ბს-991-949(კ-09) 11 თებერვალი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), წარმომადგენელი _ ნ. მ-ძე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები): საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ _ აღსრულების ეროვნული ბიურო, წარმომადგენელი _ ე. ა-ცი; სს “...”
მესამე პირები: ო. რ-უა, სს “...”, დირექტორი _ ჯ. გ-შვილი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ყადაღის მოხსნა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 27 ივნისს ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტისა და სს “...ის” მიმართ.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია განიხილავდა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის სარჩელს ბიუჯეტის სასარგებლოდ 737721,70 ლარის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით სს “...ის” ქონების ღია-საჯარო აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ ჯერ 2004 წლის 6 აგვისტოს, შემდეგ კი 2006 წლის 15 მარტს ბიუჯეტის დავალიანების გამო გამოყენებულ იქნა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელიც დარეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში.
მოსარჩელის განმარტებით, სს “...ის” საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სააღსრულებო ბიუროს მიერ 2004 წლის 11 თებერვლის (¹01/07-221), 2004 წლის 20 სექტემბრის (01/07/229), 2004 წლის 30 ნოემბრის (¹01-011), 2005 წლის 1 მარტის (საქმე ¹01/36) მიწერილობებისა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 ოქტომბრისა (საქმე ¹2822) და 2005 წლის 18 თებერვლის (¹1856) განჩინებების საფუძველზე ყადაღა ჰქონდა დადებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-171 მუხლის მე-3 ნაწილის, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 თავის შესაბამისად, ქ. თბილისის საჯარო რეესტრში სს “...ის” უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღის მოხსნა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 ივლისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაება სს “...”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა; ყადაღისაგან განთავისუფლდა სს “...ის” უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში: 1) რკინიგზის სადგურ “...ს‘‘ მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთის 4945 კვ.მ და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე ფართით 1532 კვ.მ, 2) სადგურ “...ს‘‘ მიმდებარედ (ჩრდილოეთით) 1296 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები საერთო ფართით 520 კვ.მ, 3) ...ის ქ. ¹26-ში მდებარე 477 კვ.მ მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე საერთო ფართით 360 კვ.მ (აქედან 37,8 კვ.მ სს “...ის” საკუთრება იყო) რომელზედაც რეგისტრირებული იყო შპს “...ის” საკუთრების უფლება, რომელიც დაყადაღებული იყო თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2004 წლის 11 თებერვლის (¹01/07-221), 2004 წლის 20 სექტემბრის (¹01/07-229), 2004 წლის 30 ნოემბრის (01-11), 2005 წლის 1 მარტის (¹01/36) მიწერილობების საფუძველზე და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 ოქტომბრის განჩინების (საქმე ¹2822) და 2005 წლის 18 თებერვლის განჩინების (საქმე ¹1856) საფუძველზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრით (საგადასახადო ინსპექციით), იმავე განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ _ აღსრულების ეროვნული ბიუროთი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ო. რ-უა ჩაება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს “...ს” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2004 წლის 20 სექტემბრის (01/07/229), 2004 წლის 11 თებერვლის (¹01/07-221) და 2004 წლის 30 ნოემბრის (¹01-011) წერილების საფუძველზე, სს “...-ის” უძრავ ქონებაზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრირებული ყადაღები იქნა მოხსნილი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სარჩელი თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 1 მარტის (¹0/36) წერილის საფუძველზე, სს “...ის” უძრავ ქონებაზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრირებული ყადაღის გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებული იყო “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ მოვალის ქონების დაყადაღებისას მესამე პირები განაცხადებდნენ ამ ქონებაზე თავის უფლებას, მათ შეეძლოთ მიემართათ სასამართლოსთვის სარჩელით, ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ნორმა ვერ გახდებოდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, ისევე როგორც საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული იმავე კანონის 32-ე მუხლი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ იმაზე ვრცლად განმარტა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტი, ვიდრე ამას კანონმდებელი გულისხმობდა კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ხსენებული სამართლის ნორმის მიღებისას. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული იყო, რომ თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას ან ყადაღის დადების შემდეგ მოგირავნე განაცხადებდა ამ ქონებაზე თავის უფლებას და სასამართლო აღმასრულებელს წარუდგენდა გირავნობის უფლების დამადასტურებელ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, სასამართლო აღმასრულებელი ათავისუფლებდა ამ ქონებას ყადაღისაგან.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა გულისხმობდა, რომ ყადაღისაგან გათავისუფლებას ექვემდებარებოდა ის ქონება, რომელსაც სასამართლო აღმასრულებელმა დაადო ყადაღა და აღნიშნულში არ მოიაზრებოდა სასამართლო გადაწყვეტილების (სააღსრულებო ფურცლის) საფუძველზე დადებული ყადაღის მოხსნა. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) საფუძველზე დადებული ყადაღის გაუქმება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი გაუქმებული იქნებოდა ის განჩინებაც, რომლის საფუძველზედაც იქნა დადებული ყადაღა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 1 მარტის (¹0/36) წერილის საფუძველზე, სს “...ის” უძრავ ქონებაზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრირებული ყადაღის გაუქმებას, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან ხსენებული ყადაღა შპს “...