Facebook Twitter

ბს-1023-981 (კს-09) 12 თებერვალი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. კ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოსარჩელე _ დ. ლ-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის საოქმო განჩინება

დავის საგანი _ მესამე პირად ჩაბმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 21 აგვისტოს დ. ლ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ს.ს “...” მიმართ.

მოსარჩელემ _ დ. ლ-ძემ განმარტა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 27 ივნისის ¹85 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ამავე კომისიის მიერ გაცემული ¹5087 საკუთრების მოწმობა, რის საფუძველზეც საკუთრებაში გადაეცა სოფ. ... მდებარე მის მიერ თვითნებურად დაკავებული 2970 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი,. გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად დაედო ს/ს “....” 2008 წლის 18 აპრილს წარდგენილი კორესპონდენციისა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერების განხილვა. აღნიშნული დოკუმენტაციით დადგენილ იქნა ს/ს “....” საკუთრების უფლება იმ ნაკვეთებზე, რომლებზეც კომისიის მიერ გაცემული იყო საკუთრების მოწმობები.

მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სადავო გადაწყვეტილება მიღებული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, რაც ამავე კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ქმნიდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველს.

ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს 2008 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ლ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ლ-ძემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის საოქმო განჩინებით შუამდგომლობა საქმეში ნ. კ-ძის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ საკუთრების აღიარების კომისიის მიერ ნ. კ-ძეზე გაიცა საკუთრების მოწმობა დ. ლ-ძისათვის საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთის ნაწილზე, არ ადასტურებდა ამ უკანასკნელის სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილეობის ფაქტს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინებაზე ნ. კ-ძის წარმომადეგნელმა ვ. G-ძემ წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაბმა მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2008 წლის 17 მაისის ¹68 გადაწყვეტილებით და მის საფუძველზე გაცემული ¹8167 მოწმობით ნ. კ-ძეს საკუთრებაში გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ... მდებარე 2381,61 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც ფარავდა მანამდე დ. ლ-ძეზე საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთიდან 970 კვ. მეტრს. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ მისი მარწმუნებელი არის სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე პირი, ვინაიდან თუ დაკმაყოფილდება დ. ლ-ძის სარჩელი და ბათილად იქნება ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება, აღდგება ამავე კომისიის 2008 წლის 15 იანვარს დ. ლ-ძეზე გაცემული ¹5087 საკუთრების მოწმობა. ამდენად, დ. ლ-ძის საკუთრების მოწმობა წინააღმდეგობაში მოვა ნ. კ-ძეზე გაცემულ საკუთრების მოწმობასთან და ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთზე იარსებებს ორი საკუთრების მოწმობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 აგვისტოს განჩინებით ნ. კ-ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ნ. კ-ძის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

დადგენილია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 15 იანვრის ¹5087 საკუთრების უფლების მოწმობით დ. ლ-ძეს საკუთრებაში გადაეცა 0,2970 ჰა მიწის ნაკვეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ... (ს.ფ. 21). ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 20 მაისის ¹8167 საკუთრების უფლების მოწმობით ნ. კ-ძეს საკუთრებაში გადაეცა 2381,61 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ... (ს.ფ. 72). ამავე კომისიის 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით (ოქმი ¹85) ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 15 იანვარს დ. ლ-ძის სახელზე გაცემული ¹5087 საკუთრების უფლების მოწმობა (ს.ფ. 17-20). დ. ლ-ძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ აღძრული სარჩელით ითხოვდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების (¹85 ოქმის) ბათილად ცნობას. ნ. კ-ძე აღნიშნულ დავაში მესამე პირად ჩართვის ინტერესს ასაბუთებდა იმ გარემოებით, რომ დ. ლ-ძისა და მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებით ხდებოდა ურთიერთგადაფარვა დაახლოებით 970 კვ.მ.-ზე. ხოლო სასამართლოს მიერ აღიარების კომისიის 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების (¹85 ოქმის) ბათილად ცნობით მოხდებოდა აღდგენა ამავე კომისიის 2008 წლის 15 იანვრის ¹5087 საკუთრების მოწმობის, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში იქნებოდა ნ. კ-ძისათვის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ამავე კომისიის გადაწყვეტილებასა და ¹8167 საკუთრების უფლების მოწმობასთანინო

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირადავით იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქმის განხილვის შედეგზე და აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის განჩინებით დ. ლ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება დ. ლ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 თებერვლის ¹259-2/3ბ წერილით დადგენილ იქნა, რომ ¹3/ბ-273-2009 ადმინისტრაციულ საქმეზე დ. ლ-ძის სარჩელისა გამო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და ს/ს “...” მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მიღებული 2009 წლის 23 ივნისის განჩინება 2010 წლის 9 თებერვლის მდგომარეობით მხარეთა მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებული არ არის. დადგენილია, რომ მხარეებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის განჩინება ჩაბარდათ 2009 წლის 1 ივლისს (ს.ფ. 200-202).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა არსებითად დასრულებულია, დღეისათვის გასულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრების ერთთვიანი ვადა და მხარეებს საქმეზე მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებაზე (2009 წლის 23 ივნისის განჩინებაზე) საკასაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა არ გამოუყენებიათ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის საოქმო განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივრის განხილვის შედეგი უშუალო გავლენას ვერ მოახდენს საქმის დღეისათვის არსებულ საბოლოო შედეგზე. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია პირის უფლებების დაცვის არაერთი მექანიზმი, რითაც, შესაძლოა, მიღწეულ იქნეს სასურველი შედეგი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. კ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. კ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის საოქმო განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.