Facebook Twitter

ბს-1024-997(2კს-10) 06 აპრილი, 2011 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. მ-ის კერძო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.10 წ. და 08.07.10 წ. განჩინებებზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ლ. პ-ას და ნ. ც-ის მიმართ, ლ. პ-თვის მატერიალური ზიანის _ 1600 აშშ დოლარის და მორალური ზიანის _ 1000 აშშ დოლარის, ხოლო ნ. ც-თვის მორალური ზიანის _ 5000 ლარის დაკისრება მოითხოვა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 11.02.09 წ. განჩინებით ლ. პ-ას მიმართ საქმის წარმოება შეწყდა მოპასუხის გარდაცვალების გამო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის გამო.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 25.02.09 წ. გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი ნ. ც-ის მიმართ, მორალური ზიანის _ 5000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.05.09 წ. განჩინებით საქმე განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეგზავნა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, ვინაიდან მიიჩნია, რომ დავა განეკუთვნებოდა ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.09 წ. განჩინებით მ. მ-ის სარჩელისა გამო აღძრულ დავაზე, მოპასუხის _ ნ. ც-ის მიმართ, მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის მოტივით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დავა არ წარმოადგენდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული დავის სახეობას. ამასთან, მართლმსაჯულების განხორციელებისას მოსამართლის სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის ფაქტი საჭიროებდა კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადასტურებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა.

აღნიშნული განჩინება მ. მ-ემ გაასაჩივრა კერძო საჩივრით, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 16.11.09 წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

მ. მ-ემ 16.03.10 წ. განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მის მიმართ 03.10.08 წ. გამამართლებელი განაჩენის არსებობა ქმნიდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა და სარჩელის დაკმაყოფილების, მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ნ. ც-თვის ანაზღაურების დაკისრების საფუძველს. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 22.03.10 წ. განჩინებით საქმე განსჯადობის წესების დაცვით გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. მ. მ-ემ ხარვეზის შევსების მიზნით 18.05.10 წ. წარდგენილი განცხადებით დააზუსტა განცხადების მოთხოვნა, კერძოდ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.09 წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.10 წ. განჩინებით მ. მ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემეობათა გამო კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.09 წ. განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განცხადება არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა საქმის წარმოების განახლებას. პალატამ განმარტა, რომ ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 03.10.08 წ. მ. მ-ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არ წარმოადგენდა სსსკ-ის 1005-ე მუხლით გათვალისწინებულ მოსამართლის მიმართ არსებულ კანონიერ ძალაში შესულ გამამტყუნებელ განაჩენს. ამასთან, მ. მ-ის გამამართლებელი განაჩენი ცნობილი და წარდგენილი იყო სასამართლოში სარჩელის განხილვისას და მას მოსარჩელისათვის ხელსაყრელი შედეგი არ მოჰყოლია.

02.07.10 წ. მ. მ-ემ წარადგინა შენიშვნები სხდომის ოქმზე, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.07.09 წ. განჩინებით დადასტურდა ნაწილობრივ. ამავე პალატის 08.07.10 წ. განჩინებით მ. მ-ის განცხადება 24.06.10 წ. განჩინებაში უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.10 წ. განჩინება მ. მ-ემ გაასაჩივრა კერძო საჩივრით, რომლითაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.10 წ. განჩინებასთან მიმართებით განმარტავს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში არასწორადაა მითითებული მისი განცხადების მოთხოვნა, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.09 წ. განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა. მ. მ-ე ასევე არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი ვერ გახდებოდა ნ. ც-ის მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 18.04.07 წ. განჩინებაზე, რომლითაც აღნიშნულ დავაზე საქმისწარმოება შეჩერდა მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტამდე და მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეს გააჩნდა მოცემული დავის მიმართ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, მისი გამართლებით უნდა დამდგარიყო ნ. ც-ის პასუხისმგებლობის საკითხი. მ. მ-ე ასევე აღნიშნავს, რომ მისი კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.09 წ. განჩინების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ჩაბარდა ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა 16.03.10 წ. განჩინება, რაც ადასტურებდა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის არსებობასა და ნ. ც-ის, როგორც მოსამართლის განზრახ და უხეში გაუფრთხილებლობით სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. მისდამი ზიანის მიყენების ფაქტი დადასტურებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 6.03.10 წ. განჩინებით, რითაც სახეზე იყო საქმის განახლებისა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