ის” ქონებას დაედო თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაინული სასამართლოს 2005 წლის 18 თებერვლის განჩინებისა და ¹1856 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, საქმის მასალებით კი ირკვეოდა, რომ ხსენებული განჩინება გაუქმებული არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი დანარჩენ ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა სს “...‘‘ წარმომადგენლის მოთხოვნა და ყადაღა დაედო შპს “...ის” საკუთრებაში არსებულ ქონებას, ქ. თბილისში ...ის ქ. ¹26-ში მდებარე 477 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ, 801 კვ.მ შენობა-ნაგებობებს, რკინიგზის სადგურ “...ს‘‘ მიმდებარედ 4945 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს საერთო ფართით 1532 კვ.მ, სადგურ “...ს‘‘ მიმდებარედ ჩრდილოეთით მდებარე 1296 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით 520 კვ.მ. აღნიშნული განჩინების საფუძველზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2004 წლის 13 ოქტომბერს ამოწერილ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლის აღსრულების მიზნითაც თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2004 წლის 30 ნოემბრის (¹01-011) წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს, რის საფუძველზეც ამ უკანასკნელის მიერ დარეგისტრირებულ იქნა ყადაღა ხსენებულ ქონებაზე. ასევე საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს “...ის” კერძო საჩივარი და გაუქმდა 2004 წლის 13 ოქტომბრის განჩინება, რომელიც ძალაში დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 მაისის განჩინებით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხსენებულ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო და თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2004 წლის 30 ნოემბრის (¹01-011) წერილის საფუძველზე, სს “...ის” უძრავ ქონებაზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრირებული ყადაღა მოხსნილი უნდა ყოფილიყო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2004 წლის 20 სექტემბრის (01/07/229) და 2004 წლის 11 თებერვლის (¹01/07-221) წერილების საფუძველზე, სს “...ის” უძრავ ქონებაზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში ყადაღები იქნა რეგისტრირებული. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილშიც უნდა დაკმაყოფილებულიყო სარჩელი და ხსენებული ყადაღები მოხსნილი ყოფილიყო, რადგან ორივე შემთხვევაში აღნიშნული განხორციელდა არა სასამართლო განჩინების (სააღსრულებო ფურცლის) საფუძველზე, არამედ სასამართლო აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო ფურცლის უზრუნველყოფის მიზნით (და არა სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით). ასეთ შემთხვევაში კი, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით დადებული ყადაღისაგან ქონება უნდა გათავისუფლებულიყო, რადგან საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2006 წლის 16 მარტს გამოცემული იყო ¹04/116 ბრძანება სს “...ის” ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით. ხსენებული ბრძანება არ გასაჩივრებულა სს “...ის” მიერ და იგი კანონიერ ძალაში იყო შესული, ხოლო 2006 წლის 15 მარტს სს “...-ს” წარედგინა 02/203 შეტყობინება გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ), რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
Kკასატორი მიუთითებს, რომ სს “...” არის თბილისის რეგიონალური ცენტრის გადასახადის გადამხდელი, საზოგადოებას მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი _ ..................., 2006 წლის 3 მაისის მდგომარეობით საზოგადოების სახელმწიფო ბიუჯეტის ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სულ შეადგენდა 737721,70 ლარს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის (1997წ.) 244-ე მუხლის თანახმად, სს “...-ს” ბიუჯეტში გადასახდელი თანხების შესახებ 2004 წლის 6 აგვისტოს გაეგზავნა ¹888 შეტყობინება, საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მისი ქონების მიმართ სახელმწიფოს სასარგებლოდ საგადასახადო გირავნობის უფლების წარმოშობის შესახებ, ამასთან 2006 წლის 15 მარტს გაეგზავნა ¹02.203 საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება. გარდა აღნიშნული ადმინისტრაციული აქტებისა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს 2006 წლის 13 თებერვალს გაეგზავნა ¹2/01 შეტყობინება, ბიუჯეტის მიმართ დავალიანების _ 737721,70 ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში მისი კუთვნილი ქონების მოსალოდნელი დაყადაღების შესახებ. კასატორის მიერ გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მოპასუხემ ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადები არ გადაიხადა, რის გამოც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლისა და “საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების, დაყადაღებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესების” შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის ¹14 დადგენილების თანახმად, მიღებულ იქნა თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 16 მარტის ¹04/116 ბრძანება, რომლითაც დაყადაღებულ იქნა სს “...ის” ქონება. ყადაღადადებული ნივთები აღნუსხულია ქონების დაყადაღების (აღწერის) შესახებ აქტში, ხოლო საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებები რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
კასატორი აღნიშნავს, რომ მან 2006 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართა სარჩელით და მოითხოვა “სააღსრულებო წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-171 მუხლის მე-3 ნაწილის, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 თავის შესაბამისად, სს “...ის” საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, სააღსრულებო ბიუროს მიერ 2004 წლის 11 თებერვლის (01/07-221), 2004 წლის 20 სექტემბრის (¹01/07/229), 2004 წლის 30 ნოემბრის (¹01-011), 2005 წლის 1 მარტის (01/36) წერილებისა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 ოქტომბრისა და 2005 წლის 18 თებერვლის განჩინებების საფუძველზე დადებული ყადაღის მოხსნა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა.
