საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
ბს-999-972(კ-10) 15 სექტემბერი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
განიხილა გ. ლ-ძის 09.08.2010წ. განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2010წ. განჩინებაზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.
ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2010წ. განჩინებით გ. ლ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 29.01.2010წ. გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ლ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2010წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ლ-ძემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2010წ. განჩინებით, სასკ-ის 34.3 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი.
გ. ლ-ძემ 09.08.2010წ. განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უარი თქვა საკასაციო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ განიხილა გ. ლ-ძის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რის შესაბამისადაც მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამდენად, განმცხადებელმა გ. ლ-ძემ განაცხადა რა უარი საკასაციო საჩივარზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების განსაკარგავად, უარი საკასაციო საჩივარზე არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს და უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 378-ე მუხლებიდან გამომდინარე, მხარეებს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ლ-ძის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. გ. ლ-ძის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო;
3. მხარეებს განემარტოს, რომ სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.