ბს-993-966(2კ-უს-10) 10 მარტი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
ნ. გოგატიშვილის მდივნობით
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სსიპ “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის” საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისისა და 2010 წლის 28 აპრილის განჩინებებზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 27 აპრილს გ. ხ-ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და სასამართლო დავის საბოლოო გადაწყვეტილებამდე მოითხოვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სსიპ “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის” აეკრძალათ გ. ხ-ძის კუთვნილი ბინის (სარეგიტრაციო ზონა - ადიგენი, კოდი-61; სექტორი - დაბა ..., კოდი-11; კვარტლის ¹06, ნაკვეთის ¹001, ფართობი-92,9 კვ.მ) ყოველგვარი გამოყენება, შემდეგი საფუძვლით:
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის ¹501 დადგენილების მე-4 პუნქტის შესაბამისად აბასთუმნის ... დამაარსებელსა და ... ე. ხ-ძეს მუდმივ სარგებლობაში გადაეცა ... ტერიტორიაზე მდებარე მის მიერ საბინაო ფონდში დაკავებული 100კვ.მ ბინა. საქართველოს მეცნიერებათა აკდემიის პრეზიდიუმის დადგენილებით (¹27; 2003 წლის 13 თებერვალი) აღნიშნული ბინა მუდმივ სარგებლობაში გადაეცა გ. ხ-ძეს, რომელიც ე. ხ-ძის კანონიერი მემკვიდრეა. ამავე დადგენილებით გადაწყდა, აღძრულიყო შუამდგომლობა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წინაშე აღნიშნული ბინის მუნიციპალურ საცხოვრებელ ფონდში გატანის მოთხოვნით, რათა შემდგომ დადგენილი წესით საცხოვრებელ ბინად გაფორმებულიყო გ. ხ-ძეზე.
2003 წლის 14 თებერვალს მეცნიერებათა აკადემიამ მიმართა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ადიგენის რაიონის გამგეობას, ე. ხ-ძისათვის მუდმივ სარგებლობაში გადაცემული აბასთუმნის ... ბინის საბინაო ფონდიდან მუნიციპალურ საცხოვრებელ ფონდში გატანის მოთხოვნით, რათა იგი დადგენილი წესის შესაბამისად საცხოვრებელ ბინად გაფორმებულიყო გ. ხ-ძეზე. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ და ადიგენის რაიონის გამგეობამ თანხმობა გამოთქვა მომხდარიყო აღნიშნული ფართის გადაცემა მუნიციპალურ საცხოვრებელ ფონდში არსებული წესით, რის შესახებაც ეცნობა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2003 წლის 30 ივნისის ბრძანებით აბასთუმნის ... 100 კვ.მ საერთო ფართობის ბინა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ... საბინაო ფონდიდან მუნიციპალურ საცხოვრებელ ფონდს გადაეცა. ამავე ბრძანებით დაევალა ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს ადიგენის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილებას სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, ხოლო ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ შესაბამისი ხელშეკრლების გაფორმება. 2005 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა სანოტარო აქტი – საცხოვრებელი ბინის პრივატიზების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც აბასთუმნის საკრებულომ 100 კვ.მ საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ, პრივატიზების წესით გადასცა გ. ხ-ძეს და ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
2009 წლის 18 აპრილს გ. ხ-ძისათვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 21 აპრილის ¹1-1/635 ბრძანებით, ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უზუფრუქტის წესით გადაეცა დაბა-აბასთუმანში, ... მდებარე შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 16269,5 კვ.მ და მასზე დამაგრებული 300 000 კვ.მ მიწის ფართი, რომლის შემადგენლობაში შემავალი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის (სარეგისტრაციო ზონა-ადიგენი, კოდი-61; სექტორი-..., კოდი-11; კვარტლის ¹06 ნაკვეთის ¹001; ფართობი-92,9 კვ.მ) მესაკუთრეს გ. ხ-ძე წარმოადგენდა. გ. ხ-ძემ 2009 წლის 6 მაისს მიმართა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (უძრავი) სსიპ “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის” უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ” და მოითხოვა აღნიშნული აქტის იმ ნაწილის ბათილად ცნობა, როლითაც სსიპ “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს” უზუფრუქტის წესით გადაეცა დაბა-აბასთუმანში, ... მდებარე შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 16 269,5 კვ.მ და მასზე დამაგრებული 300 000 კვ.მ მიწის ფართი, ვინაიდან აღნიშნული ბრძანების (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) გამოცემისას საქმე არ იყო სრულყოფილად გამოკვლეული, რადგანაც, ზემოხსენებული შენობა-ნაგებობის შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის (სარეგისტრაციო ზონა-ადიგენი, კოდი-61; სექტორი-..., კოდი-11; კვარტლის ¹06, ნაკვეთის ¹001; ფართობი-92,9 კვ.მ) მესაკუთრეს გ. ხ-ძე წარმოადგენდა. 2009 წლის 10 ივნისს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსგან გ. ხ-ძემ მიიღო წერილი, რომ გ. ხ-ძის საჩივარი გადაეგზავნა საქართველოს მთავრობის კანცელარიას შემდგომში რეაგირებისათვის. საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან 2009 წლის 17 ივნისის წერილობით მოსარჩელეს აცნობეს, რომ ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლების გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველო მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის ¹110 დადგენილების მე-10 მუხლის თანახმად ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, ასევე კონკურსის ან აუქციონის შედეგებთან სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს (მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განიხილავს სასამართლო.
