ბს-1210-1177(კს-10) 23 ნოემბერი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი თბილისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.08.10წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.10წ. განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.10წ. განჩინებაზე ა. ღ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად. განჩინების გასაჩივრების წესი განისაზღვრა კერძო საჩივრით, მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღე.
ა. ღ-შვილმა 06.07.10წ. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც ამავე სასამართლოს 28.06.10წ. განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.10წ. განჩინებით ა. ღ-შვილს განესაზღვრა საპროცესო ვადა მითითებული ხარვეზის შესავსებად განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან 10 დღე.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ა. ღ-შვილის განცხადება არ პასუხობდა სსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს და სსკ-ის 39.1 მუხლის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც ა. ღ-შვილს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სასამართლოსთვის წარედგინა სსკ-ის 427.1 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით შედგენილი განცხადება და სახელმწიფო ბაჟის – 100 (ასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება დედნის სახით.
ა. ღ-შვილმა ხარვეზის შევსების მიზნით 09.08.10წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც ხარვეზის შევსებულად მიჩნევა და განცხადების საფუძვლების გამოკვლევის მიზნით საქმის არსებითი განხილვის თარიღის დანიშვნა მოითხოვა.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაეკისრებინა მისთვის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების Aშესახებ განცხადებაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის გადახდა, ვინაიდან მის მიერ სარჩელი აღძრულია უმუშევრის შემწეობის გაცემის მოთხოვნით, რაც წარმოადგენს სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელს და სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდევინება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ა. ღ-შვილის განცხადება არ პასუხობს სსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა”-”ე” ქვეპუნქტების მოთხოვნებს, განჩინება არ შეიცავს მითითებას იმის შესახებ თუ რაში მდგომარეობს განცხადების ხარვეზი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.08.10წ. განჩინებით ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ა. ღ-შვილის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.10წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განმცხადებლის – ა. ღ-შვილის მიერ არ იქნა შევსებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.10წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზი, კერძოდ არ იქნა წარდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, აგრეთვე სახელმწიფო ბაჟის _ 100 (ასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება დედნის სახით. ასევე არ იქნა წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების ან/და გადავადების ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რის გამოც ა. ღ-შვილის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.10წ. განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.08.10წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-შვილმა, რომელმაც აღნიშნუილი განჩინების გაუქმება და მისი 06.07.10წ. განცხადების არსებითად განხილვა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ვინაიდან მისი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ წარმოდგენილია მის მიერ უმუშევრად დარეგისტრირებისა და უმუშევრის შემწეობის დანიშვნის შესახებ 29.08.05წ. აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაეტოვებინა განუხილველად მისი განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა აკმაყოფილებდეს სსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა”-”ე” ქვეპუნქტებს. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ ა. ღ-შვილს ისე დაავალა წარედგინა სსკ-ის 427.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადება, რომ არ მიუთითებია განცხადება აღნიშნული ნორმის რომელი ქვეპუნქტით დადგენილ წესს არ აკმაყოფილებდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ა. ღ-შვილის სასარჩელო განცხადება აღძრულია უმუშევრად რეგისტრაციისა და უმუშევრის შემწეობის დანიშვნის მოთხოვნით, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად წარმოადგენდა ამ საქმეზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ აღძრულ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს, ვინაიდან სარჩელის მოთხვნა უკავშირდებოდა სოციალური სახის დახმარების გაცემას სააპელაციო სასამართლოს არ უნდა განესაზღვრა ხარვეზი ბაჟის გადასახდელად. ზემოაღნიშნულთან ერთად, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ა. ღ-შვილის განცხადება სააპელაციო სასამართლომ განუხილველად დატოვა არა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მას არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, არამედ იმის გამოც, რომ იგი არ პასუხობდა კანონით (სსკ-ის 427-ე მუხლით) გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საპროცესო კანონმდებლობის თანახმად საქმის წარმოების განსაახლებლად უნდა არსებობდეს ყველა ის წინაპირობა, რომლებიც განცხადების დასაშვებობას განსაზღვრავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით დადგენილია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლები. 427.1 მუხლი განსაზღვრავს განცხადების შინაარსს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება. სსკ-ის 429-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო თავისი ინიციატივით ამოწმებს საქმის განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობას. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავის განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. ა. ღ-შვილის განცხადება არ აკმაყოფილებდა სსკ-ის 427-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვინაიდან განცხადება არ შეიცავს ამ მუხლით გათვალისწინებულ საქმის განახლების საფუძვლებზე მითითებას, შესაბამისად არ არსებობდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის წინაპირობები. ამასთანავე, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას ისეთ გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე), რომელიც ჯერ არ შესულა კანონიერ ძალაში (სსკ 423-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში ა. ღ-შვილს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.10წ. განჩინება 30.06.10წ. ჩაბარდა, ხოლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება 06.07.10წ. წარადგინა აღნიშნული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრებისათვის დადგენილ 12 _ დღიან ვადაში, რაც ასევე გამორიცხავდა სააპელაციო სასამართლოს 28.06.10წ. განჩინებაზე შეტანილი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.10წ. განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.10წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.