ბს-1136-1104(კს-10) 16 ნოემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
A
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შპს “...” დირექტორი ნ. ჭ-ია
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ამხანაგობა “...” ქ. ბათუმის საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ო თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 26 ივნისს ამხანაგობამ “...” სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების _ თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირის შპს “...” მონაწილეობით, რომლითაც მოითხოვა მოპასუხე _ საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის:
1. 2008 წლის 12 ნოემბრის საოქმო (ოქმი ¹51) გადაწყვეტილების;
2. 2009 წლის 14 იანვრის საოქმო (ოქმი ¹2) გადაწყვეტილების;
3. ქ. ბათუმში, ... ქ. ¹4-ში მდებარე მიწის ნაკვეთს ნაწილზე 166 მ2-ზე და 142,8 მ2 შენობა-ნაგებობაზე შპს “...” 2009 წლის 14 იანვარს გაცემული საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ¹967;
4. 2009 წლის 20 მაისის საოქმო (ოქმი ¹17) გადაწყვეტილების და
მოპასუხე – საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის:
1. 2009 წლის 16 იანვარის გადაწყვეტილების ¹882009008035;
2. 2009 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების ¹882009146425-03 (იხ. ს.ფ. 2-12; ტ. I)
ბათილად ცნობა.
2009 წლის 6 ივლისს მოპასუხე – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა წარადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო სარჩელი. (იხ. ს.ფ. 58-68; ტ. I)
2009 წლის 14 ივლისს მესამე პირის _ შპს “...” წარმომადგენელმა – დ. ჭ-იამ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო სარჩელი. (იხ. ს.ფ. 80-90; ტ. I)
2009 წლის 20 ივლისს მოპასუხე _ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების განმახორციელებელმა მუდმივმოქმედმა კომისიამ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო სარჩელი. (იხ. ს.ფ. 119-131; ტ. I)
2009 წლის 18 ივნისს მესამე პირის _ შპს “...” დირექტორმა _ ნ. ჭ-იამ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივი მოქმედი კომისიის მიმართ და მოითხოვა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2009 წლის 20 მაისის ¹17 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების ამავე კომისიის მიერ შპს “...” 2009 წლის 14 იანვარს გაცემული ¹967 საკუთრების მოწმობის შეჩერების თაობაზე ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 2-18; ტ. II)
2009 წლის 13 ივლისს ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების განმახორციელებელმა მუდმივმოქმედმა კომისიამ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო მესამე პირის _ შპს “...” სარჩელი. (იხ. ს.ფ. 57-68; ტ. II)
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 ივლისის განჩინებით შპს “...” სარჩელი მოპასუხის - თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომიისიის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, წარმოებით გაერთიანდა ამხანაგობა “...” სარჩელთან მოპასუხეებს - (¹3-198/09წ.) თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირის შპს “...” მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თაობაზე აღძრული ადმინისტრაციული საქმე. (იხ. ს.ფ. 72-76; ტ. II).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ამხანაგობა “...” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ:
დავის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 12 ნოემბრის ¹51 საოქმო გადაწყვეტილება შპს “...” ნაწილში (იხ. ს.ფ. 258; ტ. III).
დავის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2009 წლის 14 იანვრის ¹2 საოქმო გადაწყვეტილება შპს “...” ნაწილში და 2009 წლის 14 იანვარს გაცემული საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა ¹967. (იხ. ს.ფ. 258; ტ. III)
ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2009 წლის 20 მაისის ¹17 საოქმო გადაწყვეტილება შპს “...” ნაწილში. (იხ. ს.ფ. 259; ტ. III)
ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 16 იანვრის ¹882009008035 გადაწყვეტილება.
ამხანაგობა “...” უარი ეთქვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციიო სამსახურის 2009 წლის 02 ივნისის ¹882009146425 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.
საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიას დაევალა გადაწყვეტილებაში მითითებული მოტივების გათვალისწინებით ხელახლა განიხილოს შპს “...” განცხადება ქ. ბათუმში ... ქ. ¹4-ში მდებარე 165,3 კვ.მ. მიწის საკუთრებაში საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე და გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი.
