Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1115-1084(კს-10) 24 სექტემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა თ. მ-ძის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

გორის რაიონულ სასამართლოს 2009 წლის 30 ნოემბერს სარჩელით მიმართა თ. მ-ძემ, რომლითაც მოითხოვა 1982 წლის 13 ივლისს გაცემული ¹ 91-ე პროექტის არარა აქტად აღიარება (ს.ფ. 3-5).

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 იანვრის განჩინებით თ. მ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე იმ მოტივით, რომ სარჩელი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის წინაპირობებს; რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მოყვანილი არგუმენტები იძლევა აქტის ბათილად ცნობა-არცნობაზე და არა მისი არარად აღიარებაზე მსჯელობის საფუძველს, რის გამოც სარჩელი დაუშვებლად იქნა ცნობილი და საქმის წარმოება შეწყდა.

გორის რაიონული სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. მ-ძემ და მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 იანვრის განჩინების გაუქმება იმ მოტივით, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა მისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძველი და უგულებელყო სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული ინტერესი, რის გამოც მიიღო უკანონო გადაწყვეტილება სარჩელის დაუშვებლად ცნობის და წარმოების შეწყვეტის შესახებ;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის განჩინებით თ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 იანვრის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. მ-ძემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის განჩინების გაუქმება და შესაბამისი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება (ს.ფ. 51).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ თ. მ-ძის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414.1 მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამავე კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ამომწურავად განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როდესაც დასაშვებია სასამართლოს მიერ ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების თაობაზე მიღებული განჩინების გასაჩივრება კერძო საჩივრის შეტანის გზით.

მოცემულ შემთხვევაში, გორის რაიონულმა სასამართლომ თ. მ-ძის სარჩელი მიიჩნია დაუშვებლად და დაუდგინა მოსარჩელეს განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262.3 მუხლის საფუძველზე. თ. მ-ძემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა გორის რაიონული სასამართლოს განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომელიც განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ – თბილისის სააპელაციო სასამართლოს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის განჩინებით თ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 419.3 მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, რომლის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. შესაბამისად, გორის რაიონული სასამართლოს ზემდგომი სასამართლოს, მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ. მ-ძის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საბოლოოა და მასზე კერძო საჩივარი არ დაიშვება. საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია იურისდიქცია იმ კერძო საჩივრებზე, რომლებზედაც ზემდგომ და საბოლოო ინსტანციის სასამართლოს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, თ. მ-ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის განჩინებაზე განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელ რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. მ-ძის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.