ბს-98-97(კ-10) 24 მარტი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს ,,...” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 3 იანვარს სს ,,...” სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 2006 წლის 25 დეკემბრის ¹05-04/13277 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ბათილად ცნობას, 2006 წლის 16 ოქტომბრის თელავის საგადასახადო ინსპექციის საგადასახადო შემოწმების აქტით 2006 წლის 20 ოქტომბრის ¹05/452 ბრძანებით და 2006 წლის 23 ოქტომბრის ¹185 საგადასახადო მოთხოვნით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული ხარჯების 18701 ლარის, 36562 ლარისა და 1820 ლარის ოდენობით საწვავ-საცხები მასალებისა და სასაქონლო მატერიალური მარაგების შეძენაზე გაწეულ ხარჯებში ჩათვლას, მოგების ძირითადი გადასახადის ნაწილში 2006 წლის 23 ოქტომბრის ¹185 მოთხოვნის 11417 ლარისა და შესაბამისი ჯარიმისა და საურავის თანხების შემცირებას.
თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 თებერვლის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სს ,,...” სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2006 წლის 18 დეკემბრის ¹05-04/13277 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი; საკითხის გადაუწყვეტლად თელავის საგადასახადო ინსპექციას დაევალა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების და შესაბამისი ჯარიმის და საურავის შემცირების საკითხების გამოკვლევა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციამ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სს ,,..”.
აპელანტები სააპელაციო საჩივრებით ითხოვდნენ თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივნისის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია); ამავე განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ნაცვლად მესამე პირისა საქმეში ჩაება მოპასუხედ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის), საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს ,,...” სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს ,,...” სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს ,,...”.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს ,,...” საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილების, სს ,,...” საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ სს ,,...” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სს ,,...” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%”. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სს ,,...” საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, გ. გ-შვილს უნდა დაუბრუნდეს სს ,,...” საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% (210 ლარი), ხოლო სს ,,...” მის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (271 ლარი) 70% (189,70 ლარი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ,,...” უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. გ. გ-შვილს დაუბრუნდეს სს ,,...” საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი, ხოლო სს ,,არწივის ხეობას” დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის (271 ლარი) 70% (189,70 ლარი). ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.