქონების მართვის ბორჯომის სამმართველოს ანგარიშზე შეიტანა ქონების გამოსასყიდი თანხა _ 8120 ლარი.
ქონების მართვის ბორჯომის სამმართველოს 1999 წლის 6 ივლისის ¹111 ბრძანების საფუძველზე, გ. ბ-ძის თანხმობით, საინკუბატორო სადგურის 64,3 პროცენტი შეისყიდა მ. თ-შვილმა. 2000 წლის 7 აპრილს ქონების მართვის სამმართველომ ხელშეკრულების საფუძველზე მოახდინა ქონების გამიჯვნა მასსა და მ. თ-შვილს შორის, რის შემდეგაც გ. ბ-ძე ცნობილ იქნა საინკუბატორო სადგურის 35,7 პროცენტის მესაკუთრედ, ხოლო მ. თ-შვილი _ 64,3 პროცენტის მესაკუთრედ.
აღნიშნულის შემდეგ ქონების მართვის სამმართველომ გ. ბ-ძეს უარი უთხრა საკუთრების უფლების მოწმობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ქონების მართვის სამმართველოს მიერ 1999 წლის ¹48 ბრძანებით გაუქმებულ იყო 1998 წლის 30 იანვარს ჩატარებული კონკურსის შედეგები, რომლის მიხედვითაც, მას უნდა შეესყიდა ინკუბატორის მთელი ქონება 16 200 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ¹48 ბრძანებას მის მიერ შესყიდულ ქონების ნაწილთან კავშირი არ აქვს, რადგან მან ამავე ბრძანების გამოცემის შემდეგ გადაიხადა საინკუბატორო სადგურის ღირებულების 35,7 პროცენტის ღირებულება _ 5783,69 აშშ დოლარი, რის შემდეგაც პრივატიზების წესით გასხვისებულ იქნა სადგურის 64,3 პროცენტი, ხოლო 2000 წლის 7 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება ქონების გამიჯვნის შესახებ.
მოსარჩელე _ გ. ბ-ძე მიიჩნევს, რომ მისი მხრიდან არ დარღვეულა ხელშეკრულების პირობები, ქონების მართვის სამმართველოს არანაირი პრეტენზია არ წაუყენებია მისთვის, ამასთან, მოპასუხეს არ გააჩნდა უფლებამოსილება ცალმხრივად, სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე შეეწყვიტა მხარეთა შორის არსებული საიჯარო ხელშეკრულება.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრების შემდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 აპრილის განჩინებით გაუქმებულ იქნა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე გ. ბ-ძე ცნობილ იქნა ბორჯომის რაიონის სოფელ ... მდებარე საინკუბატორო სადგურის 35,7 პროცენტის მესაკუთრედ. მოპასუხეს _ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღღიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს დაევალა გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში საკუთრების მოწმობის გაცემა.
რაიონულმა სასამართლომ საქმეში არსებულ მასალებზე დაყდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოსთან შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ 1997 წლის 24 დეკემბერს შედგენილი ¹7 ოქმის საფუძველზე 1998 წლის 30 იანვარს ჩატარებულ კონკურსში გაიმარჯვა მოსარჩელემ _ გ. ბ-ძემ და მიეცა უფლება, რომ იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე 21546 ლარად შეესყიდა ბორჯომის რაიონის სოფელ ... მდებარე საინკუბატორო სადგური. 1998 წლის 2 მარტს მოსარჩელესა და ქონების მართვის ბორჯომის სამმართველოს შორის გაფორმდა კიდეც იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, მოსარჩელემ 1998 წლის 23 იანვარს ქონების მართვის სამმართველოს ანგარიშზე შეიტანა ბეს სახით 2363,40 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, 1999 წლის 12 მაისს გ. ბ-ძემ ასევე დაფარა 8120 ლარი. აღნიშნულის შემდეგ საინკუბატორო სადგურის ერთი ნაწილის პრივატიზება განხორციელდა მ. თ-შვილზე, რის შემდეგაც 2000 წლის 7 აპრილს მოპასუხე ორგანიზაციამ მოახდინა ქონების გამიჯვნა გ. ბ-ძესა და მ. თ-შვილს შორის. გამიჯვნის შემდეგ ქონების 67,3 პროცენტის მესაკუთრედ ცნობილ იქნა მ. თ-შვილი, ხოლო 35,7 პროცენტის მესაკუთრედ _ გ. ბ-იაძე.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ 1998 წლის 30 იანვარს ჩატარებული კონკურსის შედეგები ითვალისწინებდა მოსარჩელის მიერ საინკუბატორო სადგურის მთელი ქონების გამოსყიდვას. კონკურსის შედეგების გაუქმების გარეშე მოპასუხე ვერ შეძლებდა სხვა პირზე ქონების ნაწილის გაყიდვას. