ბს-1068-1039(კს-10) 28 სექტემბერი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოწინააღმდეგე მხარე) – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ო. კ-ძე
დავის საგანი – განჩინებაში უსწორობის გასწორების კანონიერება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 10 სექტემბერს ო. კ-ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მიუღებელი ხელფასის -2969,65 ლარისა და ორი თვის კომპენსაციის სახით, მთავარი ინსპექტორის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს 82 ლარის ანაზღაურების დაკისრება (ს.ფ ტ. I, 1-14).
მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა შესაგებლით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც ო. კ-ძის სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. ტ. I, 36-40).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ო. კ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ო. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 2611,51 ლარისა და გათავისუფლების დროისათვის გათვალისწინებული ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება (იხ. ს.ფ. ტ I 46-51).
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. ტ. I 54-60).
ო. კ-ძემ შესაგებლით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც არ ცნო შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. (იხ. ს.ფ. ტ. II 16-25)
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ო. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ო. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2552,51 ლარის ანაზღაურება; სარჩელი 2003 წლის კვების ულუფის - 59 ლარის ანაზღაურებაზე, არ დაკმაყოფილდა. (იხ. ს.ფ. ტ. II, 37-42 )
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. (იხ. ს.ფ. ტ. II, 57-69).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა(იხ. ს.ფ. ტ. II, 81-83).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა ასევე ო. კ-ძის წარმომადგენელმა და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ტ.II, ს.ფ. 86-89).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მაისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი. (იხ. ს.ფ ტ. II, 90-93).
2010 წლის 3 ივნისს, ო. კ-ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელშიც მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მისი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, უარი ეთქვა მხოლოდ 2003 წლის კვების ულუფის – 59 ლარის ანაზღაურებაზე და შემოსავლების სამსახურს მის სასარგებლოდ დაეკისრა – 2552,51 (2611,51-59=2552,51) ლარის ანაზღაურება. შესაბამისად აღნიშნული აისახა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-4 პუნქტებში, ხოლო რაც შეეხება შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას ორი თვის თანამდებობრივი სარგოს (82 ლარის) კომპენსაციის მოპასუხისათვის დაკისრებას, განმცხადებლის განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს ნამსჯელი აქვს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, ხოლო მექანიკური შეცდომის გამო გამორჩენილია და ეს არ არის ასახული სარეზოლუციო ნაწილში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული მექანიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ, შტატების შემცირების გამო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შემოსავლების სამსახურზე დაკისრებული ორი თვის კომპენსაციის სარეზოლუციო ნაწილში ასახვას (იხ. ს.ფ. ტ. II 99-100).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინებით ო. კ-ძის განცხადება დაკმაყოფილდა; გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და იგი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ,,მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების სახელფასო დავალიანების 2611 ლარისა და 51 თეთრის დაკისრების ნაწილში შეცვლით, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება” (ს.ფ. ტ. II 110-113).
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260.1. მუხლით, რომლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ო. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ო. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 2611,51 ლარისა და გათავისუფლების დროისათვის გათვალისწინებული ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. ასევე ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. Oო. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ო. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2552,51 ლარის ანაზღაურება, ხოლო 2003 წლის კვების ულუფის - 59 ლარის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი.
სააპელაციო პალატის მითითებით, აპელაციის განხილვის საგანს, ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნასთან ერთად, წარმოადგენდა ორი თვის კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე ო. კ-ძის მოთხოვნის კანონიერების შემოწმება. პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში დასახელებული არგუმენტი (კომპენსაცია - “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 109-ე მუხლი ვერ გავრცელდება 2004 წლის 2 აგვისტოს სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებზე) არ წარმოადგენდა გადაწყვეტილების გაუქმებისა და ორი თვის კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე სარჩელზე უარის თქმის საფუძველს. (იხ. 2010 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, ტ.2, ს.ფ. 41). რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 იანვრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება (იხ. ს.ფ. ტ. II 110-113).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივით:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ო. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2552,51 ლარის ანაზღაურება; ო. კ-ძის სარჩელი 2003 წლის კვების ულუფის - 59 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის განჩინებაში (უსწორობის გასწორების შესახებ) აღნიშნულია, რომ 2010 წლის 3 ივნისს სასამართლოს განცხადებით მიმართა ო. კ-ძემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული მექანიკური შეცდომის გასწორება. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სამსახურიდან გათავისუფლებისას ორი თვის თანამდებობრივი სარგოს (82 ლარი) კომპენსაციის მოპასუხეზე დაკისრების შესახებ, თუმცა სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნული არ ასახულა.
სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო სსკ-ის 260-ე მუხლის (გადაწყვეტილებაში უსწორობათა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორება) 1-ლი ნაწილს და სრულად გაიზიარა განმცხადებლის მოთხოვნა და დააკმაყოფილა იგი.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ განჩინების გამოტანისას არასწორად განმარტა კანონი და ასევე არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის შესაბამისადაც, ,,სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან/თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები”, აღნიშნული ითვალისწინებს გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორებას, რომელიც არ ცვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს და შესაბამისად, არ წარმოშობს, წყვეტს ან ცვლის პირის ვალდებულებებს.
ამასთან, იმ შემთხვევაში თუ სასამართლოს არ გამოუტანია გადაწყვეტილება საქმესთან დაკავშირებულ რომელიმე კონკრეტულ საკითხზე, იგი უფლებამოსილია აღნიშნულის თაობაზე გამოიტანოს მხოლოდ დამატებითი გადაწყვეტილება. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დადგენილია, რომ ,,დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში.” ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება”, ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს სასამართლო სხდომაზე, რომლის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანას.