2. შპს “...”-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. კერძოდ:
ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2009 წლის 20 მაისის ¹17 საოქმო გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 150-152; ტ. III).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...” დირექტორმა _ ნ. ჭ-იამ და მოითხოვა საოქმო განჩინების (საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ) გაუქმება, საქმეზე წარმოების შეწყვეტა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება (იხ. ს.ფ. 261-271; ტ. III).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივნისის განჩინებით შპს “...”-ს სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით და დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “...” ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 თებერვლის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2010 წლის 6 მაისს, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა იწურებოდა 2010 წლის 20 მაისს, სააპელაციო საჩივარი კი წარდგენილ იქნა 2010 წლის 21 მაისს, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. (იხ. ს.ფ. 3-7; ტ. IV)
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “...” დირექტორმა _ ნ. ჭ-იამ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 08 ივნისის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსათვის, შემდეგი მოტივით:
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ ნ. ჭ-იას ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაბარებია; გადაწყვეტილება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს. კერძოდ, ... ქ. ¹4-ში, სადაც მდებარეობდა შპს “...”, მიმდინარეობდა რეკონსტრუქცია. შესაბამისად, კურიერმა ვერ მიაკვლია შპს “...” ოფისს ძველ მისამართზე და საფოსტო გზავნილი ჩააბარა სხვა პირს. გადაწყვეტილება ჩაიბარა რ. ჭ-იამ, რომელიც ცხოვრობს ... ქუჩაზე და არის ნ. ჭ-იას ნათესავი. რ. ჭ-ია არ არის შპს “...” თანამშრომელი და არც გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი. ხოლო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნათესავისათვის გზავნილის ჩაბარება არ ითვლება ორგანიზაციისათვის ჩაბარებად. ნ. ჭ-ია გადაწყვეტილების ჩაბარების დღეს _ 2010 წლის 06 მაისს არ იმყოფებოდა ქ. ბათუმში და სამსახურეობრივი მივლინებით იყო ქ. თბილისში. კერძოდ, 2010 წლის 03 მაისიდან 2010 წლის 11 მაისამდე ნ. ჭ-ია იმყოფებოდა ქ. თბილისში მივლინებით, შესაბამისად 2010 წლის 12 მაისამდე ფიზიკურად ვერ მიიღებდა შეტყობინებას. სასამართლო გადაწყვეტილება კერძო საჩივრის ავტორს ჩაბარდა დაბრუნებიდან მე-3 დღეს, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი შეტანილია საპროცესო ვადის დარღვევით. (იხ. ს.ფ. 18-19; ტ. IV).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს “...” დირექტორის ნ. ჭ-იას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2010 წლის 08 ივნისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაირღვა საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე, 394 “ე” მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
საქმის მასალების თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი შპს “...”-ს დირექტორს ნ. ჭ-იას 2010 წლის 06 მაისს ჩაბარდა (იხ. ს.ფ. 200; ტ. III). სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწურებოდა 2010 წლის 20 მაისს. სააპელაციო საჩივარი კი შეტანილია კანონით გათვალისწინებული 14 დღიანი ვადის დარღვევით, 2010 წლის 21 მაისს (იხ. ს.ფ. 261-272; ტ. III), რასაც დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო სსსკ-ის 374-ე მუხლის შესაბამისად, შპს “...” დირექტორის ნ. ჭ-იას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ ნ. ჭ-იას ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება არ ჩაბარებია, იქიდან გამომდინარე რომ ნ. ჭ-ია ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების ჩაბარების დღეს _ 2010 წლის 06 მაისს არ იმყოფებოდა ქ. ბათუმში და სამსახურებრივი მივლინებით იყო ქ. თბილისში. აღნიშნულის დასადასტურებლად, კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა სამივლინებო მოწმობა, რომლის მიხედვითაც ნ. ჭ-ია ქ. თბილისში იმყოფებოდა 7 დღიანი მივლინებით, 10 მაისამდე (იხ. ს.ფ. 20; ტ. IV).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს, საქმეში არსებულ მტკიცებულებაზე _ სასამართლოს გზავნილზე არსებული ხელმოწერა, რომლის მიხედვითაც შპს “...” ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2010 წლის 06 მაისს, ნამდვილად ეკუთვნის თუ არა ნ. ჭ-იას, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა სამივლინებო მოწმობა, რომლის მიხედვითაც ნ. ჭ-ია 2010 წლის 10 მაისამდე მივლინებით იმყოფებოდა ქ. თბილისში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ შპს “...” დირექტორის ნ. ჭ-იას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ხელახლა უნდა შემოწმდეს, რადგან არსებობს ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, უნდა გამოითხოვოს სათანადო მტკიცებულებები და მათი შესწავლისა და ურთიერთშეჯერების გზით, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, გააკეთოს სათანადო დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით, სსსკ-ის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაავალოს შპს “...” დირექტორს გზავნილზე აღნიშნული ხელმოწერის ნამდვილობასთან დაკავშირებით უზრუნველყოს ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა.
ასევე სააპელაციო სასამართლომ უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით და საფოსტო განყოფილებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდება, რომ გზავნილი ჩაბარდა პირადად ნ. ჭ-იას, თუ ამ უკანასკნელის ნათესავს _ რ. ჭ-იას, როგორც თავად კერძო საჩივრის ავტორი უთითებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, სტრასბურგის ევროპული სასამართლოს განმარტების საფუძველზე პირველ რიგში მოიცავს სასამართლოს ხელმისაწვდომობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა, შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტების მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიხედვით, სარჩელი წარმოადგენს დარღვეული ან სადავოდ ქცეული მატერიალურ _ სამართლებრივი უფლების პროცესუალური დაცვის საშუალებას, რაც განმტკიცებულია სსსკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილით.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ნ. ჭ-იას ევროპული კონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, სწორედ აღნიშნული გარემოებების დადგენისა და შეფასების შედეგად უნდა იმსჯელოს შპს “...” დირექტორის ნ. ჭ-იას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე, კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი მხარეს _ შპს “...” ჩაჰბარდა თუ არა სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევისთვის. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ უნდა გააკეთოს დასკვნა შპს “...” დირექტორის ნ. ჭ-იას მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა თუ არა სსსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილ 14-დღიან ვადაში.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, ამასთან, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს საქმეზე ახალი განჩინება, რადგან სსსკ-ის 412.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს “...” დირექტორის ნ. ჭ-იას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 08 ივნისის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს “...” დირექტორის ნ. ჭ-იას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 08 ივნისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.