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, მოპასუხემ 1999 წლის 1 აპრილს გამოსცა ¹48 ბრძანება, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ხელშეკრულების მე-5 თავის 5.1 პუნქტის მოთხოვნებს. აღნიშნული ბრძანების ფორმალურ ხასიათს ადასტურებდა ასევე 1999 წლის 6 ივლისს გამოცემული ¹111 ბრძანება, სადაც ნათლად იყო ნაჩვენები, რომ საინკუბატორო სადგურის 35,7 პროცენტის მესაკუთრე განცხადებით მოითხოვდა უკვე გამოსყიდული ქონების ბაზაზე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი იყო საფუძვლიანი და იგი უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამცხე-ჯავახეთის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. მანვე მოითხოვა გ. ბ-ძისათვის სახელმწიფოს სასარგებლოდ 1848 ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის განჩინებით სამცხე-ჯავახეთის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამცხე-ჯავახეთის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ სამართლებრივ საფუძვლებს.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა ბორჯომის რაიონული სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტა, რომ 1998 წლის 2 მარტის საიჯარო ხელშეკრულების მე-4 ნაწილისა და მე-5 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს არ გააჩნდა უფლებამოსილება სასამართლოს გარეშე, თავისი ბრძანებით გაეუქმებინა იჯარის ხელშეკრულება. ამასთან, ამავე სამმართველოს 1999 წლის 6 ივლისის ¹111 ბრძანებისა და 2000 წლის 7 აპრილის გამიჯვნის ხელშეკრულების ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველომ გ. ბ-ძესთან შეთანხმებით განკარგა საინკუბატორო სადგური და მოსარჩელეს გადასცა მის მიერ ფაქტობრივად გადახდილი თანხის შესაბამისი წილი.
სააპელაციო საჩივარში მითითებულ იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ გ. გ-ძეს აქვს მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი, ვინაიდან ხელშეკრულებით მას ევალებოდა ქონების გამოსყიდვამდე განეხორციელებინა მასზე მოვლა-პატრონობა, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმარველოს შეეძლო განეხორციელებინა სასამართლოში სარჩელის აღძვრის გზით, რაც მას არ განუხორციელებია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სამცხე-ჯავახეთის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გ. ბ-ძესათვის სახელმწიფოს სასარგებლოდ 1848 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ქ. ბორჯომის რაიონის სოფელ ... მდებარე საინკუპატორო სადგური პრივატიზებული იყო 1998 წლის 30 იანვარს კონკურსის იჯარა-გამოსყიდვის ფორმით გ. ბ-ძეზე 16 200 აშშ დოლარად. საიჯარო ხელშეკრულების მეორე თავის 2.4 პუნქტის საფუძველზე მოიჯარეს ერთი წლის ვადაში უნდა დაეფარა საიჯარო ქონების საბოლოო ფასის არანაკლებ 51%, წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურსის შედეგები გაუქმდებოდა და ბეს მინიმალური ზღვარი მას არ დაუბრუნდებოდა. გ. ბ-ძემ 1999 წლის 17 თებერვლამდე მხოლოდ გადაიხადა ბეს სახით 2363,4 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა არ გადაუხდია. მოიჯარის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ბორჯომის ქონების მართვის სამმართველოს 1999 წლის 1 აპრილს გამოსცა ¹48 ბრძანება, რითაც გააუქმა საინკუბატორო სადგურის იჯარა-გამოსყიდვის 1998 წლის 30 იანვარს ჩატარებული საპრივატიზებო კონკურსის შედეგები და ცალმხრივად მოშალა მხარეთა შორის არსებული საიჯარო ხელშეკრულება. გ. ბ-ძემ ქონების გამოსასყიდი თანხა _ 8120 ლარი დაფარა ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ.
კასატორის მოსაზრებით, ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მოიჯარეს ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებში არ უბრუნდებოდა ბეს მინიმალური ზღვარი _ 1620 აშშ დოლარი, ხოლო საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შეუსრულებლობისათვის უნდა დაჯარიმებულიყო საიჯარო ქონების საბოლოო ფასის 10 პროცენტით. ამასთან, 1999 წლის 30 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტისა და ამავე წლის 27 დეკემბრის აუდიტორული დასკვნის თანახმად, გ. ბ-ძეს აქვს მატერიალური ფასეულობათა დანაკლისი _ 8803 ლარის ოდენობით, იმ პირობებში, როდესაც გ. ბ-ძეს ევალებოდა ქონების სრულ გამოსყიდვამდე მატერიალურ ფასეულობებზე მოეხდინა მოვლა-პატრონობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგენილ იქნა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით.
