ბს-10-9(კს-10) 25 მარტი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ თ. კ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარეები _ გორის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ნაზიბროლა წიკლაური
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 28 აპრილს ზ. ლ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – ნ. წ-ურის, გორის რეგიონალური სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს, გორის რაიონის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ ნ. წ-ურზე 2003 წელს გაცემული მიწის იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა. 2005 წლის 27 დეკემბერს ზ. ლ-ძემ დააზუსტა სარჩელი, მოპასუხეების გორის რეგიონალური სოფლის მეურნებისა და სურსათის სამმართველოს, გორის რაიონის გამგეობისა და მესამე პირის - ნ. წ-ურის მიმართ და მოითხოვა გორის რაიონის გამგეობის მიერ შედგენილი აღწერილობითი ოქმისა და ნახაზის ბათილად ცნობა.
გორის რაიონული სასამართლოს 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ლ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გორის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის მიერ შედგენილი ოქმი ნ. წ-ურისათვის ... თემის საკრებულოს ტერიტორიაზე იჯარით გაცემული მიწის აღწერილობის შესახებ, ასევე გორის რაიონის გამგეობის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს უფროსის, გორის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის მიერ დამოწმებული ნ. წ-ურისათვის იჯარით გაცემული მიწის გეგმა-ნახაზი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა – ნ. წ-ურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის საოქმო განჩინებით მოპასუხის – გორის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ხოლო კანონისმიერი უფლების სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მოწინააღმდეგე მხარის – ზ. ლ-ძის უფლებამონაცვლედ – თ. კ-შვილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის განჩინებით ნ. წ-ურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება და თ. კ-შვილის სარჩელი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ზ. ლ-ძის უფლებამონაცვლის თ. კ-შვილის სარჩელს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ მესამე პირის – ნ. წ-ურის სახელზე გაცემული მიწის აღწერილობის ოქმისა და გეგმა-ექსპლიკაციის ბათილად ცნობის თაობაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. კ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა, ასევე სააპელაციო საჩივარს თან ერთვოდა აპელანტის წარმომადგენლის განცხადება, რომლითაც თ. კ-შვილის წარმომადგენელმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის გადაგზავნა.
გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით განმცხადებელ თ. კ-შვილის წარმომადგენელს მიეცა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მას უნდა დაეზუსტებინა ის საფუძვლები, რომელზე მითითებითაც ითხოვდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და გარემოებებზე, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა.
გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 ნოემბრის განჩინებით თ. კ-შვილის წარმომადგენლის განცხადება გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინებით თ. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლზე, რომლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა წარმოადგენდა 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლებოდა და იგი იწყებოდა მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტის წარმომადგენელს – გ. ნ-შვილს ჩაბარდა 2009 წლის 24 სექტემბერს მან კი სასამართლოში სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2009 წლის 23 ოქტომბერს, ანუ კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც გახდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. კ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის გადაგზავნა მოითხოვა. როგორც კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა დადგენილ ვადაში გაესაჩივრებინა მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება ადრესატთან გაიგზავნა 2009 წლის 20 მაისს, რომელიც 2009 წლის 21 მაისს ჩაბარდა ნ. კ-შვილს და არა უშუალოდ ადრესატს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 თებერვლის განჩინებით თ. კ-შვილის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და იგი განხილულ იქნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თ. კ-შვილის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად გაგზავნის დრო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახამად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებებს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება მართლაც გაიგზავნა ადრესატთან 2009 წლის 20 მაისს, ხოლო 2009 წლის 22 მაისს უწყება ჩაბარდა მის ძმიშვილს ნ. კ-შვილს, ეს ფაქტი მიმღების ხელმოწერითაც დასტურდება. საქმეში კი ასევე არის დასტური იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება 2009 წლის 24 სექტემბერს თ. კ-შვილის წარმომადგენლი, გ. ნ-შვილი გაეცნო საქმის მასალებს და ჩაიბარა გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის ასლი, რაც ასევე დასტურდება მისი ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თ. კ-შვილის წარმომადგენელს – გ. ნ-შვილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2009 წლის 24 სექტემბერს. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. წარმომადგენელი კი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი _ წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. სააპელაციო საჩივარი თ. კ-შვილმა და მისმა წარმომადგენელმა გ. ნ-შვილმა სასამართლოში შეიტანეს 2009 წლის 23 ოქტომბერს, ანუ კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. კ-შვილის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. კ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.