მ. მ-ე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.10 წ. განჩინებასთან მიმართებით განმარტავს, რომ სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ მან ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.09 წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. ასეთი განცხადება საქმეში არ მოიპოვება, ვინაიდან მას მსგავსი მოთხოვნა არ დაუყენებია. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 16.03.10 წ. განჩინება არის ის ახლად აღმოჩენილი გარემოება, რომელიც საქმის განახლების საფუძველს იძლევა, ვინაიდან მის მიმართ 03.10.08 წ. გამოტანილი გამამართლებელი განაჩენით ნ. ც-ის ბრალეულობასა და პასუხისმგებლობის აუცილებლობას სწორედ ეს განჩინება ცხადყოფს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.09.10 წ. განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.07.09 განჩინებაზე დარჩა განუხილველი. ამავე პალატის 09.02.11 წ. განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.10 წ. და 08.07.10 წ. განჩინებებზე მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრების სამართლებრივი საფუძვლები, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ მ. მ-ის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.05.10 წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით მ. მ-ის მიერ 18.05.10 წ. წარდგენილი განცხადებით განმცხადებელმა დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ მან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.09 წ. განჩინების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება მოითხოვა (ტ. III, ს.ფ. 36-37). მ. მ-ეს აღნიშნული მოთხოვნა 24.06.10 წ. გამართულ სასამართლო სხდომამდე არ შეუცვლია, ხოლო 24.06.10 წ. სხდომაზე იგი არ გამოცხადდა და განცხადების მოთხოვნა განხილულ იქნა მისი დასწრების გარეშე იმგვარად, როგორადაც დაყენებული ჰქონდა 18.05.10 წ. წარდგენილი განცხადებით. ამდენად, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ მ. მ-ე ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.09 წ. განჩინების გაუქმებასა და საქმისწარმოების განახლებას, რაც განხილულ და გადაწყვეტილ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გამამართლებელი განაჩენის არსებობა არ ქმნიდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველს. ამასთან, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 16.03.10 წ. განჩინებით დადასტურდა ნ. ც-ის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების აუცილებლობა. საკასაციო პალატა სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის საფუძველზე აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გახდა ცნობილი მხარისათვის რაიმე ისეთი გარემოება და მტკიცებულება, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. აღსანიშნავია, რომ მ. მ-ის მიმართ არსებული გამამართლებელი განაჩენი მიღებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 03.10.08 წ., რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 17.03.09 წ. განჩინებით. მ. მ-ის მიმართ არსებული გამამართლებელი განაჩენი მხარის მიერ წარდგენილ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ჯერ კიდევ 03.11.08 წ. (ტ. I, ს.ფ. 63-67). მიუხედავად აღნიშნულისა, იგი ვერ გახდებოდა მ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნულით არ დასტურდება ნ. ც-ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, რაც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 16.03.10 წ. განჩინებას, იგი კონკრეტულად ითვალისწინებს იმ ღონისძიებებს, რაც საკასაციო პალატის მიერ მართებულად იქნა მიჩნეული მ. მ-ის უსაფუძვლო მსჯავრდების გამო რეაბილიტაციისათვის. აღნიშნული განჩინება, ისევე როგორც მ. მ-ის მიმართ დამდგარი გამამართლებელი განაჩენი, არ ადასტურებს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებისას განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევისათვის ნ. ც-ის ბრალეულობას. პირის ბრალეულობის საკითხი უნდა გადაწყდეს უშუალოდ ამ პირის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენით, რაც არც სააპელაციო სასამართლოში განცხადების განხილვისას და არც უზენაეს სასამართლოში მ. მ-ეს არ წარმოუდგენია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. მ-ის კერძო საჩივრები უსაფუძვლოა და არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.10 წ. და 08.07.10 წ. განჩინებების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. მ-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.10 წ. და 08.07.10 წ. განჩინებები;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.