აღნიშნულის საფუძველზე გ. ხ-ძემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 21 აპრილის ¹1-1/635 ბრძანების (სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (უძრავი) სსიპ “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის” უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც სსიპ “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი” უზუფრუქტის წესით გადაეცა დაბა-აბასთუმანში, ... მდებარე შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 16 269,5 კვ.მ და მასზე დამაგრებული 300 000 კვ.მ მიწის ფართი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ. ხ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 21 აპრილის ¹1-1/635 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც სსიპ ,,სსიპ “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს” გადაეცა გ. ხ-ძეს საკუთრებაში არსებული ქონება (სარეგიტრაციო ზონა-ადიგენი, კოდი-61; სექტორი-..., კოდი-11; კვარტლის ¹06, ნაკვეთის ¹001, ფართობი-92,9 კვ.მ).
2010 წლის 4 მარტს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ეკონომიკური განვითარები სამინისტრომ და გ. ხ-ძემ მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის სახის გამოყენება, ვინაიდან მოსალოდნელი იყო ისედაც სახეცვლილ ბინაში სხვადასხვა სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რამდენადაც გადწყვეტილი იყო მთლიანი კორპუსის სასტუმროდ გადაკეთება, ამიტომ შესაძლებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებისა და საპელაციო საჩივრის არ დაკმაყოფილების თქმის შემთხვევაშიც, მესაკუთრე ბინის გარეშე აღმოჩენილიყო, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბინა ფაქტობრივად აღარ იარსებებდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის განჩინებით გ. ხ-ძის განცხადება დაკმაყოფილდა რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
2005 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა სანოტარო აქტი – საცხოვრებელი ბინის პრივატიზების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დაბა აბასთუმნის საკრებულომ უსასყიდლოდ ბინის პრივატიზების წესით გადასცა გ. ხ-ძეს 100 კვ.მ საცხოვრებელი ბინა, მდებარე ადიგენის რაიონში დაბა აბასთუმანში, ..., ხსენებული ბინის მესაკუთრე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, რაზეც გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 21 აპრილის ¹1-1/635 ბრძანებით, სსიპ “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს” უზუფრუქტის წესით გადაეცა დაბა აბასთუმანში, ... მდებარე შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 16 269,5 კვ. მ და მასზე დამაგრებული 300 000 კვ.მ მიწის ფართი, რომლის შემადგენლობაში შემავალი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის (სარეგიტრაციო ზონა-ადიგენი, კოდი-61; სექტორი-..., კოდი-11; კვარტლის ¹06, ნაკვეთის ¹001, ფართობი-92,9 კვ.მ) მესაკუთრეს გ. ხ-ძე წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და განმარტა, რომ წარმოდგენილ განცხადებაში გ. ხ-ძის მიერ მითითებული ვარაუდი იმის თაობაზე, რომ შესაძლოა მოხდეს სადავო შენობა-ნაგებობის სასტუმროდ გადაკეთება და ისედაც სახეცვლილ ბინაში სხვადასხვა სამუშაოების ჩატარება, იყო საფუძვლიანი, რამდენადაც სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანებით სადავო შენობა-ნაგებობა, რომლის ერთ-ერთი ბინის მესაკუთრეს წარმოადგენდა გ. ხ-ძე, უზუფრუქტის წესით გადაეცა სსიპ – ილის სახელობის უნივერსიტეტს, შესაბამისად, არსებობდა აპელანტების _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სსიპ “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის” _ მიერ მასზე სხვადასხვა სამართლებრივი ქმედების განხორციელების გამოყენების შესაძლებლობა, შესაბამისად გ. ხ-ძის განცხადება დაკმაყოფილდა; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სსიპ “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს” აეკრძალა ყოველგვარი სამართლებრივი მნიშვნელობის ქმედების განხორციელება გ. ხ-ძის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე (სარეგიტრაციო ზონა-ადიგენი, კოდი-61; სექტორი-..., კოდი-11; კვარტლის ¹06, ნაკვეთის ¹001, ფართობი-92,9 კვ.