Kკასატორის განმარტებით, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ მოვალის ქონების დაყადაღებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავის უფლებას, მესამე პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების თაობაზე. აღნიშნული გარემოების გარდა სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველი გახდა სს “...ის” ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების არსებობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 თავის მიხედვით საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის უპირატესი სახელმწიფო უფლება და ამავე კოდექსის 85-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს სახელმწიფოს მიერ საგადასახადო იპოთეკის/გირავნობის უფლების გაუქმების გარეშე, გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე ახალი მფლობელის მიმართ. ახალი მფლობელის ნებისმიერ სხვა იპოთეკის/გირავნობის უფლებას ექნება უმცირესი ძალა იმ საგადასახადო იპოთეკის/გირავნობის უფლების მიმართ, რომელიც არსებობდა გაყიდვამდე ან გადაცემამდე.
კასატორი მიუთითებს, სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა სს “...” წარმომადგენლის მოთხოვნა და ყადაღა დაედო სს “...ის” საკუთრებაში არსებულ ქონებას, გაუქმებულია თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 თებერვლის განჩინებით, რითაც დაკმაყოფილდა სს “...ის” კერძო საჩივარი, რომელიც შემდგომში უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 მაისის განჩინებით. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, შეუძლია აღძრას სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ. ამდენად, დადგენილია, რომ თბილისის რეგიონალურ ცენტრს გააჩნია უფლება შპს “...ის” დაყადაღებულ ქონებაზე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულების შესრულებიდან გამომდინარე, რაც გახდა სარჩელის საქალაქო სასამართლოში დაკმაყოფილების საფუძველი. ამრიგად, თბილისის რეგიონალური ცენტრისათვის (საგადასახადო ინსპექციისათვის) გაურკვეველია, თუ რატომ ეთქვა უარი, სარჩელის დანარჩენ ნაწილში, კერძოდ, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 1 მარტის წერილის საფუძველზე, საზოგადოების ქონებაზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრირებული ყადაღის გაუქმების ნაწილში სარჩელს დაკმაყოფილებაზე.
Kკასატორი ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ) 2006 წლის 3 მაისის სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს სს “...ის” დაყადაღებული ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნით, რომელიც დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით და რომელზეც 2006 წლის 26 ოქტომბერს ამოწერილ იქნა სააღსრულებო ფურცელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 ოქტომბერს განჩინებით (საქმე ¹2822) დაკმაყოფილდა სს “...‘‘ წარმომადგენლის ო. რ-უას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა დაედო შპს “...ის” საკუთრებაში არსებულ ქონებას: 1) ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹26-ში მდებარე მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ 801 კვ.მ შენობა-ნაგებობებს; 2) რკინიგზის სადგურ “...ს‘‘ მიმდებარედ 4945 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს საერთო ფართით 1532 კვ.მ; 3) სადგურ “...ს‘‘ მიმდებარედ (ჩრდილოეთით) 1296 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს საერთო ფართით 520 კვ.მ., მათ შორის, ნაგებობა ¹1 ფართობით 361,78 კვ.მ და ¹2 _ ფართობით 148,43 კვ.მ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს “...ის” კერძო საჩივარი, გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და აღნიშნული განჩინებით დადებული ყადაღა მოეხსნა შპს “...ის” საკუთრებაში არსებულ ქონებას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2004 წლის 10 სექტემბერს აღწერილი და ყადაღადადებულ იქნა სს “...ის” ქონება სს “...ს‘‘ სასარგებლოდ, რომლის მიმართაც სს “...ს” დაეკისრა 84389,40 ლარი (სააღსრულებო ფურცელი ¹2/221). თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 თებერვლის განჩინებით (საქმე ¹1856) დაკმაყოფილდა ო. რ-უას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და ყადაღა დაედო შპს “...ის” საკუთრებაში არსებულ ქონებას, ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹26-ში მდებარე 801 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს, რკინიგზის სადგურ “...ს‘‘ მიმდებარედ 4945 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს საერთო ფართით 1532 კვ.მ, სადგურ “...ს‘‘ მიმდებარედ (ჩრდილოეთით) 1296 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით 520 კვ.მ.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2006 წლის 16 მარტს გამოცემულ იქნა ¹04/116 ბრძანება ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით სს “...ის” ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. ხსენებული ბრძანება არ გასაჩივრებულა სს “...ის” მიერ და კანონიერ ძალაშია შესული. 