კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე ¹ბს-110-108(კს-10) 4 თებერვალი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ვ. ი-ძისა და დ. ჭ-ძის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 დეკემბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2010 წლის 25 იანვარს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-110-108(კს-10) ვ. ი-ძისა და დ. ჭ-ძის კერძო საჩივრით განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 დეკემბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და ვ. ი-ძისა და დ. ჭ-ძის კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ. ი-ძისა და დ. ჭ-ძის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ ან კანონით დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
კონკრეტულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 დეკემბრის განჩინების ასლი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, გაეგზავნათ კერძო საჩივრის ავტორებს _ ვ. ი-ძესა და დ. ჭ-ძეს 2009 წლის 29 დეკემბერს და ვ. ი-ძეს ჩაჰბარდა 2009 წლის 31 დეკემბერს, ასევე ვ. ი-ძემ ჩაიბარა განჩინების ასლი დ. ჭ-ძისათვის გადასაცემად 2009 წლის 31 დეკემბერს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილ გზავნილზე არსებული ჩანაწერით (იხ. ს.ფ. 125-126). შესაბამისად, სსსკ-ის 416-ე მუხლით იმპერატიულად განსაზღვრული კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადა ამოიწურა 2010 წლის 12 იანვარს, კერძო საჩივარი კი სააპელაციო სასამართლოში შეტანილ იქნა 2010 წლის 15 იანვარს, კანონით განსაზღვრული 12-დღიანი ვადის დარღვევით, რაც დასტურდება კერძო საჩივარზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დასმული შტამპით. ასევე, კერძო საჩივრის შედგენის თარიღად თავად კერძო საჩივრის ავტორების მიერ მითითებულია 2010 წლის 15 იანვარი (იხ. ს.ფ. 127).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ი-ძისა და დ. ჭ-ძის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 401-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. ი-ძისა და დ. ჭ-ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.