Facebook Twitter

ბს-1170-1138(კს-10) 27 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა თ. წ-იას კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 27 ნოემბერს თ. წ-იამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 27 ოქტომბრის ¹235052 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და ამხანაგობა ,,...” 2009 წლის კრების (ოქმი ¹1) გადაწყვეტილების შესაბამისად, ამხანაგობა ,, ...” შენატანი – უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისში, ... ქ.18ა-ში, საკადასტრო კოდით ... მის სახელზე დარეგისტრირებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით თ. წ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. წ-იამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე სახელმწიფო ბაჟის (150 ლრის) გადაუხდელობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განჩინებით თ. წ-იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

აღნიშნულ განჩინებასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას კერძო საჩივრით მომართა თ. წ-იას წარმომადგენელმა – ნ. ჩ-იამ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო თ. წ-იას კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინებით თ. წ-იას კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას, კერძოდ, კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (50 ლარის ოდენობით). აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად თ. წ-იას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინებით მიეცა 10 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს – ნ. ჩ-იას ჩაჰბარდა 2010 წლის 6 ოქტომბერს, ხოლო კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა – ნ. ჩ-იამ ხარვეზი გამოასწორა 2010 წლის 19 ოქტომბერს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორის – თ. წ-იას წარმომადგენელმა – ნ. ჩ-იამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის ხარვეზის თაობაზე განჩინების ასლი ჩაიბარა 2010 წლის 6 ოქტომბერს, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდა 2010 წლის 18 ოქტომბრის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ კერძო საჩივრის ავტორს განჩინებაში მითითებულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თ. წ-იას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. წ-იას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. თ. წ-იას წარმომადგენელს – ნ. ჩ-იას დაუბრუნდეს მის მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.