კონკრეტულ შემთხვევაში კი, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სახეზეა მოთხოვნა, რომელზედაც მხაარებს წარდგენილი აქვთ საკუთარი ახსნა-განმარტებანი, წარმოდგენილი აქვთ შესაბამისი მტკიცებულებანი, თუმცა სასამართლოს მიერ აღნიშნულზე არ გამოტანილა გადაწყვეტილება. აღნიშნული კი კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, წარმოადგენდა სწორედ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის და არა უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების მიღების საფუძველს, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, შესწორება ხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც დაშვებულია აშკარა არითმეტიკული შეცდომა ან სხვა სახის უსწორობა, რომელიც არ წარმოშობს პირის ახალ ვალდებულებებს და არსებითად არ ცვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს (იხ. ს.ფ. ტ II 121-124).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების, კერძო საჩივრის მოტივების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დაურღვევია სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა: სასამართლომ სწორად განმარტა კანონი; საპროცესო ნორმები არ დარღვეულა; სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს.
საქმის მასალების შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ო. კ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ო. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 2611,51 ლარისა და გათავისუფლების დროისათვის გათვალისწინებული ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინებთ ო. კ-ძის განცხადება დაკმაყოფილდა; გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და იგი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ,,მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების სახელფასო დავალიანების 2611 ლარის და 51 თეთრის დაკისრების ნაწილში შეცვლით, მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.”
თბილისის სააპელაციო სასამართლო 2010 წლის 30 ივნისის განჩინების მიღებისას დაეყრდნო იმ გარემოებას, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით არ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში დასახელებული არგუმენტი, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 109-ე მუხლი ვერ გავრცელდება 2004 წლის 02 აგვისტოს სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებზე და იგი არ წარმოადგენდა გადაწყვეტილების გაუქმებისა და ორი თვის კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე სარჩელზე უარის თქმის საფუძველს (იხ. 2010 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, ტ.2, ს.ფ. 41).
სსსკ-ის 260.1 მუხლის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო აღნიშნული მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას – შეასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომა, იყენებს იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილებაში დაშვებულია უსწორობა ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. აღნიშნული ნორმით დადგენილი უფლებამოსილების გამოყენება დასაშვებია გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობების მიმართ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, სააპელაციო სასამართლოს მიერ სსსკ-ის 260.1 მუხლის არასწორად გამოყენების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო: ზემოაღნიშნული მუხლის ნამდვილი შინაარსის სწორი გაგება-გამოყენება საჭიროებს თავად გადაწყვეტილების (განჩინების) სტრუქტურისა და მისი შინაარსის სწორ გაანალიზებას საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით გადაწყვეტილება (განჩინება) შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან. შესავალ ნაწილში აღინიშნება მისი გამოტანის დრო და ადგილი, გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა, სასამართლოს სხდომის მდივანი, მხარეები, წარმომადგენლები, დავის საგანი; აღწერილობით ნაწილში მოკლედ უნდა მიეთითოს მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხის პოზიცია მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა, ხოლო სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე.
სამოტივაციო ნაწილი გადაწყვეტილების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელშიც გადმოცემული უნდა იქნეს სასამართლო დასკვნების ფაქტობრივი და იურიდიული დასაბუთება, მიეთითება ფაქტები, რომლებიც დადგენილად ცნო სასამართლომ, მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლო და აგრეთვე ის მატერიალურ - სამართლებრივი ნორმები, რომლის მიხედვითაც სასამართლომ შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ჩამოაყალიბა სამართლებრივი დასკვნები. აგრეთვე, შეფარდებული სამართლის ნორმის გამოყენების მართებულობის დასაბუთება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების სტრუქტურის თითოეული ნაწილი უნდა შეესაბამებოდეს და თანმიმდევრულად გამომდინარეობდეს ერთმანეთისაგან, არ უნდა გააჩნდეს ურთიერთგამომრიცხავი და წინააღმდეგობრივი ხასიათი. სარეზოლუციო ნაწილი სწორედაც გამომდინარეობს სამოტივაციო ნაწილისაგან და იგი იმპერატიულად განსაზღვრავს დაკმაყოფილდა სარჩელი მთლიანად თუ ნაწილობრივ.
საქმის მასალებით ცხადია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ნამსჯელი და მითითებული აქვს ყველა იმ სამართლებრივ ნორმებზე, რომელთა შესაბამისადაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება შეცვალა მხოლოდ შემოსავლების სამსახურისათვის 2003 წლის კვების ულუფის – 59 ლარის დაკისრების ნაწილში (იხ. ტ. II 37-42). მართალია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის ასახული გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოპასუხისათვის ორი თვის თანამდებობრივი სარგოს - 82 ლარის დაკისრების უცვლელად დატოვების თაობაზე, მაგრამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში დასახელებული არგუმენტი არ წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმებისა და ორი თვის კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელისათვის სარჩელზე უარის თქმის საფუძველს (2010 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, ტ.2, ს.ფ. 41).
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შესწორების შედეგად შესაბამისობაში მოიყვანა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილთან, რითაც უზრუნველყო სსსკ-ის 249-ე მუხლით დადგენილი საპროცესო ვალდებულება - სასამართლო აქტის სტრუქტურული ნაწილების ლოგიკურ ურთიერთკავშირსა და ჰარმონიზებასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების მიღებისას ნაცვლად სსსკ-ის 260.1 მუხლისა უნდა ეხელმძღვანელა ამავე კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, ვინაიდან, აღნიშნული მუხლით კანონმდებელი იმპერატიულად ადგენს იმ შემთხვევებს, როდესაც შეიძლება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა, კონკრეტულ შემთხვევაში კი, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში ნამსჯელი ჰქონდა მოსარჩელის ყველა მოთხოვნაზე, შესაბამისად არ არსებობდა სსსკ-ის 261.2 მუხლის გამოყენების პროცესუალური საჭიროება.
ყოველივე ზემოაღნიშნულდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.