2006 წლის 15 მარტს სს “...ს” წარედგინა ¹02/203 შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 4 მაისს ¹10225/ი/1611-06 წერილის თანახმად კი, რკინიგზის სადგურ “...ს‘‘ მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი 4945 კვ.მ და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები ფართით 1532 კვ.მ, სადგურ “...ს‘‘ მიმდებარედ (ჩრდილოეთით) 1296 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები საერთო ფართით 520 კვ.მ, ...ის ქ. ¹26-ში მდებარე 477 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები საერთო ფართით 360 კვ.მ (აქედან სს “...ს” საკუთრება იყო 37,8 კვ.მ) რეგისტრირებული იყო შპს “...ის” საკუთრების უფლებით. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2004 წლის 11 თებერვლის, (¹01/07-221); 2004 წლის 20 სექტემბრის (¹01/07-229), 2004 წლის 30 ნოემბრის (01-11), 2005 წლის 1 მარტის (¹01/36) მიწერილობების საფუძველზე, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 თებერვლისა (¹1856) და 2004 წლის 13 ოქტომბრის (საქმე ¹2822) განჩინებების საფუძველზე შესული იყო ინფორმაცია სს “...ის” ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე. ამავე წერილის თანახმად, სს “...ის” უძრავ-მოძრავი ქონება დაყადაღებულია ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 16 მარტის ¹04/116 ბრძანების საფუძველზე და ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა (¹6818-03, 31.12.08წ).
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 1 მარტის (¹01/36) წერილის საფუძველზე, სს “...ის” უძრავ ქონებაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრირებული ყადაღის გაუქმება, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნულ ნაწილში იქნა გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 1 მარტის (¹01/36) წერილის საფუძველზე რეგისტრირებული ყადაღა სს “...ის” ქონებას, რომელიც მდებარეობდა ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹26-ში თავისი მიწის ნაკვეთით 801 კვ.მ, სადგურ “...ს” მიმდებარედ 4945 კვ.მ მიწის ნაკვეთს თავისი შენობა-ნაგებობებით _ 1532 კვ.მ, სადგურ “...ს” მიმდებარედ (ჩრდილოეთით) 1296 კვ.მ მიწის ნაკვეთს თავისი შენობა-ნაგებობებით _ 520,2 კვ.მ) დაედო თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 თებერვლის განჩინებისა (საქმე ¹1856) და ¹1856 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 1 მარტის (¹01/36) წერილის საფუძველზე რეგისტრირებული ყადაღის გაუქმებაზე.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სს “...ის” ქონება დაყადაღებულია როგორც თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ მიღებული ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით, ასევე თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ მიწერილობების საფუძველზე, შპს “...” მიმართ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას ან ყადაღის დადების შემდეგ მოგირავნე განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას და სასამართლო აღმასრულებელს წარუდგენს გირავნობის უფლების დამადასტურებელ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, სასამართლო აღმასრულებელი ათავისუფლებს ამ ქონებას ყადაღისაგან. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ხსენებული ნორმის თანახმად, ყადაღისაგან გათავისუფლებას ექვემდებარება ის ქონება, რომელსაც სასამართლო აღმასრულებელმა დაადო ყადაღა და აღნიშნულში არ მოიაზრება სასამართლო გადაწყვეტილების (სააღსრულებო ფურცლის) საფუძველზე დადებული ყადაღის მოხსნა, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) საფუძველზე დადებული ყადაღის მოხსნა შესაძლებელია, თუ გაუქმდა ის განჩინება, რომლის საფუძველზეც იქნა დადებული ყადაღა. სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებაში ისე მიუთითა, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაინული სასამართლოს 2005 წლის 18 თებერვლის განჩინება (საქმე ¹1856), რომლითაც ყადაღა დაედო სს “...ის” ქონებას, თითქოს გაუქმებული არ იყო, რომ არ გამოიკვლია, რა სტადიაზე იყო ხსენებული საქმის განხილვა და არ მიიღო სათანადო ზომები აღნიშნულის დასადგენად.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედებს როგორც შეჯიბრებითობის, ისე სასამართლოს მიერ საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის პრინციპი, რაც გულისხმობს აქტიურ სასამართლოს, რომელიც ყოველმხრივ იკვლევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, უფრო მეტიც, საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს მტკიცებულებები (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილი). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე განხილულია ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის “გ” და “ე” ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საქმეზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რისთვისაც სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.