Facebook Twitter

ბს-1000-973(კს-10) 13 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ინდმეწარმე ,,თ. ყ-იას” კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 19 ივნისს ინდმეწარმე ,,თ. ყ-იამ” ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მომართა მოპასუხეების: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2008 წლის 24 ნოემბრის საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 23 დეკემბრის ¹32 საგადასახადო მოთხოვნის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2008 წლის 19 დეკემბრის ¹235 ბრძანების, შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 25 მარტის ¹720 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 5 ივნისის ¹10/7089 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და მოპასუხეთათვის 4000 ლარის დაკისრებას.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ინდმეწარმე “თ. ყ-იას” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრა ინდმეწარმე ,,თ. ყ-იამ”, რომელმაც მოითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ასევე ითხოვდა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სისხლის სამართლებრივი დევნის ნაწილში, 2008 წლის 23 დეკემბრის ¹32 საგადასახადო მოთხოვნის მოქმედების შეჩერებას, იმ მოტოვით, რომ საქმის საბოლოო განხილვამდე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა მხარეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 იანვრის განჩინებით ინდმეწარმე ,,თ. ყ-იას” შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (საგადასახადო მოთხოვნის) მოქმედების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 იანვრის განჩინებით ინდმეწარმე ,,თ. ყ-იას” სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ინდმეწარმე ,,თ. ყ-იამ” და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 იანვრის განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 აპრილის განჩინებით ინდმეწარმე ,,თ. ყ-იას” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 იანვრის განჩინება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინებით ინდმეწარმე ,,თ. ყ-იას” სააპელაციო საჩივარი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო დარჩა განუხილველად.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ინდმეწარმე ,,თ. ყ-იას” წარმომადგენელმა ლ. კ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ინდმეწარმე ,,თ. ყ-იას” კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ივლისის განჩინებით ინდმეწარმე ,,თ. ყ-იას” კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას, კერძოდ, კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (50 ლარის ოდენობით). აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად ინმეწარმე ,,თ. ყ-იას” საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ივლისის განჩინებით მიეცა 10 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს – ლ. კ-ძეს ჩაჰბარდა 2010 წლის 2 აგვისტოს.

2010 წლის 11 აგვისტოს ინდმეწარმე ,,თ. ყ-იას” წარმომადგენელმა – ლ. კ-ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება სახელმწიფო ბაჟის (50 ლარის) გადასახდელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ინდმეწარმე ,,თ. ყ-იას” წარმომადგენლის – ლ. კ-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გაუგრძელდა საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად 5 დღით. განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს – ლ. კ-ძეს ჩაჰბარდა 2010 წლის 10 აგვისტოს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორის – ინდმეწარმე ,,თ. ყ-იას” წარმომადგენელმა – ლ. კ-ძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 სექტემბრის ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე განჩინების ასლი ჩაიბარა 2010 წლის 10 სექტემბერს, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდა 2010 წლის 15 სექტემბრის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ კერძო საჩივრის ავტორს განჩინებაში მითითებულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ინდმეწარმე ,,თ. ყ-იას” კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ინდმეწარმე ,,თ. ყ-იას” კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.