Facebook Twitter

ბს-1022-1014(კს-11) 20 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე და 420-ე მუხლების შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ. ქ-ძისა და მისი წარმომადგენლის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2011 წლის 9 ივნისს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1022-1014(კს-11) გ. ქ-ძისა და მისი წარმომადგენლის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე

საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განჩინებით გ. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად (ის. ს.ფ. 173-175).

გ. ქ-ძემ და მისმა წარმომადგენელმა განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და სსსკ-ის 66-67-ე მუხლების შესაბამისად, მოითხოვეს საპროცესო ვადის აღდგენა (იხ. ს.ფ. 178, 180).

აღნიშნული განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გადმოგზავნილ იქნა საკასაციო სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობისა და მისი დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ქ-ძისა და მისი წარმომადგენლის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ შეიტანება იმ სასამართლოში, რომელშიც უნდა შესრულებულიყო საპროცესო მოქმედება.

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საპროცესო ვადის აღდგენის კომპეტენცია მინიჭებული აქვს განჩინების გამომტან სასამართლოს.

კონკრეტულ შემთხვევაში, განმცხადებელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომლის 2011 წლის 27 მაისის განჩინებით განუხილველად დარჩა გ. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი, იმ მოტივით, რომ აპელანტის მიერ გაშვებულ იქნა სსსკ-ის 369-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო ვადის აღდგენა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391.1 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრით საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს მხოლოდ ის გადაწყვეტილებები (განჩინებები) რომლითაც საქმე განხილულ იქნა არსებითად, ხოლო 414.1 მუხლის შესაბამისად, კი, კერძო საჩივრით შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ის სასამართლო აქტები, რომელთა კერძო საჩივრით გასაჩივრების წესიც პირდაპირაა დადგენილი მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.

ამდენად, მითითებულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო სასამართლო მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო ვადის აღდგენაზე, რადგან აღნიშნული საკითხის განხილვა თავად განჩინების გამომტანი სასამართლოს კონკრეტულ შემთხვევაში კი, სააპელაციო სასამართლოს იურისდიქციას განეკუთვნება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის შესაბამისად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია გადაუგზავნოს იგი განსჯად სასამართლოს.

სსსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონის ანალოგიის საფუძველზე, მხარის მიერ საპროცესო უფლების რეალიზაციის მიზნით წარდგენილი ნებისმიერი საპროცესო დოკუმენტი, მათ შორის განცხადება, განსახილველად ექვემდებარება მხოლოდ განსჯად სასამართლოს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ქ-ძისა და მისი წარმომადგენლის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯადია, რის გამოც იგი განსახილველად უნდა გადაეცეს მითითებულ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 26.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7.2, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ქ-ძის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

2. განცხადების განსჯადი სასამართლოსათვის გადაგზავნის შესახებ ეცნობოს განმცხადებელს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.