Facebook Twitter

ბს-1166-1134(კს-10) 16 ნოემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ა. ზ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქარელის სარეგისტრაციო სამსახური; უ. ნ-შვილი

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 4 მარტს ა. ზ-შვილმა სარჩელი აღძრა ხაშურის რაიონული სასამართლოში მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქარელის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირის _ უ. ნ-შვილის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქარელის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 14 დეკემბრის ¹ 882009402807 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა თანმდევი შედეგებით და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 28 იანვრის ¹ 19623 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქარელის სარეგისტრაციო სამსახურს შესაგებელი სასამართლოში არ შეუტანია, ხოლო მისმა წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე გაკეთებული განმარტებით სარჩელი არ ცნო. მოპასუხე აღნიშნავს, რომ ა. ზ-შვილის განცხადების განხილვის დროისათვის მესამე პირის _ უ. ნ-შვილის სახელზე უკვე რეგისტრირებული იყო საკუთრების უფლება და იგი შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად მოსარჩელის განცხადებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული იყო საჯაროობა და ხელმისაწვდომობა.

მესამე პირის უ. ნ-შვილის რწმუნებულმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მისი მარწმუნებლის სახელზე დარეგისტრირებული ქონების შესახებ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია და არ გაუქმებულა. მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოხდებოდა უ. ნ-შვილის საკუთრებასთან ზედდება, რის შესახებაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქარელის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ზ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 170-175).

ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ზ-შვილმა და მოითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება (იხ. ს.ფ. 181-189).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ივლისის განჩინებით ა. ზ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლით და დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ზ-შვილს ხაშურის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2010 წლის 15 ივნისს, რაც დასტურდება ფოსტის გზავნილით (იხ. ს.ფ. 178) სააპელაციო საჩივარი კი წარდგენილ იქნა 2010 წლის 30 ივნისს, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია (იხ. ს.ფ. 193-194).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ზ-შვილმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ივლისის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსათვის შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება, 2010 წლის 17 ივნისს სასამართლო მანდატურის მეშვეობით ხელზე ჩაბარდა ა. ზ-შვილის რწმუნებულ მ. თ-შვილს, რაზეც ამ უკანასკნელმა ხელი მოაწერა და თარიღიც მიუთითა. გადაწყვეტილებაში მითითებული 14 დღიანი ვადის დაცვით 2010 წლის 30 ივნისს ქარელიდან საფოსტო გზავნილით სააპელაციო საჩივარი მის მიერ გადაგზავნილ იქნა ხაშურის რაიონულ სასამართლოში სსსკ-ის 369-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

Aამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საპროცესო ვადის გაშვებას ადგილი არ აქვს, ვინაიდან 2010 წლის 15 ივნისს არც მას პირადად და არც მის წარმომადგენელს არავითარი საფოსტო გზავნილი არ მიუღია. (იხ. ს.ფ 178)

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ა. ზ-შვილის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. ზ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაირღვა საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე, 394 “ე” მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

საქმის მასალების თანახმად, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ – მ. თ-შვილს ჩაბარდა 2010 წლის 17 ივნისს. (იხ. ს.ფ. 177) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა. ზ-შვილის წარმომადგენელ _ მ. თ-შვილისათვის ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 ივნისს გადაწყვეტილების ჩაბარება, 2010 წლის 17 ივნისს, მარწმუნებლისათვის ჩაბარებულად ითვლება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება მას პირადად არ ჩაბარებია, ხოლო მის წარმომადგენელს ჩაბარდა არა 2010 წლის 15 ივნისს, არამედ 2010 წლის 17 ივნისს. სააპელაციო საჩივარი კი ფოსტას წარუდგინა სსსკ-ის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული 14 დღიანი ვადის დაცვით _ 2010 წლის 30 ივნისს.(იხ. ს.ფ 197-198)

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 ივლისის განჩინებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის მიხედვითაც ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ზ-შვილს 2010 წლის 15 ივნისს ჩაბარდა, ვინაიდან არ იქნა გამოკვლეული იმ პირის ვინაობა, რომელიც ხელს აწერს გზავნილს (იხ.ს.ფ 178). საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 17 ივნისს, ხოლო 15 ივნისს კი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქარელის სარეგისტრაციო სამსახურის იურისტს მ. ბ-შვილს, რაც დასტურდება კიდეც მისი ხელმოწერით (იხ. ს.ფ 178).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, სტრასბურგის ევროპული სასამართლოს განმარტების საფუძველზე პირველ რიგში მოიცავს სასამართლოს ხელმისაწვდომობას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა, შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტების მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიხედვით, სარჩელი წარმოადგენს დარღვეული ან სადავოდ ქცეული მატერიალურ _ სამართლებრივი უფლების პროცესუალური დაცვის საშუალებას, რაც განმტკიცებულია სსსკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილით.

ოფიციალობის პრინციპიდან გამომდინარე ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, მოსამართლე აღჭურვილია უფლებამოსილებით, თავისი ინიციატივით მოიპოვოს მტკიცებულებები, რასაც თავის მხრივ უდიდესი მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისას.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რადგან სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის სსსკ-ის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წინაპირობების არსებობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 374-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ზ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ივლისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.