საქმის ზეპირი მოსმენისას კასატორმა მოითხოვა გ. ბ-ძეს დაეკისროს სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით 1848 ლარის გადახდა, ხოლო ქონების 37,5 პროცენტის საკუთრებაში გადაცემაზე ეთქვას უარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოსთან შექმნილი საკონკურსო კომისიის 1998 წლის 30 იანვრის ¹8 სხდომის ოქმით ბორჯომის მეფრინველეობის საინკუბატორო სადგურის პრივატიზებაში გამარჯვებულად გამოცხადდა გ. ბ-ძე და დადგინდა სახელმწიფო ქონების შესყიდვის საბოლოო ფასი _ 16200 აშშ დოლარი. 1998 წლის 2 მარტს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოსა და გ. ბ-ძეს შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება 1998 წლის 17 თებერვლიდან 2003 წლის 17 თებერვლამდე ვადით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე საიჯარო ქირა შეადგენდა 1620 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, რაც მოიჯარეს უნდა გადაეხადა დარჩენილი გამოსასყიდი საიჯარო ქონების წილის პროპორციულად. მოიჯარე ასევე ვალდებული იყო საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის ვადაში დაეფარა საიჯარო ქონების საბოლოო ფასის 51 პროცენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურსის შედეგები გაუქმდებოდა და ბეს დადგენილი მინიმალური თანხა 10% არ დაუბრუნდებოდა. ამასთან, ქონების ღირებულების 49 პროცენტი მოიჯარეს უნდა დაეფარა დარჩენილი 4 წლის განმავლობაში თანაბარწილად. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა უფლებამოსილებანი, ასევე მოიჯარის პასუხისმგებლობა, ხოლო მე-5 თავის 5.1. პუნქტით დადგინდა იჯარის პერიოდში წარმოშობილი დავის გადაწყვეტა სასამართლოს გზით. ამავე დღეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს წარმომადგენელსა და გ. ბ- ძეს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, გ. ბ-ძეს გადაეცა აღნიშნული საინკუბატორო სადგური.
დადგენილია, რომ გ. ბ-ძემ 1998 წლის 23 იანვარს ბეს სახით გადაიხადა 2363 ლარი (ტ. I, ს.ფ. 16). საქმეში არსებული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს 2002 წლის 5 ივნისის ცნობით დგინდება, რომ გ. ბ-ძეს 1999 წლის 12 მაისს გადახდილი აქვს ქონების გამოსასყიდი თანხა _ 8120 ლარი (ტ. I, ს.ფ. 20). ამავე სამმართველოს უფროსის 1999 წლის 1 აპრილის ¹48 ბრძანებით გაუქმდა 1998 წლის 30 იანვარს საინკუბატორო სადგურის იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე ჩატარებული კონკურსის შედეგი, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში ქონების ღირებულების გამოსასყიდი თანხის 51%-ისა და საიჯარო ქირის _ 10%-ის გადაუხდელობის გამო (ტ. I, ს.ფ. 21). ამავე სამმართველოს უფროსის 1999 წლის 6 ივლისის ¹111 ბრძანებით დადგინდა საინკუბატორო სადგურის ნაწილის (64,3%) პრივატიზება აუქციონის წესით, ასევე დამტკიცდა საპრივატიზებო საწყისი გასაყიდი თანხა. ამავე ბრძანებით დადგინდა, რომ საინკუბატორო სადგურის გამოსყიდული ნაწილის, თანხით _ 5783, 69 აშშ დოლარის (35,7%) ბაზაზე უნდა დაფუძნებულიყო შპს (ტ. I, ს.ფ. 19). 2000 წლის 7 აპრილის ხელშეკრულებით, ერთი მხრივ, სამმართველოს, მეორე მხრივ, საინკუბატორო სადგურის 35,7 პროცენტის მფლობელის _ გ. ბ-ძისა და მესამე მხრივ, ქონების 64,3 პროცენტის მფლობელს _ მ. თ-შვილს შორის დაიდო ხელშეკრულება საინკუბატორო სადგურის გამიჯვნის თაობაზე. გ. ბ-ძესა და მ. თ-შვილს ქონების გამიჯვნის საფუძველზე გადაეცათ შესაბამისი წილები (ტ. I, ს.ფ. 22).
