Facebook Twitter

ბს-1023-996(კს-10) 4 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ. კ-ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლ. კ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ ხულოს სარეგისტრაციო სამსახურისა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, რომლითაც ხულოს სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერის გაუქმება და მიწის ნაკვეთის მის საკუთრებაში დარეგისტრირება მოითხოვა.

ხულოს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ლ. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. კ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 მაისის განჩინებით ლ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სსსკ-ის 39-ე მუხლის “ბ” პუნქტის მიხედვით დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. შესაბამისად, მხარეს დაევალა სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით, რომელშიც აუცილებლად მითითებული იქნებოდა თუ რომელ საქმეზეა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ასევე აპელანტს დაევალა წარედგინა სააპელაციო საჩივრის ერთი ასლი.

2010 წლის 25 მაისს ლ. კ-ძემ სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართ და მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის განჩინებით ლ. კ-ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით.

2010 წლის 7 ივნისს ლ. კ-ძემ სააპელაციო სასამართლოს კვლავ მიმართ განცხადებით და მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება.

ქუთაისის სააპელაციო სასამათლოს 2010 წლის 11 ივნისის განჩინებით ლ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლოს დასკვნით შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, რამდენადაც განმცხადებელი არ უთითებდა თუ კონკრეტულად რის საფუძველზე მოითხოვდა საპროცესო ვადის გაგრძელებას. ამასთან, ლ. კ-ძეს ორჯერ მიეცა ხარვეზის შევსების შესაძლებლობა, რაც მის მიერ არ შესრულდა. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 64-ე მუხლი და განმარტა, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეს ორჯერ გაუგრძელდა საპროცესო ვადა, ჰქონდა გონივრული დრო ხარვეზის შესავსებად, ამასთან არ არსებობდა ახალი არსებითი გარემოება საპროცესო ვადის კვლავ გასაგრძელებლად. შესაბამისად, ლ. კ-ძის განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, ხოლო სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. კ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მას არ ჰქონდა შესაძლებლობა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი, შესაბამისად, აპირებდა თანხის სესხის სახით აღებას სახელმწიფო ბაჟის გადახდის მიზნით. ამდენად, სწორედ აღნიშნული გარემოების გამო მოითხოვა მან საპროცესო ვადის გაგრძელება. ამასთან, მან 8 ივნისს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში უზრუნველყო სახელმწიფო ბაჟის გადახდა, თუმცა ვერ წარადგინა სასამართლოში ქვითარი დროულად. ამდენად, მის მიერ საპროცესო ვადაში შეტანილ იქნა სახელმწიფო ბაჟი, რაც ასახულია ბანკის შესაბამის ანგარიშზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, ლ. კ-ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დაინიშნა მისი განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ. კ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ივნისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარში მითითებულ საპროცესო დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლების შესაბამისად მისი გაუქმების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაზეც კერძო საჩივრის ავტორს არ წამოუყენებია დასაბუთებული პრეტენზია, კერძოდ:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 მაისის განჩინებით ლ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სსსკ-ის 39-ე მუხლის “ბ” პუნქტის მიხედვით დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. შესაბამისად, მხარეს დაევალა სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით, რომელშიც აუცილებლად მითითებული იქნებოდა თუ რომელ საქმეზეა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ასევე აპელანტს დაევალა წარედგინა სააპელაციო საჩივრის ერთი ასლი. 2010 წლის 25 მაისს ლ. კ-ძემ სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართ და მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის განჩინებით ლ. კ-ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით. 2010 წლის 7 ივნისს ლ. კ-ძემ სააპელაციო სასამართლოს კვლავ მიმართ განცხადებით და მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება, რაც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო ლ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა ლ. კ-ძეს სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 მაისის განჩინებით ხარვეზის შესავსებად მიეცა 5 (ხუთი) დღის ვადა. მეტიც, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის განჩინებით ლ. კ-ძეს გაუგრძელდა საპროცესო ვადა ხარვეზის გამოსწორების მიზნით კვლავ 5 (ხუთი) დღით, ანუ სასამართლომ მხარეს მისცა გონივრული ვადა და შესაძლებლობა ხარვეზის შესავსებად.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაუგრძელა ლ. კ-ძეს სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადა კვლავ, რამდენადაც შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე იყო დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და ამდენად, არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების პროცესუალური წინაპირობები.

ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მან 8 ივნისს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში უზრუნველყო სახელმწიფო ბაჟის გადახდა, თუმცა ვერ წარადგინა სასამართლოში ქვითარი დროულად. ამდენად, მის მიერ საპროცესო ვადაში შეტანილ იქნა სახელმწიფო ბაჟი რაც ასახულია ბანკის შესაბამის ანგარიშზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან აპელანტმა ლ. კ-ძემ სააპელაციო სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, კერძოდ, დროულად არ წარუდგინა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტს ლ. კ-ძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 მაისის განჩინებით დავალებული ჰქონდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, ის გარემოება, რომ აპელანტმა _ ლ. კ-ძემ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი არ შეიძლება გახდეს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძველი, რადგან მას ზემოთაღნიშნული განჩინებით დავალებული ჰქონდა 5 დღის ვადაში მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა და არა მისი დანიშნულ ვადაში გადახდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია რომ მოცემულ შემთხევაში არ არსებობს ლ. კ-ძის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუმების პროცესუალური საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 390-ე, 414-419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. კ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.