მ).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საჩივრით გაასაჩივრა სსიპ “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა”, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 სექტემბრის ¹213 დადგენილებით უნივერსიტეტს შეუერთდა საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, ხოლო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 21 აპრილის ¹1-1635 ბრძანებით სსპ სსიპ “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს” უზურფრუქტის ფორმით გადაეცა დაბა-აბასთუმანში ... მდებარე უძრავი ქონება (მათ შორის, გასაჩივრებული განჩინებით განსაზღვრული ქონება) – საქართველოს ... განაშენების ფართი - 10379 კვ.მ, საერთო ფართი-16269.5 კვ.მ საანაგრიშო ფართი-19658.6 კვ.მ; ბრძანების საფუძველზე სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმდა უზუფრუქტის ხელშეკრულება, რომელიც კანონით დადგენილი წესით გატარდა საჯარო რეესტრში, რაზედაც გაიცა შესაბამისი ამონაწერი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნივერსიტეტი წარმოადგენდა უძრავი ქონების კეთილსინდისიერ მფლობელს სამოქალაქო კოდექსი – მუხლი 155-ე მე-3 ნაწილი და 159-ე მუხლის საფუძველზე და შესაბამისად, უზურფრუქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების მიღებისას შეუდგა მის რეაბილიტაციას, შეკეთება – განახლებას. შედგა შენობა-ნაგებობისა და ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, მათ შორის, გასაჩივრებული განჩინებით განსაზღვრული ქონების, რომელიც წარმოადგენდა და წარმოადგენს დაბა აბასთუმანში, ... ე.წ. პატარა სასტუმროს შემადგენელ ნაწილს, ერთ-ერთ სასტუმრო ოთახს. სამუშაოების შესასრულებლად 2008 წლის 22 მაისს უნივერსიტეტმა გაზეთ 24 საათში გამოაცხადა ტენდერი. სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 2008 წლის 29 დეკემბრისათვის, რომლის შედეგად სრულიად მოპირკეთდა და გარემონტდა სასტუმრო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლო იყო სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, რადგან იმ შემთხვევაშიც კი თუ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, უნივერსიტეტს, როგორც არაუფლებამოსილ კეთილსინდისიერ მფლობელს წარმოეშვება უფლება მოსთხოვოს მოსარჩელეს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება, რაც გასაჩივრებული განჩინებით განსაზღვრული ქონებაზე გაღებულ იქნა ზემოაღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისას და რომლის შედეგადაც უნივერსიტეტი უფლებამოსილი გახდა უარი ეთქვა განჩინებით განსაზღვრული ქონების დაბრუნებაზე, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 9 ივლისის განჩინებით სსიპ “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის” საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის განჩინება და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან მისი შეუძლებლობის თავიდან აცილებისკენ. აღნიშნულ ღონისძიებას სასამართლო იყენებს იმ შემთვევაში, როდესაც მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს, რომ მისი მიუღებლობა გამოიწვევს გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელებას ან შეუძლებელს გახდის მას. წარმოდგენილი საჩივარი კი არ შეიცავდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2010 წლის 28 აპრილის განჩინებაში მოყვანილი მოტივების გამაბათილებელ არგუმენტებს. საჩივარში მითითებული იყო იმ გარემოებებზე, თუ რა დანახარჯი იქნა გაწეული მხარის მიერ მისთვის უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაცემულ ნივთზე და რომ სასარჩელო მოთხოვნის საბოლოოდ დაკმაყოფილების შემთხვევაში, მესაკუთრის მიმართ საჩივრის ავტორს შესაძლოა წარმოეშვას მოთხოვნის უფლება.
სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, აღნიშნული გარემოებებით არა თუ ვერ ბათილდებოდა სარჩელზე უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობა, არამედ საერთოდ არ არის ახსნილი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გამოყენებული ღონისძიების გაუქმების საჭიროება. ამდენად, საჩივარში მოყვანილი არ იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების გაუქმების მოტივები და არ არსებობა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის” საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 9 ივლისისა და 2010 წლის 28 აპრილის განჩინებები, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნაა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განჩინება, რომლითაც სასამართლო დავის საბოლოო გადაწყვეტამდე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სსიპ “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს” აეკრაძალა ყოველგვარი სამართლებრივი მნიშვნელობის ქმედების განხორციელება გ. ხ-ძის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე (სარეგისტრაციო ზონა-ადიგენი, კოდი-61; სექტორი-..., კოდი-11; კვარტლის ¹06, ნაკვეთის ¹001, ფართობი-92,9 კვ.მ). მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კერძოდ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 21 აპრილის ბრძანების იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომლითაც სსიპ “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს” გადაეცა გ. ხ-ძის საკუთრებაში არსებული ქონება (სარეგისტრაციო ზონა - ადიგენი, კოდი-61; სექტორი - ..., კოდი-11; კვარტლის ¹06, ნაკვეთის ¹001, ფართობი-92,9 კვ.მ). ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის საგანს, საჩივრის მოთხოვნიდან გამომდინარე, წარმოადგენს მოპასუხეებისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სსიპ “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის” გ. ხ-ძის კუთვნილი ბინის (სარეგიტრაციო ზონა - ადიგენი, კოდი-61; სექტორი - ..., კოდი-11; კვარტლის ¹06, ნაკვეთის ¹001, ფართობი-92,9 კვ.მ) ყოველგვარი გამოყენება, ანუ აღნიშნული მოთხოვნა ემყარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. იმავე კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა. საჩივრის ავტორი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ უნივერსიტეტი წარმოადგენდა უძრავი ქონების კეთილსინდისიერ მფლობელს, უზურფრუქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების მიღების შემდეგ შეუდგა მის რეაბილიტაციას, შეკეთება – განახლებას. შედგა შენობა-ნაგებობისა და ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, მათ შორის. გასაჩივრებული განჩინებით განსაზღვრული ქონების, რომელიც წარმოადგენდა და წარმოადგენს დაბა აბასთუმანში, ... ე.წ. პატარა სასტუმროს შემადგენელ ნაწილს, ერთ-ერთ სასტუმრო ოთახს. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება შევიდოდა კანონიერ ძალაში, უნივერსიტეტს, როგორც არაუფლებამოსილ კეთილსინდისიერ მფლობელს წარმოეშვებოდა უფლება მოეთხოვა შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება, რაც გასაჩივრებული განჩინებით განსაზღვრული ქონებაზე გაღებულ იქნა ზემოაღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისას და რომლის შედეგადაც უნივერსიტეტი უფლებამოსილი გახდა უარი ეთქვა განჩინებით განსაზღვრული ქონების დაბრუნებაზე, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებაა, მოპასუხისათვის რაიმე მოქმედების განხორციელების შეზღუდვის გზით. სარჩელის ზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა, შესაბამისად, მისი გამოყენება მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან მისი შეუძლებლობის თავიდან აცილებისკენ. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, თუ მხარე წარდგენილი მტკიცებულებებითა და ფაქტებით დაამტკიცებს, რომ მისი მიუღებლობა გამოიწვევს გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელებას ან შეუძლებელს გახდის მას. თავად ნორმის ზოგად დანაწესზე მითითება, რომ შემდგომში შეუძლებელი გახდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება არ ქმნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. განმცხადებელი ვალდებულია დაასაბუთოს ის მოსალოდნელი რეალური საშიშროება, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში გამორიცხავს გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც სააპელაციო სასამართლოსათვის წარდგენილი საჩივრით ვერ იქნა უზრუნველყოფილი. საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია რაიმე საფუძვლიანი არგუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა გასაჩივრებული განჩინების საპროცესო ნორმების დარღვევით მიღება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ხ-ძის განცხადების განხილვისას სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა და გამოიტანა დასაბუთებული განჩინება, ვინაიდან სსიპ “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის” საჩივარი (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების თაობაზე) იყო დაუსაბუთებელი.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ შეიცავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2010 წლის 28 აპრილის განჩინებაში მოყვანილი მტკიცებულებების უარმყოფელ ფაქტებს. საჩივრის ავტორის მითითება, რომ დანახარჯი იქნა გაწეული მხარის მიერ მისთვის უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაცემულ ნივთზე და სასარჩელო მოთხოვნის საბოლოოდ დაკმაყოფილების შემთვევაში, მესაკუთრის _ გ. ხ-ძის მიმართ მოპასუხეს შესაძლებელია წარმოეშვას მოთხოვნის უფლება, საკასაციო სასამართლოს დასკვნით არ აქარწყლებს სარჩელზე უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობას. ამდენად, საჩივარში არ არის მითითებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძვლიანი მოტივები და შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის” საჩივარი არის დაუსაბუთებელი, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისისა და 2010 წლის 28 აპრილის განჩინებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის” საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისისა და 2010 წლის 28 აპრილის განჩინებები;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.