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების გაუქმება მოხდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს უფროსის 1999 წლის 1 აპრილის ¹48 ბრძანებით თანხის გადაუხდელობის გამო, ვინაიდან 1998 წლის 2 მარტს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოსა და გ. ბ-ძეს შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, იჯარის პერიოდში მეიჯარესა და მოიჯარეს შორის ხელშეკრულების შესრულების, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე წამოჭრილი სადავო საკითხები უნდა განეხილა და გადაეწყვიტა სასამართლოს. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველომ მოიჯარის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და ამ გზით მოახდინა ხელშეკრულების შეწყვეტა. ის გარემოება, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს უფროსის 1999 წლის 1 აპრილის ¹48 ბრძანებით გაუქმდა 1998 წლის 30 იანვარს ჩატარებული კონკურსის შედეგი, ვერ იქნება მიჩნეული პრივატიზაციის ხელშეკრულების შეწყვეტად, ვინაიდან როგორც ხელშეკრულებით ასევე იმ დროს მოქმედი სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი იყო, რომ პრივატიზებასთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავდა სასამართლო, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. ამდენად, 1999 წლის 12 მაისისათვის, როდესაც გიორგი ბლიაძემ გადაიხადა ქონების გამოსასყიდი თანხა _ 8120 ლარი, მხარეთა შორის დადებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება კანონით დადგენილი წესით გაუქმებული არ იყო.
საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გ. ბ-ძის მხრიდან საპრივატიზებო ქონების _ საინკუბატორო სადგურის გამოსასყიდი თანხის ნაწილის გადახდა მოხდა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, რის შემდეგაც ხელშეკრულების მონაწილეთა შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მოხდა ქონების გამიჯვნა გ. ბ-ძესა და ქონების დანარჩენი ნაწილის მფლობელს შორის, ამ უკანასკნელი ნაწილის შემდგომში პრივატიზების მიზნით. რაც შეეხება საინკუბატორო სადგურის ნაწილს გ. ბ-ძის მიერ გადახდილი გამოსასყიდი თანხის პროპორციულ წილს _ 35,7 პროცენტს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს უფროსის 1999 წლის 6 ივლისის ¹111 ბრძანების მიხედვით დგინდება, რომ იგი ამ დროისათვის გამოსყიდული იყო და მის ბაზაზე უნდა დაფუძნებულიყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა ის გარემოება, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს უფროსის 1999 წლის 6 ივლისის ¹111 ბრძანება იმდროისათვის ძალაში იყო. აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება კასატორს არ წარმოუდგენია, იგი მხოლოდ შემოიფარგლა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გ. ბ-ძემ ქონების გამოსასყიდი თანხა გადაიხადა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს უფროსის 1999 წლის 1 აპრილის ¹48 ბრძანების გამოცემის შემდეგ. ამდენად, მოსარჩელე მხარემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილი შეასრულა, კერძოდ, მეიჯარის შესაბამის ანგარიშზე გადარიცხა ქონების გამოსასყიდი თანხის ნაწილი, რაც ამ უკანასკნელს სადავოდ არ გაუხდია. კასატორი სადავოდ ხდიდა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ აღნიშნული შესრულება განხორციელდა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, რაც მისი მხრიდან სათანადოდ ვერ დადასტურდა.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კრედიტორს აქვს ფულის ჩარიცხვისათვის გამიზნული საბანკო ანგარიში იმ ადგილას ან იმ ქვეყანაში, სადაც გადახდა უნდა მოხდეს, მაშინ მოვალეს შეუძლია ამ ანგარიშზე ჩარიცხვით შეასრულოს თავისი ფულადი ვალდებულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრედიტორი ამის წინააღმდეგია. საქმეზე დადგენილი, გარემოებების გათვალისწინებით უდავოა, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მოიჯარემ _ გ. ბ-ძემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილი მეიჯარის საბანკო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვით, ხოლო მეიჯარემ მოახდინა მოიჯარის მიერ შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხული საპრივატიზებო თანხის ე.ი. შესრულების მიღება.
რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას გ. ბ-ძისათვის მიყენებული ზიანის _ 1848 ლარის დაკისრების თაობაზე, მასზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, ვინაიდან ბორჯომის ქონების აღრიცხვის სამმართველოს და არც შემდგომში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს ამგვარი სასარჩელო მოთხოვნა წინამდებარე საქმის განხილვის არც ერთ სტადიაზე არ დაუყენებია. საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ ბორჯომის ქონების მართვის სამმართველომ 2002 წლის 25 ივლისს ბორჯომის რაიონულ სასამართლოს მიმართა შეგებებული სარჩელით მოსარჩელის _ გ. ბ-ძისათვის აუდიტის დასკვნით გამოვლენილი დანაკლისის გადახდის დაკისრების თაობაზე. ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 29 ივლისის განჩინებით შეგებებული სარჩელი არ იქნა მიღებული წარმოებაში პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად. აღნიშნული განჩინება არ გასაჩივრებულა. გ. ბ-ძისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიერ მოთხოვნილ იქნა მხოლოდ 2009 წლის 10 თებერვალს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენების შესაძლებლობას.
საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო შედავება, საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ-ის 257-ე, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.