Facebook Twitter

ბს-1047-1018(კს-10) 27 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ი. ბ-უა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.10 წლის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 17 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას სარჩელით მიმართა ი. ბ-უამ, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მორალური ზიანისა და შემნახველ სალაროში შეტანილი თანხის ანაზღაურება 500 000 ლარის ოდენობით.

ი. ბ-უა სარჩელში მიუთითებდა, რომ მას ... რაიონის შემნახველ სალაროში შენახული ჰქონდა გარკვეული თანხა. 2009 წლის ნოემბერში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებით მიმართა ი. ბ-უამ და მოითხოვა ... რაიონის შემნახველ სალაროში შეტანილი ფულადი ანაბრის პროცენტთან ერთად უკან დაბრუნება. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელეს ეთქვა უარი.

მითითებული სარჩელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაგზავნილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ი. ბ-უას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ბ-უამ.

Aაპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინებით ი. ბ-უას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღე, რომლის გაგრძელება (აღდგენა) დაუშვებელია.

სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში ასევე მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლო ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს კანონით გათვალისწინებული დასაშვებობის რაიმე პირობა სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზეც შესაძლებელია კერძო საჩივრის შეტანა. იმავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით განსაზღვრულია საპროცესო ვადის გასვლის შედეგები, კერძოდ, კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ საპროცესო მოქმედების უფლება ქარწყლდება, რაც ნიშნავს იმას, რომ საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ შეტანილი საჩივარი რჩება განუხილველი.E

სააპელაციო სასამართლომ გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტ ი. ბ-უას გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2010 წლის 23 მაისს. სააპელაციო საჩივარი კი მის მიერ საფოსტო განყოფილებაში წარდგენილია 2010 წლის 11 ივნისს ანუ კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით, რაც წარმოადგენს საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

აღნიშნულ განჩინებასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2010 წლის 11 ნოემბერს კერძო საჩივრით მომართა ი. ბ-უამ და მოითხოვა გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი საპროცესო ვადის აღდგენა, იმ მოტივით, რომ საპროცესო ვადის გაშვება მოხდა საპატიო მიზეზით, კერძოდ, მოსარჩელის მძიმე ავადმყოფობით, რასაც კერძო საჩივრის ავტორი ადასტურებდა შპს ... გაერთიანების მიერ 2010 წლის 8 ივლისს გაცემული ცნობით. ცნობაში აღნიშნულია რომ, ი. ბ-უას ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე, რის გამოც 2010 წლის 18 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით გადიოდა მკურნალობის კურსს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 სექტემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ი. ბ-უას კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ბ-უას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება ი. ბ-უას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე გამოტანილია საპროცესო ნორმების დაცვით და არ არსებობს საპროცესო ვადის გაგრძელების წინაპირობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით იმპერატიულადაა განსაზღვრული სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა. აღნიშნული ვადა შეადგენს 14 დღეს და იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე ნორმის თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე_78-ე მუხლების შესაბამისად.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2010 წლის 23 მაისს, რაც დადასტურებულია გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით, ამდენად, მოსარჩელეს გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შეტანისთვის დადგენილი 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 24 მაისს და დასრულდა 2010 წლის 7 ივნისს 24 საათზე. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2010 წლის 11 ივნისს, რაც უდავოს ხდის გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევის ფაქტს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებულ შესაძლებლობაზე, აღადგინოს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ სცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საპატიო მიზეზად უდავოდ მიიჩნევა პირის ავადმყოფობა, რაზეც მიუთითებს კერძო საჩივრის ავტორი, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საპროცესო კანონმდებლობა მკვეთრად გამიჯნავს შემთხვევებს, როცა გასაჩივრების ვადა ატარებს აღმკვეთ ხასიათს და მისი აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლზე და მიუთითებს, რომ აღნიშნული მუხლი მიეკუთვნება სწორედ იმ ნორმათა კატეგორიას, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს ვადის აღდგენას. კერძოდ, მითითებული მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

ამდენად, როგორც ნორმის შინაარსი ცხადყოფს, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა ატარებს აღმკვეთ ხასიათს, მისი აღდგენა არის დაუშვებელი და არ არის დამოკიდებული იმაზე, მოხდა თუ არა ვადის მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით გაშვება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას საპატიოდ მიიჩნიოს ი. ბ-უას მხრიდან გასაჩივრების 14 დღიანი ვადის უშედეგოდ გაშვება და თვლის, რომ სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ბ-უას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.