Facebook Twitter

ბს-119-118 (კს-11) 30 მარტი, 2011 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე;

კერძო საჩივრის ავტორი – თ. ს-შვილი;

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინება;

დავის საგანი – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2003 წლის 26 აგვისტოს ლ. ხ-შვილმა, გ. ქ-შვილმა და მ. ქ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, კახეთის სააღსრულებო ბიუროს გურჯაანის რაიონის აღმასრულებელ გ. შ-შვილის მიმართ. მოსარჩელეებმა გურჯაანის რაიონის აღმასრულებლის გ. შ-შვილის მიერ 2003 წლის 26 ივნისს გაცემული განკარგულების გაუქმება და კუთვნილი საცხოვრებელი ფართის გამოყოფა მოითხოვეს.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ხ-შვილის, გ. ქ-შვილისა და მ. ქ-შვილის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჯ-ძემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ნ. ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

აღნიშნული საქმე სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 3 თებერვლის განჩინების საფუძველზე განსახილველად გადაეგზავნა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ხ-შვილის, გ. ქ-შვილისა და მ. ქ-შვილის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ., მ., გ. ქ-შვილებმა და ლ. ხ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 მარტის განჩინებით სააპალაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ., მ., გ. ქ-შვილებმა და ლ. ხ-შვილმა. კასატორებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 თებერვლის განჩინებით თ., გ. და მ. ქ-შვილებისა და ლ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

2010 წლის 25 მაისს თ. ს-შვილმა განცხადებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებისა და 2009 წლის 31 მარტის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

Gგურჯაანის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 აგვისტოს განჩინებით თ. ს-შვილს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე იმ მოტივით, რომ მის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 426-ე და 427-ე მუხლების მოთხოვნებს.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ს-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ათდღიანი საპროცესო ვადა განჩინებაში მითითებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით თ. ს-შვილის კერძო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, განუხილველად იქნა დატოვებული იმ მოტივით, რომ განმცხადებლის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი განჩინებით დადგენილი ხარვეზი.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე თ. ს-შვილის მიერ წარდგენილ იქნა განცხადება, რომლითაც განმცხადებელმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ სახელმწიფო ბაჟი მის მიერ გადახდილ იქნა განჩინებით დადგენილ ვადაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინებით თ. ს-შვილის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ს-შვილმა.

კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ბაჟი გახდილია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, რასაც ადასტურებს წარმოდგენილი ქვითარი, სადაც ფიქსირებულია გადახდის დრო, კონკრეტული თვე და რიცხვი.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო 2010 წლის 17 სექტემბერს განჩინება და ისე მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, არ მიუთითა ანგარიშის ნომრები, თუ სად უნდა მომხდარიყო განმცხადებლის მიერ სახელმწიფო ბაჟის თანხის ჩარიცხვა, ამასთან, მისი აზრით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განსაზღვრული სამდღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად, ვინაიდან ამ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, პროცესუალურად განსაზღვრულია ათდღიანი ვადა. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ მისი საჩივრის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე არის კონსტიტუციის 21-ე მუხლის დარღვევა, ვინაიდან იგი ითხოვდა, რომ მისი საჩივრების განხილვა მომხდარიყო მისი დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ს-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თ. ს-შვილის განცხადების დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისათვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 აგვისტოს განჩინებით წარმოებაში არ იქნა მიღებული თ. ს-შვილის განცხადება საქმის წარმოების განახლებისა და გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ს-შვილმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 10 დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. 2010 წლის 27 სექტემბერს თ. ს-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ანგარიშის რეკვიზიტების მითითება.

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 სექტემბრის განჩინებით თ. ს-შვილს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ანგარიშის მითითებით გაუგრძელდა კერძო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან-3 დღე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ მითითებული განჩინებით განმცხადებელს არ განემარტა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსათვის წარდგენის ვალდებულება.

შპს “...” “შეტყობინების ბარათით გზავნილების ჩაბარების შესახებ” დასტურდება, რომ მოცემული განჩინება განმცხადებელს პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 29 სექტემბერს (სფ.67). ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, თ. ს-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით დარჩა განუხილველი.

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი, სს “...” ცენტრალური ფილიალის მიერ გაცემული 2010 წლის 30 სექტემბრის ¹365 საგადასახადო დავალებით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორმა მასზე დაკისრებული სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში შეიტანა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში (სფ.74-75).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტი განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. საგულისხმოა, რომ განახლება დასაშვებია მხოლოდ ისეთი საქმეების, რომელთა წარმოება დამთავრებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიეკუთვნება სწორედ აღნიშნული განჩინებების რიცხვს, ვინაიდან ამ განჩინებით დამთავრდა საქმის წარმოება სასამართლოში. ამასთან, საქმის წარმოების განახლების აუცილებელი პირობაა, რომ განმცხადებელს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს სცოდნოდა იმ გარემოებათა შესახებ, რომელთა ცოდნა გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განმცხადებლისათვის უნდა განემარტა, რომ მას დადგენილ ვადაში ევალებოდა არა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის შესაბამის ანგარიშზე გადახდა, არამედ ამავე ვადაში სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სწორედ აღნიშნული გარემოების არ ცოდნამ განაპირობა ის უარყოფითი შედეგი, რაც კერძო საჩივრის ავტორის მიმართ დადგა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზეა თ. ს-შვილის კერძო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც საქმე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თ. ს-შვილის განცხადების დასაშვებობის გადასაწყვეტად უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ს-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინება და საქმე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თ. ს-შვილის განცხადების დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.