Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-997-970(კ-10) 6 სექტემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს ,,...” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ბათუმის რეგიონული ცენტრის მიმართ.

2009 წლის 27 მარტს შპს ,,...” სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 12 მარტის ¹556 ბრძანების, ქონების დაყადაღების შესახებ ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 25 დეკემბრის ¹5063 ბრძანებისა და 2008 წლის 30 დეკემბრის აღწერა-დაყადაღების აქტის, ასევე შპს ,,...” პირადი აღრიცხვის ბარათზე გადასახადების (ჯარიმა/საურავების) დარიცხვის შესახებ ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2004 წლის 1 იანვრიდან გაცემული ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა. სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში მოსარჩელემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე დააზუსტა სარჩელი და ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 23 მაისის ¹312 საგადასახადო შეტყობინებისა და გირავნობის უფლების წარმოშობის შესახებ 2004 წლის 29 მაისის ¹041 საგადასახადო შეტყობინების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,...” სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინებით შპს ,,...” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 27 ივლისის განჩინებით მიიჩნია, რომ შპს ,,...” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და თავისი კონკრეტული წარმომადგენლის სახელზე გაცემული სასამართლო განჩინების გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილების შემცველი მინდობილობა. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოებები მიიჩნია ხარვეზად და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ივლისის განჩინებით შპს ,,...” დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზები, კერძოდ, წარმოედგინა კონკრეტული წარმომადგენლის სახელზე გაცემული სასამართლო განჩინების გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილების შემცველი მინდობილობა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ივლისის განჩინების შემცველი გზავნილი შპს ,,...” 2010 წლის 3 აგვისტოს ჩაბარდა (ს.ფ. 321). შესაბამისად, კასატორს ხარვეზების შევსებისათვის მიცემული ვადა 2010 წლის 13 აგვისტოს ამოეწურა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,...” საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ივლისის განჩინების ასლი 2010 წლის 3 აგვისტოს ჩაბარდა (ს.ფ. 321), სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2010 წლის 4 აგვისტოდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა 2010 წლის 13 აგვისტოს (პარასკევს) 24 საათზე იწურებოდა. საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,...” ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით ფოსტას 2010 წლის 16 აგვისტოს ანუ სასამართლოს მიერ დაწესებული ვადის დარღვევით წარუდგინა (ს.ფ. 322-324).

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,...” გაუშვა ხარვეზის შევსების ვადა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები ფოსტას 2010 წლის 16 აგვისტოს ანუ სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარუდგინა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 63-ე მუხლისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან შპს ,,...” საკასაციო საჩივარზე ლ. კ-ოვას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 63-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს შპს ,,...” საკასაციო საჩივარი;

2. ლ. კ-ოვას დაუბრუნდეს მის მიერ შპს ,,...” საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.